ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფოთის პორტი A.P. Moller-Maersk Group ხელში გადავიდა


ფოთის ნავსადგური

არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმსხვილესმა ინვესტორმა საქართველოში "რაკ ჯორჯიამ" ფოთის პორტის აქციათა 80 პროცენტი გაყიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაადასტურა, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციების საკონტროლო პაკეტი კომპანია APM Terminals-მა შეიძინა, რომელიც დანიური გიგანტის A.P. Moller-Maersk Group–ის შვილობილი კომპანიაა.

APM Terminals მსოფლიოს პორტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპერატორია. თავის მხრივ "რაკ ჯორჯია" მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ფოთის პორტის გასხვისების საკითხზე არაბული კომპანია მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აწარმოებს. ეკონომიკის მინისტრმა ვერონიკა ქობალიამ განაცხადა, რომ APM Terminals ნავსადგურში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს

APM Terminals-ს ექნება დამატებითი ვალდებულება ჩადოს 65 მილიონი დოლარის ინვესტიცია პორტის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. რაც შეეხება „რაკია საქართველოს“ , ეს არაბული კომპანია 2012 წლის ბოლომდე დაასრულებს ფოთის აეროპორტის მშენებლობას.“

არაბულ "რაკიინმა“ ფოთის პორტის 51 პროცენტიანი წილი, 49-წლიანი მართვის უფლებით, 2008 წლის აპრილში იყიდა. მოგვიანებით, კომპანიამ აქციათა 49 პროცენტიც შეისყიდა. სულ არაბებს პორტი 155 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება რის გამოც "რაკიას" პორტი გადაეცა, ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობას ითვალისწინებდა. "რაკ ჯგუფში" აცხადებდნენ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში კომპანიამ 2008 წლიდან სერიოზული ინვესტიციები განახორციელა, თუმცა თავისუფალი ზონის გახსნა უკვე მეშვიდედ გაიდაიდო.

წარუმატებლობის მთავარი იმ მიზეზი, ის არის, რომ ინვესტორები ზომაში მუშაობის დაწყებას არ ჩქარობენ. ფოთის პორტის გენერალური დირექტორი, „რაკიას“ წარმომადგენელი რონი სააბი ამბობს

„რაკიას აქვს მოლაპარაკება დიდ კომპანიებთან, რომელიც პორტის აქციების დიდი უმრავლესობის გასხვისებას ითვალისწინებს. უკვე გვქონდა შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან და მათგან თანხმობაც მივიღეთ, რომ გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა.

თუმცა მოლაპარაკებები ამ დროისთვის დასრულებული არ არის. ახალი ინვესტორი იზრუნებს ინფრასტრუქტურის, პორტის აღჭურვილობის განვითარებაზე და ტვირთების გადაზიდვის ახალ ტექნოლოგიებზე.“

ინ­ფორ­მა­ცია იმის შესახებ, რომ არა­ბუ­ლი კომ­პა­ნია "რა­კი­ა" ფო­თის პორტი­დან გადის ჯერ კიდევ 2010 წელს გავ­რ­ცელ­და. მა­შინ კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ჰა­ა­ტერ მა­სა­დმა ღიად აღნიშნა, რომ პორ­ტის აქ­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟებ­ზე გა­ტა­ნა იგეგ­მე­ბო­და.

მთავარ მი­ზე­ზად არაბებმა პორ­ტის არას­ტ­რა­ტე­გი­უ­ლობა დაასახელეს. „რაკ ჯორჯიამ“ უკვე წელს განაცხადა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია გრძელდება და შესაბამისად რთულია ინვესტიციების მოძიება. არაბების მტკიცებით, ეს არის ერთ–ერთი ფაქტორი, რომელიც თავისუფალი ეკონომიკური ზონების დატვირთვას ხელს უშლის.

„რაკიამ“ წელს ფოთის ზონის ორი პრეზენტაცია გამართა - მუმბაისა და ლონდონში. საქართველოს ხელისფლება იმედოვნებს რომ ფოთის პორტის ირგვლივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარე გიორგი მელაძე ამბობს

„ახალი ინვესტიცია ძირითადად მოხმარდება ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, პორტი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რაც რა თქმა უნდა გამოიწვევს პორტში ტვირთბრუნვის გაზრდას“.

არაბულ კომპანიას თავიდან ფოთის ნავსადურთან მიმართებაში დიდი გეგმები ჰქონდათ, თუმცა საბოლოო ჯამში პორტის აქციების გაყიდვა გადაწყვიტა. ექსპერტთა აზრით, ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა 2008 წლის აგვისტოს ომმა და ასევე ყაზახეთის და აზერბაიჯანის მთავრობების გადაწყვეტილებამ, რომლებმაც ომის შემდეგ, ფოთში მასშტაბური პროექტები შეაჩერეს. „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ დირექტორი არჩილ მამათელიშვილი ამბობს

„ის ფაქტი, რომ ესეთი დიდი კომპანია, როგორიც არის A.P. Moller-Maersk Group–ის შვილობილი დაინტერესებულია რომ საქართველოში იმუშავოს, ნიშანია იმისა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ინფრასტრუქტურაში, სატრანსპორტო ინდუსტრიაში განვითარების და ინვესტირების პერსპექტივებს. A.P. Moller-Maersk Group ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია მსოფლიოში ამ მიმართულებით.“

ფოთის პორტის აქციების გაყიდვის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ფორმდება. APM Terminals რომელმაც „რაკიასგან“ პორტის აქციების 80 პროცენტი შეიძინა ოფიციალურ განმარტებებს დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გააკეთებს. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა თანხად დათმო „რაკიამ“ 155 მილიონ დოლარად ნაყიდი ფოთის პორტი.

XS
SM
MD
LG