ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაღალი არტერიული წნევის ახალი ნორმა ამერიკაში - რუბრიკა “გალილეო”


ამიერიდან შეერთებულ შტატებში სისხლის მაღალ წნევად ჩაითვლება 130/80-ზე მაჩვენებელი და ზევით. სტანდარტი ბოლო 14 წლის მანძილზე არ შეცვლილა და მთელი ამ დროის მანძილზე ის 140/90-ით განისაზღვრებოდა. ცვლილება ეფუძნება მასშტაბურ კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ ოდნავ დაბალი მაჩვენებლის მიღწევა პაციენტების გადარჩენის საშუალებას იძლეოდა.

გზამკვლევი რჩევას არტერიული წნევის გაზომვის პროცედურასთან დაკავშირებითაც აძლევს ჯანდაცვის მუშაკებს და იმ პაციენტებს, ვინც წნევას სახლში იზომავს. ექიმებმა და ექთნებმა პაციენტი წნევის გაზომვამდე 5 წუთით უნდა დაასვენონ. მონაცემის რეგისტრაცია ექიმის ოფისში ორი ვიზიტის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე უნდა მოხდეს. პაციენტმა სასურველია წნევა სახლშიც რეგულარულად გაიზომოს, ყოველი მონაცემი ჩაიწეროს და ექიმს მიაწოდოს.

ჰიპერტენზიით დაავადებულებს ურჩევენ შეცვალონ ცხოვრების სტილი, კვების რეჟიმი, მეტი ივარჯიშონ, აკონტროლონ წონა. მათ რაციონში უნდა შეზღუდონ მარილი და გაზარდონ ბოსტნეულის, ხილის და მთლიანი მარცვლოვანი კულტურების შემცველობა. რიგ შემთხვევებში დაინიშნება მედიკამენტებით მკურნალობა.

სპეციალისტების განმარტებით, ცვლილება არც ისე დრამატულია, რადგან იმ ადამიანებს, ვისაც ადრე სისხლის წნევა 130/80-ზე ჰქონდა, ჰიპერტენზიის რისკის ქვეშ მყოფის, ე.წ. პრე-ჰიპერტენზიის კლასიფიკაციას ანიჭებდნენ და კონტროლზე აჰყავდათ.

მაღალი არტერიული წნევის პრობლემა ხშირ შემთხვევაში ასაკთან ერთად ჩნდება, თუმცა მისგან დაზღვეულები არც ახალგაზრდები არიან. ჰიპერტენზია სისხლძარღვებს აზიანებს და ინფარქტის, ინსულტის, თირკმელების დაზიანების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს ზრდის.

როცა წნევის საზომი აპარატი 130/80-ზე აჩვენებს, აღნიშნული რისკები უკვე გაორმაგებულია, ამბობს გზამკვლევის შემქმნელი კომისიის თავმჯდომარე პოლ უელტონი. ის ტულეინის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორია. “ხალხს პირდაპირ უნდა ვუთხრათ - თუ თქვენთვის რისკები გაორმაგებულია, თქვენ ეს უნდა იცოდეთ” - ამბობს პროფესორი უელტონი. “ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტი გჭირდებათ, უფრო ყვითლის ანთებას გავს, როცა წნევა დაბლა უნდა ჩამოვწიოთ”.

გზამკვლევის ერთ-ერთი ავტორი დევიდ გოლფი ფიქრობს, რომ მათ ნაშრომს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების პოტენციალი აქვს. ის გულის, ფილტვების და სისხლის ინსტიტუტში კარდიოვასკულარული მეცნიერების განყოფილების დირექტორია.

მაღალი წნევის ახალი სტანდარტი შეერთებულ შტატებში ჰიპერტენზიის დიაგნოზს კაცებს შორის სამჯერ ზრდის, ქალებში კი აორმაგებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ რისკის ქვეშ ახლა დამატებით 30 მილიონამდე ამერიკელი აღმოჩნდება. საშუალოდ, ჰიპერტენზიით დაავადებულთა ჯგუფი ზრდასრული ამერიკელების თითქმის ნახევარს, 46 პროცენტს გაუტოლდება. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 103 მილიონი გახდება.

ახალი გზამკვლევი 13 ნოემბერს გამოქვეყნდა ჟურნალებში “ჯამა” (JAMA Internal Medicine) და “ჰიპერტენზია” (Hypertension). მისი ავტორები არიან შეერთებული შტატების წამყვანი კარდიოლოგიური ორგანიზაციები, მათ შორის: ამერიკის გულის ასოციაცია, კარდიოლოგიის ამერიკული კოლეგია და კიდევ 9 ავტორიტეტული ჯგუფი. შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტს კომენტარი გზამკვლევთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კლინიცისტები გზამკვლევის ინფორმაციას აუცილებლად გაითვალისწინებენ და სიახლეს დაუყოვნებლივ დანერგავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG