ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასპირინის პრევენციული თვისებები კითხვის ნიშნის ქვეშაა - რუბრიკა “გალილეო"


შუახნის ადამიანებს და ხანდაზმულებს ექიმები ხშირად უნიშნავენ ასპირინის ყოველდღიურ, მცირე დოზას. აქამდე არსებული ინფორმაციით, აცეტილსალიცილის მჟავას, რომელსაც ასპირინს უწოდებენ, ინფარქტების და ინსულტების რისკის შემცირება შეეძლო, მათი პრევენციის უნარი გააჩნდა. ის ფართოდ ინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით და ასევე ცერებრალურ სისხლის მიმოქცევაში იშემიური ტიპის დარღვევების პროფილაქტიკისთვის.

გერმანელი მეცნიერების მიერ თითქმის 120 წლის წინ შექმნილმა პრეპარატმა რამდენიმე წლის წინ ხელმეორე სიცოცხლე შეიძინა. გამოქვეყნდა კვლევები იმის თაობაზე, რომ ასპირინის დღიური დოზა, შესაძლოა გარკვეულწილად კიბოს და დემენციის პრევენციასაც კი ახდენდეს.

დღიური ასპირინი, რომელსაც ბეიბი-ასპირინსაც ეძახიან, აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეში იყიდება. ეს არის “გავრცელებული მედიკამენტი, რომელსაც სხვადასხვა გამოყენება აქვს, ტკივილის გაყუჩებიდან სერიოზული პრობლემების რისკის შემცირებამდე, როგორიცაა ინფარქტი და ინსტულტი” - ასე განმარტავს ასპირინს ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS).

უახლესი მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის შედეგები კი, რომელშიც ადამიანთა დიდი ჯგუფი მონაწილეობდა, ნაკლებად ოპტიმისტურად გამოიყურება. მასში 65 წელს გადაცილებული, 19 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

2010 წელს დაწყებულ ესპერიმენტში ამერიკელი და ავსტრალიელი პაციენტები მონაწილეობდნენ. ისინი ორ ჯგუფად გაყვეს, ერთ ნაწილს ასპირინის რეკომენდებულ დღიურ დოზას, 100 მილიგრამს აძლევდნენ, მეორე ნაწილს კი - პლაცებოს, სიმულაციურ მედიკამენტს.

მათზე 8-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ასპირინი ჯანმრთელ, ხნიერ ადამიანებში ვერაფერს ცვლიდა, ის დამოუკიდებელი და ჯანსაღი ცხოვრების მეტ შანსს არ იძლეოდა. შესაბამისად, ასაკში შესულ, ჯანმრთელ ადამიანებს ასპირინი არ უნდა ენიშნებოდეთ, ფიქრობენ მკვლევარები, რადგან ამ შემთხვევაში, პრეპარატის რისკი მის სარგებლობას გადაწონის.

რისკი კი სახეზეა: ბოლო კვლევამაც დაადასტურა, რომ ასპირინის ყოველდღიურად მიღების მთავარი საფრთხე სისხლდენის შანსის გაძლიერებაა, ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათოდაც კი. ამასთან ერთად, ბოლო ექსპერიმენტის მიხედვით, მათში, ვინც ასპირინს იღებდა, გაიზარდა კიბოთი დაღუპვის რისკი. ეს ძალიან მოულოდნელი შედეგი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ცნობილი იყო ძველი მტკიცებულებები ასპირინით სწორნაწლავის კიბოს რისკის შემცირების თაობაზე.

ასპირინის დღიური, მცირე დოზით მიღება არ უკავშირდება 70 წლის ზევით ადამიანებში სიკვდილიანობის, დემენციის, ან ფიზიკური უნარების დაკარგვის შანსების შემცირებას. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულმა კვლევამ ასევე აღმოაჩინა სერიოზული სისხლდენის მზარდი რისკი - წერს პიტერ როტველი, ნევროლოგიის პროფესორი “ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში”.

პროფესორი როტველი ოქსფორდის უნივერსიტეტში ინსულტის და დემენციის პრევენციის ცენტრის დირექტორია. მისი თმქით, აღნიშნული კვლევის შედეგები წარმოადგენს რისკის და სარგებლის ბალანსის ყველაზე სანდო დადასტურებას იმისთვის, უნდა დაინიშნოს თუ არა ასპირინი 70 წლის ზევით მყოფ, ჯანმრთელ ადამიანებში.

თუმცა, იგივე არ ითქმის პაციენტებზე, რომელთაც უკვე აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გადატანილი აქვთ ინფარქტი, ან ინსულტი. ბევრი ნაშრომით დასტურდება, რომ ასპირინის დღიური დოზა მათთვის მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე რისკის შემცველი.

კვლევის ხელმძღვანელები არიან ჯონ მაკნილი, ეპიდემიოლოგიის და პრევენციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი მონაშის უნივერსიტეტში (მელბურნი, ავსტრალია) და ანნე მიურეი, ბერმანის კვლევითი ცენტრის დირექტორი (მინეაპოლისი, აშშ). კვლევა დააფინანსა შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, ავსტრალიის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა და მონაშის უნივერსიტეტმა. კომპანია “ბაიერმა” მხოლოდ ასპირინის და პლაცებოს მიწოდება უზრუნველყო და კვლევაში სხვა სახით ჩართული არ ყოფილა.

ნაშრომი კვირას, 16 სექტემბერს სამ ნაწილად გამოქვეყნდა. მისი დეტალების გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში The New England Journal of Medicine.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG