ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალორიების შემცირება დაბერების პროცესს ანელებს - რუბრიკა „გალილეო“


ჯანსაღი და ზომიერი კვება რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ეს დიდი ხანია ვიცით. მაიმუნებზე და ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ისიც აჩვენა, რომ საკვებში კალორიების მოკლებით, ორგანიზმში დაბერების პროცესი ნელდება. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კალორიების შემცირება ადამიანის ბიოლოგიური ასაკის საათის ისარსაც შეანელებს.

22 მარტს გამოქვეყნებული კვლევა ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული უახლესი კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ადამიანებზე ორწლიანმა დაკვირვებამ ანალოგიური შედეგები აჩვენა.

„ეს ახალი ნაშრომი დღემდე არსებულთა შორის, ყველაზე მყარი მტკიცებულებაა იმის, რომ ის, რაც ადრე ცხოველებზე შევიტყვეთ, შეგვიძლია საკუთარ თავზეც მივიღოთ“ - ამბობს როზალინ ანდერსონი. ის დაბერების პროცესზე ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში მუშაობს.

კვლევაში თავიდან 21-დან 50 წლამდე 435 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. ჭარბწონიანი არცერთი არ იყო. ჯგუფი სხვადასხვა მიზეზით ბევრმა დატოვა. ექსპერიმენტში ბოლოს 73 ადამიანი დარჩა. ისინი ორად გაყვეს და ერთ-ერთს დღიური კალორიების რაოდენობა დაახლოებით 15 პროცენტით შეუმცირეს. მათ ორი წლის მანძილზე წონაში საშუალოდ 9 კილოგრამი დაიკლეს.

ექსპერიმენტი პენინგტონის ბიოსამედიცინო კვლევების ცენტრში ჩატარდა. ის ლუიზიანის შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში მდებარეობს. ცენტრში განთავსებულია 4 ლაბორატორია მსოფლიოში არსებული სულ 20 თანამედროვე ლაბორატორიიდან, რომელიც ნივთიერებათა ცვლის შესწავლის მოწინავე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. დალუქულ, მცირე ზომის სასტუმროს ნომრის ტიპის ლაბორატორიაში, მეცნიერებს აქვთ საშუალება წუთიდან წუთამდე მაქსიმალური სიზუსტით გაზომონ, თუ რა რაოდენობის ჟანგბადს შეისუნთქავს ადამიანი და რა რაოდენობის ნახშირორჟანგს ამოისუნთქავს.

ლაბორატორიაში ორგანიზმის მიერ ენერგიის მოხმარება უპრეცედენტო სიზუსტით მოწმდება. ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ბალანსი შარდის ანალიზში დაფიქსირებულ აზოტის მონაცემებთან შეჯერებით აჩვენებს, თუ რას და რა რაოდენობით წვავს დაკვირვების ობიექტი: ცხიმს, ცილას, თუ ნახშირწყლებს.

ორივე ჯგუფის ადამიანებში სისტემატურად მოწმდებოდა ნივთიერებათა ცვლის პროცესი და დაბერების ბიოლოგიური მარკერები. მკვლევარები აკონტროლებდნენ ორგანიზმის ტემპერატურას, ჰორმონებს, ინსულინის დონეს, დნმ-ს და ბევრ სხვა მონაცემს.

კვლევის შედეგები ორი წლის ბოლოს შეჯამდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ საკვებში კალორიების მოკლებას, დაბერების პროცესის შენელების უნარი აქვს. ჯგუფში, რომელიც შედარებით დაბალკალორიულ დიეტაზე იყო, ნივთიერებათა ცვლის და დაბერების პროცესის შენელება დაფიქსირდა. ეს ადამიანები ძილშიც კი გაცილებით უფრო ეფექტურად იყენებდნენ ორგანიზმის ენერგიას.

კვლევის ხელმძღვანელების აზრით, გაცილებით ხანგრძლივი, რამდენიმე ათწლეულზე გათვლილი დაკვირვებაა საჭირო, რომ კიდევ უფრო შორსმიმავალი დასკვნები გაკეთდეს. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ნაშრომი საკვებში კალორიების მცირე რაოდენობით შეზღუდვის გარდა, სხვა რაიმე სპეციფიური დიეტის დაცვის რეკომენდაციას არ იძლევა.

კვლევის უფრო დაწვრილებით გასაცნობად, იხილეთ სამეცნიერო ჟურნალის Cell Metabolism 22 მარტის პუბლიკაცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG