ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2017 წლის 10 მთავარი სამეცნიერო მოვლენა - რუბრიკა „გალილეო“


2017 წელი მეცნიერებაში მრავალი საინტერესო სიახლით აღინიშნა. რუბრიკა „გალილეოს“ წლის შემაჯამებელ გამოშვებაში 10 მნიშვნელოვან მოვლენას გამოვყოფთ.

1. ადამიანის ემბრიონის რედაქტირება

ამერიკაში პირველად ჩატარდა ადამიანის ემბრიონის წარმატებული რედაქტირების ოპერაცია. უფრო ზუსტად, ემბრიონამდე, დე-ენ-ემში დაზიანებული გენის კორექცია მოხდა. მამაკაცი დონორის სპერმაში, „კრისპერ-კას 9“ (CRISPR/Cas9) ტექნოლოგიით, განაყოფიერებამდე ამოიღეს გულის თანდაყოლილი დაავადების მატარებელი, მუტირებული გენი. „კრისპერის“ პლატფორმის ავტორი ორი მეცნიერი ქალია: ჯენიფერ დუდნა ბერკლის უნივერსიტეტიდან და ემანუელა შარპენტიე მაქს პლანკის ინსტიტუტიდან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ წელს „კრისპერის“ ტექნოლოგიის საშუალებით მიღწეული ბევრი სხვა წარმატებით მედიცინა შესაძლოა შეიცვალოს და ახალი მიმართულებით განვითარდეს.

2. ვიზუალური გრავიტაციული ტალღები

ასტრონომებმა ორი ვარსკვლავის შეჯახების მომენტში გრავიტაციული ტალღები პირველად დაინახეს. პირველად ისტორიაში მოხდა ამ მომენტში გაჩენილი განათების ვიზუალური დაფიქსირება და კიდევ ერთი აღმოჩენა: გრავიტაციული ტალღების და სინათლის გავრცელების სიჩქარე ზუსტად ერთი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დროს წარმოიშობა მძიმე ელემენტები, როგორიცაა ოქრო და ურანი. შეჯახება 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მოხდა. გრავიტაციული ტალღების მოსმენა და ხმის ჩაწერა პირველად გასულ წელს გახდა შესაძლებელი, რითაც აინშტაინის საუკუნის წინანდელი თეორია დამტკიცდა.

3. უნიკალური კოსმოსური მინერალი დედამიწაზე

შოტლანდიის კუნძულზე გეოლოგებმა აღმოაჩინეს მინერალი, რომლის ანალოგი დედამიწაზე არ არსებობს და მხოლოდ კოსმოსიდან ჩამოტანილ მტვერშია ნაპოვნი. მისტიური მინერალი ვანადიუმით და ნიობიუმით მდიდარი ოსბორნიტია. კვლევა სულ ახლახან, 12 დეკემბერს გამოქვეყნდა ჟურნალში GeoScienceWorld. კრატერი, რომელშიც მინერალი იპოვეს, გეოლოგების აზრით, 60 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ოსბორნიტი გეოლოგებმა მეორე ადგილზე, კრატერიდან დაახლოებით 7 კილომეტრშიც აღმოაჩინეს. აქამდე ნაპოვნ მეტეორულ კრატერებს შორის, ჯერჯერობით ყველაზე ძველია დასავლეთ გრენლანდიაში ნაპოვნი 3 მილიარდი წლის კრატერი. დიდი ზომის მეტეორები მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ ძალად ითვლება. თუმცა, მეცნიერების ერთი ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის პირველი თესლი შესაძლოა სწორედ ასტეროიდების ჩამოტანილი იყოს.

4. ახალი გიგანტური აისბერგი

ბრიტანელმა მეცნიერებმა ზაფხულში განაცხადეს, რომ ანტარქტიდას გიგანტური აისბერგი მოწყდა. ის ერთ-ერთი უდიდესია აქამდე დაფიქსირებულ აისბერგებს შორის და დაახლოებით ტრილიონ ტონას იწონის. ზედაპირის ფართობით, აისბერგი ლონდონზე 4-ჯერ დიდია და თითქმის ამერიკის ერთ-ერთი შტატის, დელავერის ზომისაა. ყინულზე გაჩენილი 193 კილომეტრი სიგრძის ნაპრალი პირველად 2011 წელს აღმოაჩინეს. ნაპრალი მას შემდეგ იზრდებოდა და აისბერგი კონტინენტს ივლისში საბოლოოდ მოსწყდა.

5. დედამიწის მსგავსი 7 პლანეტა

​წლის დასაწყისში „ნასას“ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნულმა სააგენტომ დედამიწის მსგავსი 7 პლანეტა აღმოაჩინა. ისინი მზის სისტემიდან დაახლოებით 39 სინათლის წლით არიან დაშორებული და მერწყულის თანავარსკვლავედში, ვარსკვლავ ტრაპისტ-1-ის ირგვლივ ბრუნავენ. დაახლოებით დედამიწის ზომის პლანეტები თავისი სისტემის „მზესთან“ გაცილებით ახლოს ბრუნავენ, და ერთმანეთთანაც ისე ახლოს არიან, რომ თითოეული პლანეტიდან დანარჩენი ისევე ჩანს, როგორც დედამიწიდან - მთვარე.

6. გენური თერაპია პარალიზებულ ბავშვებზე

წარმატებით დასრულდა გენური თერაპიის ექსპერიმენტი, რომელშიც სპინალური კუნთოვანი ატროფიის პირველი ტიპით დაავადებული ბავშვები მონაწილეობდნენ. მემკვიდრული დაავადება ნერვულ დეგენერაციას, პარალიზებას და ნაადრევ სიკვდილს საშუალოდ 2 წლის ასაკამდე იწვევს. 15 ბავშვს სხვადასხვა დოზით გაუკეთდა ინექცია. მათგან 11 საკუთარი ძალებით გადაადგილდება, ლაპარაკობს და ჭამს. კვლევა დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნდა და მისი გაცნობა შესაძლებელია ჟურნალში New England Journal of Medicine.

7. კვანტური ვიდეოკომუნიკაცია დიდ მანძილზე

ჩინელმა და ავსტრალიელმა ფიზიკოსებმა წელს პირველად შეძლეს კვანტური კომუნიკაციის დიდ მანძილზე განხორციელება. 2016-ში ინფორმაციის გაცვლა მხოლოდ მცირე მანძილზე ხერხდებოდა და თანაც უხარისხოდ, პროტონების ნაწილი ჰაერში იკარგებოდა და გზავნილი არასრული იყო. 2017 წელს პროტონების კვანტური მონაცემების ტელეპორტაცია დედამიწიდან კოსმოსში მდებარე სატელიტზე 1 400 კილომეტრის მანძილზე განხორციელდა და ხარისხიც 20-ჯერ გაუმჯობესდა. ჩინეთის და ავსტრალიის სამეცნიერო აკადემიის ხელმძღვანელებს შორის შემდგარი პირველი კვანტური ვიდეოკომუნიკაციის გზავნილი ასეთი იყო: „ამ ისტორიული მომენტის თქვენთან ერთად გაზიარება დიდი პრივილეგია და სასიამოვნო მღელვარებაა“.

8. ადამიანის ბიოლოგიური საათის მექანიზმი

ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის ე.წ. ბიოლოგიური საათის მუშაობის მექანიზმი შეისწავლეს. მოგვიანებით სამ მეცნიერს ნობელის პრემია გადაეცა ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში. მათ ცირკადიანული რიტმის მარეგულირებელი მოლეკულური მექანიზმები აღმოაჩინეს და გამოიკვლიეს, თუ როგორ მოქმედებს ეს ფაქტორი ძილზე, ჰორმონების გამოყოფაზე, თუ არტერიულ წნევაზე. მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანის ადაპტაციის უნარი საკუთარი ბიოლოგიური საათის მიმართ და ის, თუ რამდენად არის ცირკადიანული რიტმის მარეგულირებელი მოლეკულური მექანიზმები თანხვედრაში დედამიწის ევოლუციურ პროცესებთან.

9. უძველესი ჰომო საპიენსი

ახალი კვლევა ადასტურებს, რომ დედამიწაზე ნაპოვნი ადამიანის უძველესი წინაპრის (ჰომო საპიენსი) ნეშთი 300 ათასზე მეტი წლისაა. ეს ნიშნავს, რომ აღმოჩენა მთელი 100 ათასი წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. მაროკოში 1961 წელს აღმოჩენილი 5 ინდივიდის ძვლების უკეთ შესწავლამ აჩვენა, რომ ისინი 315 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. არქეოლოგებმა მათთან ერთად იპოვეს ქვის იარაღი და ნახშირის ნარჩენები, რაც მიანიშნებს, რომ ჰომო საპიენსის ეს ჯგუფი უკვე ფლობდა და იყენებდა ცეცხლს.

10. ქარიშხლები და გლობალური კლიმატური ცვლილებები

2017 წელი ატლანტის ოკეანის სანაპიროს აღრიცხულ ისტორიაში თუ ყველაზე ძლიერი არა, მაშინ ერთ-ერთი უდიდესი შტორმებით აღინიშნა. წყალდიდობებმა და ქარიშხლებმა ამერიკის სანაპირო ზოლი და კარიბის კუნძულები ძლიერ დააზარალა. ქარიშხლების „ირმას“, „ჰარვის“ და „მარიას“ მიერ მიყენებულმა ზარალმა 206 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ზუსტი თანხა მხოლოდ 2018 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი და ფიქრობენ, რომ ის რეკორდული იქნება. სპეციალისტების აზრით, რომ არა სინოპტიკოსების პროგნოზები და ევაკუაციის მართვის ძლიერი მექანიზმი, მსხვერპლი და ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა. წლევანდელმა ქარიშხლების სეზონმა კიდევ უფრო განამტკიცა სამეცნიერო საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი გლობალური კლიმატური ცვლილებების თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG