ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარემოს დაბინძურება კაცობრიობას გადაშენებით ემუქრება - რუბრიკა “გალილეო”


ლურჯი ფერისაა ქვეყნები, სადაც საღებავში ტყვიის შემცველობა მოწმდება. სადაც არა - ყვითელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ოქტომბრის ბოლოს, სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის მთავარი საფრთხე გარემოს დაბინძურებაა. ის ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს - სამჯერ მეტს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია ერთად აღებული და 15-ჯერ მეტს, ვიდრე ყველა ომის, თუ ძალადობის ხვა ფორმების ერთობლიობა. ეს მონაცემი დედამიწაზე ადამიანთა ნაადრევი სიკვდილიანობის საშუალოდ 16 პროცენტს შეადგენს.

გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებები არაპროპორციულად არის განაწილებული მდიდარ და ღარიბ მოსახლეობაში. დაღუპულთა 92 პროცენტი, ანუ ყოველი ათიდან ცხრა, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, სადაც გარემო ხშირად ყველაზე უფროა დაბინძურებული. განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში, უმცირესობებში და მარგინალიზებულ ჯგუფებში.

დაბინძურების სამ მთავარ წყაროდ მიიჩნევა:

  • ინდუსტრიული გამონაბოლქვი
  • მანქანის გამონაბოლქვი
  • ტოქსიკური ნივთიერებები

გარემოს დაბინძურებას მთელი თავისი მძიმე შედეგებით, ჯანდაცვის სისტემები და საერთაშორისო განვითარების პროგრამები აქამდე სათანადოდ ვერ აფასებდნენ - ნათქვამია "ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევის შესავალ ნაწილში. ეს მაშინ, როცა გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების 70 პროცენტი არაკომუნიკაბელურია.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ორგანიზმი ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად გაცილებით უფრო მობილიზებულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიაც მათზე ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებს. რაც შეეხება გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ არაკომუნიკაბელურ, ქრონიკულ დაავადებებს, კიბოს სხვადასხვა სახეობასთან გვექნება საქმე, თუ შეზღუდული შესაძლებლობების მთელ სპექტრთან, მათ გავრცელებას წლები სჭირდება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არც ისე გამჭვირვალეა და შესაბამისად - რეაგირებაც სუსტი და არაადეკავატური.

გლობალური დაბინძურება საფრთხეს უქმნის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. ინდუსტრიულ და საავტომობილო გამონაბოლქვთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამბინძურებლად ქვანახშირის მოპოვება ითვლება.

დაბინძურებულია არამარტო ჰაერი, არამედ ქიმიკატებით გაჯერებულია წყალი და ნიადაგი. ეს უკანასკნელი პრობლემა დღითი-დღე, წლიდან წლამდე იზრდება. 1950 წლის შემდეგ დედამიწაზე 140 ათასზე მეტი ახალი, სინთეტური ქიმიკატი და პესტიციდი შეიქმნა. აქედან სულ ცოტა, 5 ათასი გარემოში უკვე ფართოდაა გავრცელებული და შესაბამისად, ადამიანთან მჭიდრო და ხანგრძლივი შეხება აქვს.

5 ათასი ნივთიერებიდან ნახევრის ტოქსიკურობა და უსაფრთხოება ბოლომდე შესწავლილი არც არის. ახალი ქიმიკატების ბაზარზე დაშვებამდე, მათი შემოწმება მხოლოდ რამდენიმე მდიდარ, განვითარებულ სახელმწიფოში ხდება. დაბალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, ჯანმრთელობისთვის ნაკლებად რეგულირებული ტოქსინებით მოტანილი ზიანის ისტორიულ მაგალითებს შორის “ლანცეტი” ასახელებს ტყვიას, აზბესტს და რამდენიმე შენაერთს. ესენია: დიქლორდიფენილტრიქლორეთანი (DDT), პოლიქლორილებული ბიფენილები (PCBs) და ოზონის დამშლელი ქლოროფტორკარბონები (CFCs).

გარემოს გლობალური დაბინძურება “საფრთხეს უქმნის დედამიწის საარსებო სისტემების სტაბილურობას” და რისკის ქვეშ აყენებს ზოგადად სიცოცხლის, “კაცობრიობის გადარჩენას” - ნათქვამია ნაშრომის დასკვნაში. სამეცნიერო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებულ კვლევაზე მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების და სამთავრობო ორგანიზაციების 40-ზე მეტი მეცნიერი. ის დააფინანსა გაერომ, ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რუკის სრული ვერსია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რუკის სრული ვერსია

Facebook Forum

XS
SM
MD
LG