ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნანო-რობოტი სისხლძარღვებში მოგზაურობს და კიბოს ებრძვის - რუბრიკა “გალილეო”


კიბოს დასამარცხებლად მეცნიერები კიდევ ერთ მეთოდს, ნანოტექნოლოგიას ცდიან, რომელიც ამ ეტაპზე იმედისმომცემად გამოიყურება. დნმ-ზე დაფუძნებული მიკროსკოპული ნანო-რობოტი მათ ვენაში შეჰყავთ. ის ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს დამოუკიდებლად პოულობს. შემდეგ, ორიგამის პრინციპით იშლება და გამოყოფს ცილას, რომელიც კიბოს განადგურებას იწვევს.

ექსპერიმენტი ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზე და ზღვის გოჭებზე ჩატარდა. მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები თავმოყრილია ნაშრომში, რომელიც 12 თებერვალს სამეცნიერო ჟურნალში “ნეიჩერ” გამოქვეყნდა.

კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა ნანო-რობოტები ვენაში შეუყვანეს იმ თაგვებს, რომლებიც ადამიანის ძუძუს კიბოთი იყვნენ დაავადებული. რობოტები 48 საათის განმავლობაში პოულობდნენ სიმსივნურ უჯრედებს და მხოლოდ იქ, იმ ადგილზე იწვევდნენ სისხლის შედედებას, რაც საბოლოო ჯამში, კიბოს უჯრედების დანეკროზებით სრულდებოდა.

რობოტებს ორმაგი ფუნქცია აკისრიათ. პირველი, ესაა კიბოს ზედაპირზე ბიომარკერების დიაგნოსტიკა, მეორე კი, ამოცნობის შემთხვევაში, თრომბინით სპეციფიური პრეპარატის შეყვანა და სიმსივნური უჯრედის განადგურება, ან შემდგომი ზრდის შეჩერება.

ავტორები აცხადებენ, რომ მათი მეთოდით მკურნალობის შედეგად, კიბოს რამდენიმე სახეობა ზომაში მნიშვნელოვნად იკლებს და აქედან გამომდინარე, სიცოცხლის გადარჩენის შანსიც იზრდება. მკვლევარებმა ანალოგიური შედეგი მიიღეს მელანომას და საშვილოსნოს კიბოს მკურნალობის დროს.

დნმ-ზე დაფუძნებული რობოტები ბიოდეგრადირებადია, ანუ ექვემდებარება ბუნებრივი დაშლის პროცესს და შესაბამისად, უსაფრთხოა. იმედისმომცემი შედეგების მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ შესასწავლია პრეპარატზე ორგანიზმის რეაქცია გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჯერჯერობით უცნობი რჩება ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქცია და შემდგომი კვლევებით კიდევ უფრო მეტად არის დასაზუსტებელი თრომბინის უსაფრთხო რაოდენობაც. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ექსპერიმენტის ადამიანებში გამოცდა.

კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სამეცნიერო გამოცემის “ნეიჩერ” ბიოტექნოლოგიურ დამატებაში (Nature Biotechnology) და შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG