ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსში ყოფნამ ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია შეცვალა - რუბრიკა „გალილეო“


მარცხნივ მარკ კელია, მარჯვნივ კი სკოტ კელი, რომელმაც კოსმოსში თითქმის წელიწადი დაჰყო. ნასას ფოტო

ნასას მიერ ჩატარებული ახალი კვლევის წინასწარი შედეგები სენსაციურია. ამერიკელი ასტრონავტის, სკოტ კელის გენები, მას შემდეგ რაც ის კოსმოსში ხანგრძლივად იმყოფებოდა, მისი იდენტური ტყუპისცალი ძმის გენებთან იდენტური აღარ არის.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ კოსმოსში ხანგრძლივად ყოფნა ადამიანის ორგანიზმზე დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ, ამჯერად საქმე ეხება მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაციის შეცვლას, თანაც საკმაოდ დიდ, 7-პროცენტიან ცვლილებას. მეცნიერებს ამ მოვლენის მოლეკულურ დონეზე შესწავლის საშუალება პირველად მიეცათ.

კვლევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ნასა (შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია) დაკვირვებას ასტრონავტ ტყუპ ძმებზე, სკოტ და მარკ კელიზე ატარებდა. სკოტმა კოსმოსურ სადგურზე ერთი წელი დაჰყო, მარკი კი ამ ხნის მანძილზე დედამიწაზე იმყოფებოდა.

კვლევის წინასწარი მონაცემებით, სკოტის დნმ-ში 7 პროცენტამდე მოდიფიკაციური ცვალებადობა დაფიქსირდა. გამომწვევ მიზეზად მეცნიერები გარემოს უჩვეულო პირობებთან ორგანიზმის ადაპტაციურ რეაქციას თვლიან. გენების აღნიშნულ 7 პროცენტს, მკვლევარებმა პირობითად „კოსმოსის გენები“ შეარქვეს. გენების ეს ჯგუფი ძირითადად იმუნურ სისტემასთან, დნმ-ის რეპლიკაციასთან, ძვლის ფორმირებასთან და ორგანიზმის რამდენიმე სხვა ფუნქციასთან არის კავშირში.

მიზიდულობის ძალის გარეშე, ადამიანის ორგანიზმში ყველა ორგანო მეტ-ნაკლებად ტივტივებს. იცვლება საჭმლის მონელების, ძილის და ბევრი სხვა ბუნებრივი პროცესი. ცვლილებებს ასევე იწვევს არასაკმარისი ჟანგბადის რაოდენობა. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მთელი რიგი ბიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, თანდათან ისევ მწყობრში ჩადგომას იწყებს. ზოგ ცვლილებას სულ რამდენიმე საათი სჭირდება, ზოგს კი ნორმაში ჩადგომისთვის დღეები, ან თვეები ესაჭიროება.

თუმცა, ეს არ მოხდა გენეტიკური ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში. ასტრონავტი სკოტ კელი დედამიწაზე ზუსტად 2 წლის წინ დაბრუნდა. მის დნმ-ში დაფიქსირებული მოდიფიკაციური ცვალებადობა გაფრენამდე არსებულ ჩვეულ ნორმაში აღარ ჩამდგარა. მეცნიერებმა ამ ეტაპზე არ იციან, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს ცვლილება, ან თუ დაბრუნდება ის როდესმე ნორმაში.

ერთ-ერთი საყურადღებო აღმოჩენა იყო ის, რომ სკოტის ტელომერების სიგრძე კოსმოსში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტელომერი არის ქრომოსომების ბოლოში არსებული სტრუქტურა, რომლის სიგრძეც ადამიანის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. ამის გამო, ტელომერებს ადამიანის ბიოლოგიური ასაკის მარკერებსაც კი უწოდებენ. დედამიწაზე დაბრუნებიდან სულ რაღაც ორ დღეში, სკოტის ტელომერების სიგრძე ისევ შემცირდა. თუმცა, ვიზუალურად, ორ ტყუპ ძმას შორის აშკარად გაჩნდა ასაკობრივი სხვაობა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად აღსაქმელია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მსგავსი ცვლილებები, ოღონდ გაცილებით მცირე დოზით და მცირე ხნით, ხდება მაშინ, როცა ორგანიზმი სტრესის ქვეშ იმყოფება, მაგალითად მაღალ მთაზე ასვლის, ან ღრმა წყალში ყვინთვის დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილებები კოგნიტური მიმართულებით არ დაფიქსირებულა.

კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია მარსზე პირველი მისიის გაგზავნისთვის უკეთ მოსამზადებლად. ნაშრომის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნება წლის განმავლობაში იგეგმება. ნასა ვარაუდობს, რომ სამეცნიერო გამოცემაში მათი კვლევა სულ რამდენიმე თვეში, ივნისის ბოლოს, ან ივლისის დასაწყისში გამოჩნდება.

კოლაბორაციულ კვლევაში ამერიკის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. ტელომერებზე სიუზან ბეილი მუშაობდა, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, კოსმოსში ტელომერების გაზრდის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს ინტენსიური ვარჯიშის და კალორიების მიღების შემცირების ხარჯზე მომხდარიყო.

გენეტიკურ მიმართულებას კორნელის უნივერსიტეტის სპეციალისტები სწავლობდნენ, კოგნიტურზე კი პენსილვანიის უნივერსიტეტის სპეციალისტები მუშაობდნენ. ემანუელ მინო, სტენფორდის უნივერსიტეტიდან, იმუნურ რეაქციებს აკვირდებოდა. მისი თქმით, ტყუპი ძმები ერთნაირად რეაგირებდნენ ვაქცინებზე როგორც კოსმოსში, ასევე დედამიწაზე.

კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის და თავად ნასას კოსმოსური ცენტრის ლაბორატორიის მეცნიერები. ნაშრომზე უახლესი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ნასას ვებგვერდზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG