ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთვარე დედამიწას თანდათან შორდება - რუბრიკა “გალილეო”


სუპერ-მთვარე ნორვეგიის მთებში

გახანგრძლივებულ დღეს დედამიწაზე, თურმე მთვარეს უნდა ვუმადლოდეთ. მეცნიერებმი ამტკიცებენ, რომ მთვარე დედამიწას წელიწადში საშუალოდ 3.82 სანტიმეტრით სცილდება, რაც ჩვენს პლანეტაზე დღის ხანგრძლივობის გაგრძელებას იწვევს. ახლავე აგიხსნით, როგორ.

წარმოიდგინეთ მოციგურავე, რომელიც ყინულზე სწრაფად ტრიალებს. ის წრიული მოძრაობის შესანელებლად, მკლავებს თანდათან შლის. თურმე მსგავსი რამ ხდება დედამიწის ბრუნვის დროსაც. ვინაიდან პლანეტას მთვარე მართალია ნელა, მაგრამ მაინც, თანდათან სცილდება, დედამიწა წრიულ ბრუნვას ასევე თანდათანობით ანელებს და შესაბამისად, დღე-ღამის ციკლიც ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, თანდათან იზრდება. ამ მაგალითის საშუალებით განმარტავენ მეცნიერები მთვარის დედამიწისგან დაცილების პროცესს და მის გავლენას ჩვენი პლანეტის, თუ მისი ბინადრების ცხოვრებაზე.

უახლესი კვლევა, რომელზეც დღეს რუბრიკა “გალილეოს” ყურადღების ცენტრში მოექცა, ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის გამოცემაში 4 ივნისს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან გეოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორი სტივენ მაიერსი, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტიდან და გეოფიზიკის პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ალბერტო მალინვერნო.

ნაშრომის ავტორების მოსაზრებით, დედამიწა წარსულში უფრო ჩქარა ბრუნავდა და ჩვენს პლანეტაზე დღე-ღამის ციკლი დაახლოებით 18 საათს უდრიდა. ეს ნაწილობრივ მთვარის დამსახურებაც იყო, რომელიც დედამიწასთან გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე დღეს არის. მეცნიერების ანგარიშით, ეს დაახლოებით 1.4 მილიარდი წლის წინ ხდებოდა.

მკვლევარებმა დაკვირვებისთვის ასტროქრონოლოგიის სტატისტიკური მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ასტრონომიის თეორიის გეოლოგიურ დაკვირვებასთან შერწყმას გულისხმობს. ისინი დედამიწის გეოლოგიურ წარსულს, მზის სისტემაში პლანეტების მოძრაობას და მათი გრავიტაციის ერთმანეთზე გავლენას, ასევე პრეისტორიულ კლდებზე ასახულ, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ პროცესებს აკვირდებოდნენ.

მზის სისტემაში ბევრი მოძრავი სხეულია და ისინი ერთმანეთზე გავლენას გამუდმებით ახდენენ. დედამიწის ბრუნვაზეც ხდება გავლენა, როგორც საკუთარი ღერძის ირგვლივ, ასევე მისი ორბიტის, ანუ მზის ირგვლივ ბრუნვაზეც მოქმედებს სხვა ციური სხეულების მიზიდულობის ძალა და მათი ტრაექტორია. ეს განსაკუთრებით ეხება მისი 4.5 მილიარდი წლის თანამგზავრის, კოსმოსში ყველაზე ახლო მეზობლის, მთვარის მოძრაობას. ამ საკითხის სიღრმისეულად შესწავლა მეცნიერებს დედამიწაზე წარსულში მომხდარ, თუ აწმყოში მიმდინარე ცვლილებების ახსნაში და მომავლის პროგნოზირებაში ეხმარება.

კვლევის დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია შეერთებული შტატების სამეცნიერო აკადემიის ოფიციალური სამეცნიერო ჟურნალის Proceedings of the National Academy of Sciences 4 ივნისის გამოშვებაში. კვლევა დააფინანსა ამერიკის მეცნიერების ეროვნულმა ფონდმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG