ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვერცხი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა


ამერიკელმა დიეტოლოგებმა კვერცხი ჯანმრთელი საკვები პროდუქტების სიაში დააბრუნეს. რუბრიკა "გალილეო" შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტის ახალი გზამკვლევის შესახებ მოგითხრობთ.

ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მიუხედავად, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, კვერცხი სასარგებლო საკვებად უნდა ჩაითვალოს - ასე გადაწყვიტეს შეერთებული შტატების ორ ფედერალურ უწყებაში: ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტებში. მათ მიერ მომზადებული საკვები პროდუქტების ახალი გზამკვლევი 2016 წლის 7 იანვარს გამოქვეყნდა და ბოლო 5 წლის მანძილზე პირველ განახლებას წარმოადგენს.


გზამკვლევი გვირჩევს ყოველდღიურ რაციონში შევამციროთ შაქრის, საქონლის ხორცის და მარილის რაოდენობა. მათი ჩანაცვლება ხილით, ბოსტნეულით და მცენარეული ცილების შემცველი პროდუქტით, სხვადასხვა ჯიშის პარკოსნებით, სოიოს პროდუქტებით, ზეთებით, თესლებით და თხილეულით უფრო სასურველია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს შეერთებულ შტატებში საერთოდ აიკრძალა ტრანს-ცხიმების გამოშვება. მათ საქართველოში ხშირად მარგარინს უწოდებენ. ეს არის თხევადი მცენარეული ზეთის სპეციფიური გადამუშავების, ჰიდროგენიზების პროცესის შედეგად მიღებული არაბუნებრივი პროდუქტი - სქელი, მკვრივი, მყარი ცხიმი.

ნუტრიენტები და ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია - ნათქვამია გამოცემის პრეამბულაში, რომელიც სამეცნიერო კვლევებით განმტკიცებულ ვრცელ დასაბუთებას იძლევა. ის გვირჩევს სწორი კვების რეჟიმს მთელი ცხოვრების მანძილზე ვადევნოთ თვალი, რაც ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს.

დიეტოლოგები მაქსიმალურად მრავალფეროვანი კვების რეჟიმის რეკომენდაციას იძლევიან და ამავე დროს გვთხოვენ დღიური კალორიების მიღებასაც მივაქციოთ ყურადღება. მათი თქმით, განსაკუთრებით სასარგებლოა მუქი მწვანე, წითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეული და ხილი. ცხოველური საკვებიდან უპირატესობა ფრინველის ხორცს, თევზეულს და კვერცხს ენიჭება.

და ბოლოს, რამდენიმე კონკრეტული რჩევა:

* დღიური საკვების კალორიებში შაქრით მიღებული კალორიის წილი 10 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს

* ასევე 10 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს დღიური საკვების კალორიებში ნაჯერი ცხიმებით მიღებული კალორია

* მარილის/სოდიუმის რაოდენობა დღეში 2, 3 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს

* ალკოჰოლის მიღება თუ გსურთ, ქალისთვის დღეში მხოლოდ ერთი ჭიქაა რეკომენდირებული და მამაკაცებისთვის - ორი ჭიქა (იგულისხმება 21 წელს გადაცილებული ადამიანი)

XS
SM
MD
LG