ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ისევ ამერიკელი რესპუბლიკელების იმედი აქვთ


სენატორი მაკკეინი და პრეზიდენტი სააკაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შუალედურ არჩევნებს, რომელიც მომავალ კვირას, მთელ მსოფლიოში, ნომერ პირველი პოლიტიკური თემა იქნება, უდიდესი ინტერესით ელიან თბილისშიც.

ამერიკის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელი კანდიდატის ჯონ მაკკეინის მარცხით იმედგაცრუებული საქართველოს მმართველი ელიტა, ამჯერად საკუთარი სიმპათიის ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებს, თუმცა არაოფიციალურად ცნობილია, რომ თბილისში დიდი იმედი აქვთ, რომ ამერიკელი რესპუბლიკელები სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში ხმების უმრავლესობას მოიპოვებენ.

პრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლი და აქტიური მხარდამჭერი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ გამგეობის თავჯდომარე ლევან რამიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ხსნის, თუ რატომ არიან საქართველოში ამერიკელი რესპუბლიკელები დემოკრატებზე უფრო პოპულარულები.

„ამერიკელი რესპუბლიკელების მიმართ, საქართველოში და ზოგადად, საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ხალხების სიმპათია ისტორიული ფაქტორებითაც არის განპირობებული.

რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი ის პრეზიდენტი იყო, რომელმაც დაანგრია ბოროტების იმპერია. მაგრამ, ამას კიდევ უფრო კონკრეტული მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს.

შეგვიძლია გავიხსენოთ, ბოლო ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ერთდროულად ცდილობდა ამბიციური საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარებას - ლინდონ ჯონსონი; ის, ერთის მხრივ, ქვეყნის შიგნით, არაპოპულარულ მემარცხენე მიმართულების რეფორმებს ატარებდა, ამის პარალელურად, კი ჩართული იყო ვიეტნამის ომში და ჰქონდა აქტიური საგარეო პოლიტიკა, რომელიც კომუნისტური ექსპანსიის შეჩერებას ცდილობდა. ეს სრული კრახით დამთავრდა და მეორე ვადით კენჭი ვეღარ იყარა, იმდენად არაპოპულარული იყო და პრეზიდენტი გახდა ნიქსონი.

ამის შემდეგ, როგორც წესი, ერიდებიან ხოლმე, მთავრობის გააქტიურებას ერთდროულად შიდა და გარე ფრონტზე. ამიტომ, იგივე ბარაქ ობამა, რომელიც ძალიან რადიკალურ მემარცხენე რეფორმებს ატარებს, ამ ფონზე კიდევ აქტიური საგარეო პოლიტიკა რომ გაატაროს, ახლაც ძალიან არაპოპულარულია და არსებობს საფრთხე, რომ ლინდონ ჯონსონის ბედი შეიძლება გაიზიაროს. ვინაიდან მისი მთავარი პრიორიტეტები ქვეყნის შიგნით არის. ის ცდილობს, რომ ქვეყნის გარეთ ერთგვარად „გაყინოს" ვითარება, რომ არ მოუხდეს ყურადღების გადართვა შიდა პრობლემატიკიდან რაიმე საერთაშორისო კრიზისზე.

პრობლემა ის, არის რომ კონფლიქტების „გაყინვა“ ჩვენს მაგალითზეც გამოჩნდა კარგად, რომ არის ილუზორული. ეს კონფლიქტები რეალურად „გაყინვას“ არ ექვემდებარება და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ახალი ძალით იფეთქოს. ამიტომ, ამ გადატვირთვის პოლიტიკის გამო არის საკმაოდ დიდი შიშები, არა მარტო საქართველოში, არამედ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.“

კონგრესის არჩევნებზე, ამერიკელ რესპუბლიკელებს უჭერს მხარს ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილიც, მათ შორისაა საქართველოს რესპუბლიკური პარტია.

თუმცა, რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი არ ფიქრობს, რომ კონგრესში რესპუბლიკური პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, თეთრი სახლის ამჟამინდელ ადმინისტრაციის დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, იმაზე მეტად თბილი იქნება, ვიდრე დღეს არის. დავით ბერძენიშვილი ამბობს

„ამ შემთხვევაში, ეს რესპუბლიკელების და დემოკრატების საკითხი არ არის. სააკაშვილს ჰქონდა უკეთესი ურთიერთობა ყოფილ ადმინისტრაციასთან, ამერიკული პოლიტიკაში მის წარმომადგენლებთან დიკ ჩეინისთან, ჯონ მაკკეინთან;

მე არ ვფქირობ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ ამერიკაში შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ. არის სტანდარტი - საქართველოს ეხმარებიან; ჰილარი კლინტონის და ჯო ბაიდენის დონეზე არის კონტაქტები სააკაშვილთან, ბარაქ ობამასთან არ არის კონტაქტები. ასევე გაგრძელდება.

მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ რესპუბლიკელები მოიგებენ, ბალანსი აღდგება ამერიკის ხელისუფლებაში. როდესაც ერთი პარტიისა პრეზიდენტიც, სენატიც და კონგრესიც, ეგ ჩვეულებრივ არ არის საუკეთესო ვარიანტი.“

გაგრძელდება თუ არა თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაში, პრეზიდენტ ბარაქ ობამას და დემოკრატიული პარტიის მიერ წამოწყებული „გადატვირთვის“ პოლიტიკა, თუ დაიწყება „გადატვირთვის გადატვირთვა“?!

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი, ნაწილობრივ, 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებიც იქნება. თუმცა, კარდინალურ ცვლილებებს ქართველ ექსპერტთა უმრავლესობა არ ელის. მათ შორისაა, პროფესორი ვასილ კაჭარავა, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი

„მგონია, რომ საგარეო პოლიტიკა ასე მალე და ადვილად არ იცვლება. გახსოვთ, რომ რესპუბლიკელები თითქოს კავკასიაში უფრო აქტიური პოლიტიკის მომხრენი იყვნენ, შედარებით რასაკვირველია, მე უფრო მგონია, რომ უფრო სტილში იყო განსხვავება და არა შინაარსში.

ამიტომ, არა მგონია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს, მით უმეტეს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ იცვლება. იგივე რესპუბლიკელი კონგრესმენები თავისი აქტიური პროქართული პოლიტიკით, ისევე აქტიურები იქნებიან და შეიძლება კიდევ უფრი გააქტიურდნენ თუ ვინმე კიდევ დაემატებათ.“

საქართველოს მმართველი ელიტა ელოდება, რომ კონგრესის დაკარგვის შემთხვევაში დემოკრატი პრეზიდენტი ობამა იძულებული გახდება საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოს.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, იარაღის მიყიდვაზე არაოფიციალური ემბარგოს, ფინანსური დახმარებისა და ნატოს გაფართოების საკითხებზე. ლევან რამიშვილი ამბობს

„თუკი ეხლა დემოკრატები დამარცხდებიან კონგრესის არჩევნებზე, შესაბამისად ობამას აღარ ექნება შესაძლებლობა მემარცხენე რეფორმები, რაც მას ჩაფიქრებული ჰქონდა, განახორციელოს, შეიძლება, ამან ერთგვარი გააქტიურება მოახდინოს მისი საერთაშორისო მიმართულებით.

საქართველოს რამდენად შეეხება ეს, აქ უბრალოდ, არის გარკვეული ალბათობა. ბალკანური კრიზისი პრაქტიკულად მოგვარებულია და ევროპაში ყველაზე ცხელი წერტილი არის საქართველო. უნდა შევეცადოთ, რომ რეალისტური საგარეო პოლიტიკა გავატაროთ და ის, შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს საჩვენოდ გამოვიყენოთ.“

თბილისში ასევე იმედოვნებენ, რომ შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელების გამარჯვებას, მალევე მოჰყვება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ სპეციალური რეზოლუციის მიღება, რომელიც რუსეთს აფხაზეთსა და ცხვინვალის რეგიონში ოკუპანტის სტატუსს მიანიჭებს.

ოფიციალური წყაროს ცნობით, სექტემბერში, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს უკვე ჰქონდა ამ საკითხზე კონსულტაცია რესპუბლიკელი კონგრესმენების ჯგუფთან, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში სტუმრობის დროს.

XS
SM
MD
LG