ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პლანეტის დაბადების პირველი დასაბუთებული გამოსახულება - რუბრიკა “გალილეო”


ახალი პლანეტის დაბადების მომენტი. ფოტო: ESO/A. Müller MPIA. ახალი პლანეტა PDS 70 b ყველაზე კაშკაშა წერტილია.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფს პირველად მიეცა საშუალება ეგზოპლანეტის დაბადების, ანუ მისი ფორმირების მომენტის ვიზუალური გამოსახულება დაეფიქსირებინა. ახალშობილ პლანეტას, რომელსაც PDS 70 b დაარქვეს, მეცნიერთა ორი ჯგუფი აკვირდებოდა. ესენი არიან გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მდებარე მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტი (MPIA) და ევროპის სამხრეთ ობსერვატორია (ESO) ჩილეში.

ევროპის სამხრეთ ობსერვატორია, ჩილე (ESO)
ევროპის სამხრეთ ობსერვატორია, ჩილე (ESO)

ასტრონომები ათწლეულებია ცდილობენ ამ მომენტის დაფიქსირებას. ისინი დიდი ხანია ფიქრობენ, რომ პლანეტები მოძრავი გაზის და მტვრის ნაწილაკებით შექმნილი დისკების წრიული ბრუნვის დროს წარმოიქმნება, რომელიც ახლადფორმირებულ ვარსკვლავებსაც მოიცავს. ამ ე.წ. პროტოპლანეტარულ დისკებში, რომლის ზომა შეიძლება 1 000 ასტრონომიულ ერთეულამდე იყოს (1 ასტრონომიული ერთეული უდრის მანძილს დედამიწიდან მზემდე), გაზის და მტვრის ნაწილაკები დროთა განმავლობაში თანდათან ერთდება და ბოლოს პლანეტად გადაიქცევა.

სამეცნიერო ჟურნალში “ასტრონომია და ასტროფიზიკა” დაბეჭდილ ორ სტატიაში, მეცნიერებმა სწორედ ასეთ მხურვალე და ქაოტურ დისკში ნაპოვნი, ჯერ კიდევ ფორმირებადი პლანეტის დასაბუთებული გამოსახულება წარმოადგინეს. ის ჩილეში მდებარე დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტელესკოპითაა გადაღებული.

ეგზოპლანეტა PDS 70 b დედამიწიდან დაახლოებით 370 სინათლის წლით არის დაშორებული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ფორმირების პროცესში მყოფი პლანეტა იუპიტერის ზომას და წონას რამდენჯერმე აღემატება. ამასთან, ის სავარაუდოდ, ჯერ კიდევ იზრდება. ეგზოპლანეტის ტემპერატურა დაახლოებით 1 200 კელვინია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზის სისტემაში არსებულ პლანეტებზე გაცილებით ცხელია.

პლანეტა თავისი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, რომლისგანაც ის 20 ასტრონომიული ერთეულითაა დაცილებული. ეს მანძილი დაახლოებით იგივეა, რაც მანძილი მზიდან ურანამდე, მზის სისტემის მეშვიდე პლანეტამდე (მეშვიდე - მზისგან დაცილების მანძილის მიხედვით).

მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტი (MPIA), გერმანია
მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტი (MPIA), გერმანია

მკვლევარები ფიქრობენ, რომ პლანეტა PDS 70 b თავისი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნვას დაახლოებით 120 წელს ანდომებს. “ამ აღმოჩენამ უპრეცედენტო საშუალება მოგვცა პლანეტის ფორმირების თეორიული მოდელი გამოვცადოთ” - აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ანდრე მიულერი.

ფოტოზე, რომელიც “ამერიკის ხმას” მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტმა მიაწოდა, კოსმოსური დაბადების პროცესია ასახული. მასზე ჩანს ვარსკვლავის PDS 70 პროტოპლანეტარული დისკი. თავად ახალშობილი პლანეტა PDS 70 b კი ფოტოს ცენტრთან, ქვედა ნაწილში მოთავსებული ყველაზე მკვეთრი და ნათელი, პატარა ზომის წრიული სხეულია. მთავარი ვარსკვლავის სიკაშკაშე ფოტოზე ნაჩვენები არ არის, რათა კარგად გამოიკვეთოს ახლად ფორმირებადი პლანეტა.

“ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ჩვენ როგორც იქნა, შევძელით ვიპოვოთ და შევისწავლოთ პლანეტები მათი ფორმირების პროცესში. ეს დიდი ხნის სანუკვარი ოცნების ასრულებას ნიშნავს” - ამბობს პროფესორი ტომას ჰენინგი, მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის დირექტორი და კვლევის წამყვანი ავტორი.

კვლევის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში “ასტრონომია და ასტროფიზიკა”. პირველი სტატია გამოქვეყნდა 30 ივნისის ნომერში, მეორე კი - 9 ივლისს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG