ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მთავრობა ძველის დაწყებულს აგრძელებს


გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგურის პროექტი

ანაკლიის ნავსადგურის შემდეგ, ივანიშვილის მთავრობამ, გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობასაც მწვანე შუქი აუნთო

თურქული ენერგეტიკული კომპანია „ჩალიქ ენერჯი“ (Çalık Enerji), რომელიც თურქი მილიარდერის აჰმედ ჩალიკის მფლობელობაშია, ჰოლდინგს კი თურქეთის პრემიერის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძე - ბერათ ალბაირაკი მართავს, გარდაბანში, ახალ, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს ააშენებს.

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თურქ მილიარდერს აჰმედ ჩალიკს თბილისში, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში შეხვდა. მოგვიანებით, თურქული გიგანტი „ჩალიქ ჰოლდინგი“, რომლის შვილობილიც არის „ჩალიქ ენერჯი“, პრემიერ ივანიშვილის მიერ დაარსებული თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

ფონდი, როგორც ცნობილია ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის გაგრძელებას დააფინასებს. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე საუბრისას აჰმედ ჩალიქმა კერძოდ ბრძანა:

„საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობით ძალიან გახარებულები ვართ. გვინდა რომ ქართულ ბაზარზე უფრო აქტიურები ვიყოთ, ბევრი მიმართულებით. მჯერა საქართველოს პოტენციალის და ენერგიის.“

ქართული მხრიდან პროექტში, საქართველოს მთავრობის მიერ, 2011 წელს დაარსებული საპარტნიორო ფონდი და მისი შვილობილი - სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ მონაწილეობენ.

წინასწარი ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 210 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს. გარდაბნის თბოლექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული მემორანდუმის გაფორმების გამო, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამბობს:

„საინვესტიოციო ღირებულება 213 მილიონი იქნება. მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ ახალი თბოელექტროსადგური უახლესი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.

თავად განსაჯეთ, იგივე მოცულობის გაზით, რომელსაც საქართველოში დღეს არსებული თბოელექტროსადგურები მოიხმარენ, გარდაბანს 50 პროცენტით მეტი გამომუშავება ექნება. ეს ჩვენი ენერგეტიკის მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა წინა მთავრობის იდეაა. თავდაპირველად, პროექტში ჩართული იყო თურქული კომპანია „მამსან ჯგუფი“ (Mamsan Group) , რომელთანაც შარშან, თებერვალში, მემორანდუმი, უკვე სამი მოწვევის პარლამენტის წევრის, დავით ბეჟუაშვილის მფლობელობაში მყოფმა - „საქართველოს ინდისტრიულმა ჯგუფმა“ გააფორმა.

ახალ თბოელექტროსადგურს ტყიბულის „საქნახშირის“ ნედლეულზე უნდა ემუშავა, რომელიც ასევე ბეჟუაშვილის საკუთრებაა.

უკვე, 2012 წლის აგვისტოში, გარდაბანის პროექტში „ჩალიქ ენერჯი“ ჩნდება. ქვანახშირს კი ბუნებრივი აირი ენაცვლება. 2 აგვისტოს, თურქეთში, „ჩალიქ ჰოლდინგის“ მთავარ ოფისში, ურთიერთგაგების მემორანდუმი გარდაბნის თბოელექტროსადგურთან დაკავშირებით, ჰოლდინგის მფლობელმა აჰმედ ჩალიქმა და საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ნიკა გილაურმა, ასევე მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გააფორმეს. საუბარი მაშინაც 200 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე იყო.

საბოლოოდ, საპატრნიორო ფონდის წინა ხელმძღვანელის დაწყებული პროექტის გაგრძელება, ფონდის ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი კოვზანაძეს მოუხდა, რომელიც ამბობს:

„მსგავსი კალიბრის თბოელექტრსადგური დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პრაქტიკულად პირველად შენდება. გამოყენებული იქნება „ჯენერალ ელექტრიკის“ ტურბინები, ეს იქნება 230 მეგავატი ენერგიის თბოელექტოსადგული, ანუ, ჩვენ 2015 წელს, საქართველოს ენერგოსისტემისთვის, დამატებით 230 მეგავატის სიმძლავრეს მივიღებთ.“

გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის ორგანიაზაციები ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ, ვინაიდან, ჯერ არ არსებობს პროექტის „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ დოკუმენტი.

მწვანეებმა თავის დროზე კრიტიკულად შეაფასეს ტყიბულში 300 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელსაც ადგილობრივ ქვანახშირზე უნდა ემუშავა. ამ პროექტის განხორციელებას პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილის, ჯერ პრეზიდენტ შევარდნაძის, შემდეგ კი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ცდილობდა.

ეკოლოგთა შენიშვნებში ნათქვამი იყო, რომ ტყიბულის თეს-ის პროექტიმკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაერო- კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მხარეთა წინაშე აღებულ ვალდებულებებს“.

ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ტყიბულის ძველი პროექტის „გაცოცხლების“ შესაძლებლობასაც განიხილავს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG