ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწის სინათლით დაბინძურება


ქუჩების და შენობების განათება, რომელიც კოსმოსიდან დედამიწის ფოტოებს ზღაპრულად ლამაზს ხდის, ჩვენ ვარსკვლავური სამყაროს მომხიბვლელობის აღქმას გვიზღუდავს

რუბრიკა “გალილეო” დღეს დედამიწის სინათლით დაბინძურების შედეგებზე მოგითხრობთ. ქუჩების და შენობების განათება, რომელიც კოსმოსიდან დედამიწის ფოტოებს ზღაპრულად ლამაზს ხდის, ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს, ღამის ცის მთავარი ღირსების -ვარსკვლავური სამყაროს მომხიბვლელობის- აღქმას გვიზღუდავს.

დაბინდებისას, კოლორადოს უნივერსიტეტის ობსერვატორიაში მდებარე ტელესკოპის ირგვლივ, ასტრონომები მხოლოდ წითელ შუქს ანთებენ.
ობსერვატორიის დირექტორ, ფაბიო მეცალირას თქმით, დედამიწის თეთრი სინათლე ადამიანებს ცის სრულ აღქმას სულ ცოტა ნახევარი საათით გვიზღუდავს. რაც უფრო მეტად განათებულია დედამიწა, მით უფრო ცუდად ვხედავთ ღამის ვარსკვლავურ ცას მთელი თავისი დიდებულებით. დღეს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა საუკუნის წინანდელისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00
ბმული
„ადამიანები ერთ დროს ცას უკეთ ხედავდნენ და მისი უფრო ესმოდათ. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ყოველ ღამე უყურებდნენ და ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ელექტრო განათება მის ნახვას გაართულებდა“ - ამბობს პროფესორი მეცალირა.

ადრე თუ ნასას მიერ კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის ღამის ხედებით მხოლოდ ვიხიბლებოდით, დღეს ისიც უნდა გავიაზროთ, რომ სინათლეც ერთგვარი დაბინძურებაა. ჟურნალისტი პოლ ბოგარდი იმასაც ამბობს, რომ ღამის განათება ადამიანის სხეულის ბუნებრივ, ძილის ციკლზეც მოქმედებს:

დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუცია დღის სინათლეზე და ღამის სიბნელეში ხდებოდა. ჯანსაღ სიცოცხლეს სიბნელეც სჭირდება“. წიგნში „ღამის აღსასრული“ ბოგარდი ამბობს, რომ ადამიანები ღამით ბევრად მეტ ვარსკვლავს უნდა ვხედავდეთ. ზოგჯერ ვარსკვლავების 95- 97 პროცენტს ვერ ვხედავთ“ - ამბობს ის.

ამმხრივ განსაკუთრებით ცუდია რეკლამები, რომელიც ყველა მხარეს ანათებს და ელექტროენერგიასაც უყაირათოდ ფანტავს. „ბნელი ცის საერთაშორისო ასოციაცია“ გვირჩევს ქუჩებში ზევიდან ქვევით მიმართული განათებები შევარჩიოთ.

კოლორადოში მდებარე ზამთხის სათხილამურო კურორტი, პატარა ქალაქი ბოლდერი მაქსიმალურად ცდილობს სინათლით დაბინძურების შესაჩერებლად ანალოგიურ რეკომენდაციებს მიყვეს. მათი ქუჩების და სავაჭრო ცენტრების განათებაც შედარებით სუსტია.

პროფესორი მეცარილა ამბობს, რომ ვარსკვლავური ცა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ.

„მახსოვს, 11 წლის ვიყავი, ცის მთელი მშვენიერება რომ პირველად აღვიქვი. ოკეანის სანაპიროზე წამოწოლილმა, მინიმალური სინათლით დაბინძურების გამო, განუმეორებელი, შთამბეჭდავი რამ დავინახე. უამრავი ვარსკვლავით ცა ისე იყო გაბრწყინებული, რომ შავის ნაცვლად, მოვერცხლისფრო გახდა“ - იგონებს ის.

მეცნიერები გვირჩევენ, სინათლით დაბინძურების შესაჩერებლად, ქუჩების და ნაგებობების განათებისთვის „ბნელი ცის საერთაშორისო ასოციაციის“ (The International Dark Sky Association) რეკომენდაციებს მივყვეთ.
XS
SM
MD
LG