ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ეკონომიკაში კრიზისის ნიშნებია


დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ცვლილება 2012 წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ნიშნები შეინიშნება, თუმცა მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს კრიზისი არ არის.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:51 0:00
ბმული


მაისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლმა 0 პროცენტი შეადგინა; დამატებითი ღირებულების გადასახადიდან შემოსული თანხა კი 6,2 პროცენტით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ დღგ-ის ბრუნვის ნაწილში, ბიუჯეტს 80 მილიონი ლარი დააკლდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის EPRC ცენტრის ანალიზის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება დაგეგმილ მოცულობებს, რაც სერიოზულ დანაკლისს გამოიწვევს ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილშიც.

ცენტრის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2013 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ბიუჯეტს გადასახადების მუხლში - 265 მილიონ ლარზე მეტი დააკლდება. ამ საგანგაშო ტენდენციის გაგრძელების პირობებში კი, წლის ბოლომდე ბიუჯეტისთვის დაკლებული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც შესაძლოა, ბიუჯეტის სეკვესტრის საფუძველიც გახდეს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ამბობს:

„ასეთი კრიზისული სიტუაციების გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს. პირველი - მთავრობამ უნდა აქტიურად შეძლოს ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და თუ მთავრობა ამას ვერ ახერხებს და ინვესტიციები შეზღუდულია, აუცილებელია, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდეს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის განხორციელება მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ამ გზამ შესაძლოა გამოგვიყვანოს ამ კრიზისული სიტუაციიდან.“

ეკონომიკის ექსპერტთა აზრით, ორხელისუფლებიანობა, გართულებული კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მიმდინარე თუ მოსალოდნელი მსხვილი ბიზნესების დაბრუნება-გადანაწილების პროცესი, უცხოური ინვესტიციების შემცირება, ახალი შრომის კოდექსი, ახალი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდები და ახალი მთავრობის ზოგიერთი გაურკვეველი მესიჯი, მთლიანობაში, საქართველოში ეკონომიკის შემცირების საფუძველი გახდა.

საქართველოს ახალი მთავრობა ასევე აპელირებს მეზობელ თურქეთში მიმდინარე საპროტესტო ტალღაზე, რომელიც ამ დრომდე არ ცხრება. ფინანსთა მინისტრის აზრით, „ეს მოვლენები გავლენას ახდენს თურქეთის ეკონომიკაზე, რაც ბუნებრივად აისახება საქართველოში ეკონომიკურ პროცესებზე.“

ამასთან, ნოდარ ხადური სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა არ ამხელს რა გზით აპირებს დეფიციტის შევსებას. მინისტრი ხაზს უსვას, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი არ არის:

„არ შეიძლება იმ სიტუაციას, რომელიც არის საქართველოში კრიზისი დავარქვათ. არის ეკონომიკის ზრდის ტემპები, მაგრამ ისინი შეფერხებულია. ამის სტატისტიკური მონაცემები არსებობს. ამასთან, არის ბევრი კარგი პერსპექტივა, მათ შორის ინვესტიციების თვალსაზრისით. იქ სადაც კრიზისია, ინვესტორები არ მიდიან.“

საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი - 7 422 000 000 ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - 7 255 000 000 ლარით არის განსაზღვრული. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 6 პროცენტი იყო.

საქართველოს მთავრობას უკვე მოუხდა 6 პროცენტიანი ზრდის პროგნოზის კორექტირება. გასულ თვეში, ეროვნულმა ბანკმა ზრდის პროგნოზი 6%-დან 4%-მდე დასწია. მანამდე იგივე გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკმა და Standard and Poors-მა პროგნოზი 3,5 პროცენტამდე დასწიეს. Fitch-მა კი სულაც 3 პროცენტამდე. სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის დირექტორი მატეო ნაპოლიტანო ამბობს:

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება იმანაც გამოიწვია, რომ ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებისთვის მკაფიო და გასაგები არ არის. ამის გამო მათ გადაწყვეტილების მიღება გადადეს.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს. ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეიძლება დაუბრუნდეს 6-7 პროცენტიან მაჩვენებელს, როგორც წინა წლებში იყო.
ეს რა თქმა უნდა, არ მოხდება 2014 წელს, მაგრამ, თუ საქართველოს მთავრობა ზუსტად განსაზღვრავს ეკონომიკის პოლიტიკის პრიორიტეტებს, იმპორტზე დამოკიდებულება დაიკლებს და გეოპოლიტიკური რისკები შემცირდება, მაშინ ზრდის მაჩვენებელი ბუნებრივ განაკვეთს დაუბრუნდება.“

საერთაშორისოს სავალუტო ფონდის აზრით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დროებითი იქნება, თუ ახალი მთავრობა მონეტარული და ფისკალურ პოლიტიკით განსაზღვრულ ზომებს დროულად მიიღებს და უფრო გასაგებს გახდის ეკონომიკური პოლიტიკის დეტალებს.

განსაკუთრებით ბევრი შეკითხვები არსებობს, პრემიერ ივანიშვილის ინიციატივით დაარსებული - სამი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მიმართ, სადაც მთავრობა, შეღავათიანი პირობებით, ჯერჯერობით, გაურკვეველი წარმოშობის, ათობით მილიარდი დოლარის კერძო კაპიტალის მობილიზებას გეგმავს.




.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG