ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბათუმის „ტრამპ თაუერს“ „სილქ როუდი“ ააშენებს


დონალდ ტრამპის ავიალაინერი თბილისის აეროპორტში
დონალდ ტრამპის ავიალაინერი თბილისის აეროპორტში

ვინ გაიღებს 250 მილიონიან ინვესტიციას, ჯერჯერობით უცნობია

ბათუმში 47 სართულიანი ცათამბჯენის „ტრამპ თაუერი“ მშენებლობა 2013 წელს უნდა დაიწყოს და 2014 დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს - ამის შესახებს საქართველოში ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.

ტრამპი საკუთარი თვითმფრინავით ეწვია ჯერ თბილისს, შემდეგ კი ბათუმს. მეგა პროექტის ოპერატორი ქართული კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია“, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტშია წარმოდგენილი, მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზეც. ივლისში, „სილქ როუდმა“ ბათუმში, „რედისონის“ ბრენდის ქვეშ, მაღალი კლასის სასტუმრო გახსნა.

დონალდ ტრამპი, პრეზიდენტი სააკაშვილი და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი ბათუმში
დონალდ ტრამპი, პრეზიდენტი სააკაშვილი და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი ბათუმში

სავაჭრო ნიშნის გამოყენება მოხდება ამჯერადაც. ტრამპის ბრენდით სარგებლობის შესახებ შეთანხმება დონალდ ტრამპსა და "სილქ როუდს" შორის, შარშან, მარტში ნიუ იორკში გაფორმდა.

ამის მიუხედავად, მთვარობის კონტროლირებადი მედია საშუალებები იუწყებოდნენ, რომ თითქოს 250 მილიონ აშშ დოლარს, ბათუმის „ტრამპის“ მშენებლობაში თავად დონალდ ტრამპი ჩადებდა. „სილქ როუდ ჯგუფის“ პრეზიდენტს გიორგი რამიშვილს სპეციალური ახსნა-განმარტების გაკეთებაც კი დასჭირდა:

საქართველოში შემოდის ბრენდი და მისი მფლობელია „სილქ როუდ ჯგუფი“. რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს არის ჩვენი პროექტი. „სილქ როუდი“ აკეთებს ამ პროექტის როგორც დაფინანსებას, ისე განხორციელებას. არ ღირს ამ თემაზე თვითონ ტრამპთან ყურადღების გამახვილება, რამდენ ფულს დებ შენ, ან არ დებ ან რას აპირებ.
გიორგი რამიშვილი, ბიზნესმენი

„ტრამპის პროექტი ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. საქართველოში შემოდის ბრენდი და მისი მფლობელია „სილქ როუდ ჯგუფი“. რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს არის ჩვენი პროექტი. „სილქ როუდი“ აკეთებს ამ პროექტის როგორც დაფინანსებას, ისე განხორციელებას. თუ ვინ იქნება აქ მონაწილე, რომელი ჯგუფები, რომელი ინვესტორები ამას ჩვენ დეტალურად მოგვიანებით მოგახსენებთ.

არ ღირს ამ თემაზე თვითონ ტრამპთანაც ყურადღების გამახვილება, რამდენ ფულს დებ შენ, ან არ დებ ან რას აპირებ. ეს კაცი ჩვენთან ერთად აკეთებს პროექტს, როგორ განვითარდება მოვლენები ამას მოგვიანებით გეტყვით.“

ბათუმის „ტრამპ თაუერის“ პროექტზე „სილქ როუდის“ დაკვეთით ნიუ იურკში მდებარე, ჯონ ფოტიადისის არქიტექტურულმა ბიურომ იმუშავა, რომელსაც მსგავსი სამუშაო სტამბოლის „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის დროს აქვს შესრულებული.

ბათუმის პროექტის საერთო ფართობი 160 ათასი კვადრატული მეტრია და ის ქალაქის ნავსადგურის განაშენიანებასაც გულისხმობს. „სილქ როუდის“ დაკვეთით, იგივე არქიტექტორული ბიურო ჩართულია კახეთში, სოფელ წინანდალში, სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობაში.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში დონალდ ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა და ამერიკელი მილიარდერის მიმართ დითირამბები არ დაიშურა.

„რეალურად ახალი ამერიკა არის დონალდ ტრამპის აშენებული! ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრჯერ დასცინეს და გამოაცხადეს, რომ მისი საქმე დამთავრებულია და ყოველთვის დაბრუნდა უკან;

რომელმაც რამდენჯერმე დაკარგა ბევრი რაღაცა და შემდეგ ხელახლა აინაზღაურა და ბევრად მეტი მიიღო და რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა და არაფრის წინაშე არ გაჩერდება რომ მიიღოს ის რაც უნდა!

ეს ყველაფერი ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი და მისაღებია. ჩვენ ერთად ვაქცევთ ამ ქალაქს, როგორც ვთქვი - შავი ზღვის სინგაპურად! ან სინგაპურზე უფრო მაგარ ადგილად, ყველაზე მაგარ ადგილად!“

სააკაშვილი და ტრამპი, ბათუმში, "ტრამპ თაუერის" მშენებლობის პრეზენტაციაზე
სააკაშვილი და ტრამპი, ბათუმში, "ტრამპ თაუერის" მშენებლობის პრეზენტაციაზე

​რუსეთთან ხუთდღიანი ომის შემდეგ, რასაც უცხოური ინვესტიციების შემცირება მოჰყვა, საქართველოში მრავალი დიდი მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია. მათ შორისაა, „აქსის თაუერის“, ორი 33 სართულიანი ცათამბჯენი თბილისში, ვაკის პარკთან;

„რეალურად ახალი ამერიკა არის დონალდ ტრამპის აშენებული! ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრჯერ დასცინეს და გამოაცხადეს, რომ მისი საქმე დამთავრებულია და ყოველთვის დაბრუნდა უკან; რომელმაც რამდენჯერმე დაკარგა ბევრი რაღაცა და შემდეგ ხელახლა აინაზღაურა და ბევრად მეტი მიიღო; რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა და არაფრის წინაშე არ გაჩერდება რომ მიიღოს ის, რაც უნდა!
მიხეილ სააკაშვილი

ასევე თბილისში, სასტუმროები: „კემპინსკი“, „ინტერკონტინენტალი“ და „ჰაიატი“. არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანია „რაკიინის“ დაწყებული ან დაანონსებული მშენებლობები ტაბახმელაში, გონიოსა და ვარძიაში, სადაც „ვარძია პლაზა“ უნდა აშენებულიყო;

იგივე „სილქ როუდ ჯგუფის“ დაანონსებული 20-მდე მშენებლობა აჭარაში; „მწვანე ქალაქი“ ლისის ტბაზე და კახი კალაძის „არსენალი სითის“ პროექტი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და მთავრობასთან დაპირისპირების გამო საერთოდ ჩავარდა.

უმრავლესობა, ამ მშენებლობებიდან არც კი დაწყებულა და უცნობია დაიწყება თუ არა საერთოდ. „ტრამპ თაურთან“ და მრავალმილიონიან ინვესტიციებთან დაკავშირებულ მოლოდინებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი გადაჭარბებულს უწოდებს:

„ძალიან გულწრფელი იყო და წესიერად მოიქცა გიორგი რამიშვილი, არ დაუწყია ტყუილები, სხვებისგან განსხვავებით, რომ ტრამპი დებს აქ ფულს და ა.შ. პირიქით, ჩემი აზრით, ტრამპს იქეთ გადაუხადეს ფული რომ აქ ჩამოსულიყო. თვითმფრინავში საწვავიც ამათმა ჩაუსხეს.

ძალიან გასაოცარი რამე ითქვა პრეზიდენტის მხრიდან, რომ ტრამპი უფრო პოპულარულია შეერთებულ შტატებში, ვიდრე ობამაო. როცა ტრამპის რებრედინგი ხდება საქართველოში ძალიან სასაცილოა.

რა თქმა უნდა, ის არის დიდი პიროვნება, თუმცა ცნობილი ავანტიურისტია. რამდენჯერმე გაკოტრდა, მერე ფული ისევ იშოვა. სააკაშვილმა ამაზეც ისაუბრა და რატომღაც დადებით კონტექსტში.“

შარშან მარტში, როცა „სილქ როუდ ჯგუფსა“ და დონალდ ტრამპს შორის ნიუ იორკში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, გაცხადდა, რომ ბათუმის გარდა, „ტრამპ თაუერი“ საქართველოს დედაქალაქშიც უნდა აშენებულიყო, თუმცა, დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ გეგმები შეიცვალა და თბილისის „ტრამპ თაუერი“ მხოლოდ და მხოლოდ მომავლის პერსპექტივაა.

XS
SM
MD
LG