ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მისია მთვარეზე და კოსმოსში კონკურენციის ახალი დასაწყისი - რუბრიკაში “გალილეო”


2019 წლის პირველივე დღეებში კოსმოსის შესწავლის საქმეში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 1 იანვარს, ახალი წლის დადგომიდან ნახევარ საათში, ნასას კოსმოსური ზონდი პირველად მიუახლოვდა დედამიწიდან ყველაზე შორს მდებარე კოსმოსურ ობიექტს, რომელიც ადამიანის ხელით შექმნილ აპარატს როდესმე შეუსწავლია. ზონდმა New Horisons (ახალი ჰორიზონტები) ჩაუფრინა ობიექტს სახელწოდებით 2014 MU69 (Ultima Thule).

3 იანვარს კი ჩინეთმა მთვარის ჯერ კიდევ შეუსწავლელ, მის შორეულ მხარეს კოსმოსური ზონდი წარმატებით დასვა. იმის მიუხედავად, რომ მთვარე დედამიწიდან მილიონი მილის მეოთხედ მანძილზე იმყოფება, მაშინ როცა ნასას ზონდი დაახლოებით 4 მილიარდი მილით დაცილებულ ობიექტს სწავლობს, დღეს ყურადღებას ამ მეორე ფაქტზე გავამახვილებთ.

აი, რატომ: ჩინეთის კოსმოსური ზონდის მთვარის შორეულ მხარეზე დაჯდომა შესაძლოა ამერიკისთვის საფუძველს უყრიდეს კოსმოსში ახალი, მაგრამ პოტენციურად ძლიერი კონკურენტის გამოჩენას. თუ ცივი ომის დროს კოსმოსის შესწავლას და ათვისებას ძირითადად ამერიკა-საბჭოთა კავშირის კონკურენცია ასტიმულირებდა, 21-ე საუკუნის დასაწყისში, ასპარეზზე ჩინეთი გამოდის და ის თავს ჯერჯერობით, მყარად იმკვიდრებს.

დავიწყოთ იმით, რომ მედიაში ფართოდ გამოყენებული “მთვარის ბნელი მხარე” სწორი არ არის, თუმცა ირონიით თუ ვიხმართ, მაშინ დასაშვები იქნება. ეს ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფის “პინკ ფლოიდის” რიგით მერვე ალბომის სახელწოდებაა და მთვარის ფიზიკურ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

სამეცნიერო უზუსტობაა იმის თქმა, რომ ჩინეთმა ზონდი მთვარის ბნელ მხარეს დასვა, რადგან მთვარის ეს ნაწილი ბნელი არ არის, ის მზის სინათლესაც იღებს. უბრალოდ, ეს არის მთვარის შორეული მხარე, რომელსაც დედამიწიდან ვერ ვხედავთ და რომელიც ადამიანის მიერ ნაკლებად არის შესწავლილი. მთვარე საკუთარი ღერძის ირგვლივ შემობრუნებას დაახლოებით იმდენივე დროს ანდომებს, რამდენსაც დედამიწა. ამის გამო, ჩვენ მთვარის მხოლოდ ერთ ნახევარს ვხედავთ, რომელსაც მის ახლო მხარეს ვეძახით.

მთვარის შორეული მხრიდან რადიოსიგნალებით ინფორმაციის მიღება და გაგზავნაც ძნელია, რადგან ჩვენს და ამ მხარეს შორის მთვარის მთელი სხეულია. ამიტომ, ჩინეთმა კოსმოსური ხომალდით ზონდის გაშვებამდე, თანამგზავრის ამ ნაწილისკენ ჯერ სატელიტი გაუშვა. სატელიტი სახელად “კუეკაო” მთვარის შეუსწავლელი ნაწილისკენ 2018 წლის მაისში გაემართა. ის თანამგზავრის ორბიტაზე დაახლოებით სამ კვირაში შევიდა.

იმის მიუხედავად, რომ მთვარეზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათეულობით ზონდი დასვა და 6-ჯერ ადამიანთა ეკიპაჟებიც დასხა, მთვარის შორეულ მხარეს ადამიანს ფეხი ჯერ არ დაუდგამს. მთვარის ახლო მხარეს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, კოსმოსური ზონდი დასვა მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა, შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოგვიანებით კი ჩინეთმა, იაპონიამ და ინდოეთმა.

მისია “ჩანგ-4” მთვარეზე ხუთშაბათს, 3 იავარს, პეკინის დროით, დილის 10:26-ზე დაეშვა. ჩინეთი მისიას ეტაპობრივად ახორციელებს და 2030 წლამდე მთვარეზე ადამიანთა ეკიპაჟის დასმასაც გეგმავს. პირველი ფოტოები, რომელიც ჩინურმა როვერმა დედამიწაზე გამოაგზავნა, აჩვენებს, რომ მთვარის ეს ნაწილიც საკმაოდ განათებულია.

ფოტოების მიხედვით, დედამიწის თანამგზავრის ამ მხარეში ზედაპირი ქვიშასავით ფხვიერია. მეცნიერები დიდი აღფრთოვანებით ელიან მომდევნო ფოტოებს. ისინი ფიქრობენ, რომ იქაური ქვები სულ ცოტა, 4 მილიარდი წლის სიძველისაა და შესაძლოა, მზის სისტემის ადრეული პერიოდის ბევრ საიდუმლოს იტევდეს.

ნასამ მთვარის ეს მხარე კოსმოსიდან ფოტოებზე ადრეც აღბეჭდა, მათ შორის ყველაზე გახმაურებული ფოტოები საჯაროდ 2011 წელს გამოქვეყნდა. თუმცა, ასე ახლოდან გადაღების საშუალება ადრე არავის ჰქონია. ამას გარდა, ჩინეთი აცხადებს, რომ როვერმა მთვარეზე წაიღო აბრეშუმის ჭიის კვერცხები, კარტოფილის და მდოგვის თესლები. მათ აინტერესებთ გამოსცადონ და დააკვირდნენ, თუ როგორ გაიზრდებიან ისინი სუსტი მიზიდულობის ძალის პირობებში.

მთვარეზე გაფრენის გეგმები აქვთ არამარტო სახელმწიფოებს, არამედ ამერიკულ კერძო კომპანიებსაც. მოწინავეთა შორის არიან “ვირჯინ გალაქტიკი” და “სპეის-ექსი”. ამ უკანასკნელმა წელს კოსმოსში 19 გაფრენა განახორციელა, მას მიჰქონდა სასიცოცხლოდ აუცილებული ტვირთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და 2018 წლის ბოლოს ერთ-ერთი კოსმოსური ხომალდი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნითაც გაუშვა.

მთვარეზე ისევ გეგმავს გაფრენას ნასაც, შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო. ნასა აცხადებს, რომ მარსისკენ გზა მთვარეზე გაჩერებასაც მოიცავს, სადაც სააგენტომ შესაძლოა მიკრო კოსმოსური სადგურიც კი ააშენოს. ამ ეტაპზე სადგურის პროექტს “ღრმა კოსმოსის კარიბჭე” ჰქვია.

სადგურის მთვარეზე აგების კონცეფცია უკვე 5 წელია არსებობს, მაგრამ ახლა ეს გეგმები რეალური გახდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, 11 დეკემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ძალის მქონე დირექტივას, რომელიც ნასას მარსისკენ მარშრუტში მთვარესაც რთავს.

“ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც 1972 წლიდან პირველად, ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებისკენ არის გადადგმული, გრძელვადიანი შესწავლის და გამოყენებისთვის. ამჯერად ჩვენ [მთვარეზე] არამარტო დროშას ჩავარჭობთ და ჩვენს ნაკვალევს დავტოვებთ, არამედ საძირკველს ჩავუყრით მისიას მარსზე და შესაძლოა როდესმე მის მიღმაც, ბევრი სხვა სამყაროსკენ” - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ტრამპმა აღადგინა კოსმოსის ეროვნული სათათბირო (NSC), რომელიც ამერიკის პრეზიდენტს მიაწვდის რეკომენდაციებს კოსმოსის შესწავლის და ათვისების პოლიტიკასთან დაკავშირებით. მასში შედიან ნასას ასტრონავტები, რომელთა შორის “აპოლოს” მისიების მონაწილეები, მთვარეზე ნამყოფი ასტრონავტებიც არიან.

გასულ წელს პრეზიდენტმა ტრამპმა პენტაგონს კოსმოსის შეიარაღებული ძალების შექმნის მითითებაც მისცა. კოსმოსში განლაგებული რესურსების დასაცავად, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი კოსმოსური სარდლობის სტრუქტურას უკვე აყალიბებს.

კონგრესში დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკას სამხედრო ძალების მეექვსე სახეობა - კოსმოსური ძალები ეყოლება, რომელიც რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებაზე იმუშავებს. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 2018 წლის აგვისტოში, პენტაგონში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მეტოქე ქვეყნებმა “კოსმოსი ახალ საომარ სივრცედ აქციეს და შეერთებული შტატები ამ გამოწვევას არ გაექცევა”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG