ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3.5 კილომეტრი მეხსიერების გაუმჯობესებამდე - რუბრიკა “გალილეო”


დიდი ხანია ცნობილია, რომ დღეში სულ ცოტა, 30-წუთიან სიარულს დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის გაჯანსაღების და სხვადასხვა დაავადების პრევენციის საქმეში. ამ თემაზე რუბრიკაში “გალილეო” აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია. დღეს ახალ კვლევას გაგაცნობთ, რომლის მიხედვითაც, 60 წლის ზევით ასაკის ადამიანებში დღეში სამნახევარი კილომეტრის გავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მენტალური უნარების გაუმჯობესების და დემენციის პრევენციის საქმეში.

კვლევა დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა და მისი ავტორები კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები არიან. ისინი 60-დან 72 წლამდე ასაკის ადამიანებს აკვირდებოდნენ, რომელთაც ნაბიჯების მთვლელი აპარატი - აქსელერომეტრები დაურიგეს და შემდეგ, 2 წლის მანძილზე მიღებულ მონაცემებს სწავლობდნენ. ფიზიკური აქტივობის კოგნიტურ შესაძლებლობასთან კავშირს ისინი ნეიროფსიქოლოგიური ტესტების და თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით ამოწმებდნენ.

საშუალო ხნის ადამიანები, რომლებიც ბოლო დროს გაჩენილ მეხსიერების პრობლემებს უჩიოდნენ, მაგრამ დემენციის დიაგნოზი არ ჰქონიათ, ორ ნაწილად გაყვეს. პირველი დღეში 4 ათას, ან უფრო ნაკლებ ნაბიჯს დგამდა; მეორე კი - 4 ათასზე მეტს. 4 ათასი ნაბიჯი დაახლოებით 3.2 კილომეტრია.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დაბალი ფიზიკური აქტივობის ჯგუფში შემავალ ადამიანებში კოგნიტური ფუნქციების უფრო დაბალი დონე აღინიშნებოდა. რაც უფრო აქტიურები იყვნენ პაციენტები, მით უფრო მაღალი იყო მათი ყურადღების მობილიზაციის უნარი, ინფორმაციის ანალიზის და სწორი გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე, ზოგადად, მათი კოგნიტური ფუნქციების დონე. ექსპერიმენტის დასასრულს, დიდი განსხვავება დაფიქსირდა მეხსიერების მიმართულებითაც ყველაზე ნაკლებად მოძრავ და ყველაზე აქტიურად მოსიარულე ჯგუფის წევრებს შორის.

როცა ადამიანებს ყურადღება ეფანტებათ, კონცენტრირება უჭირთ, უჩნდებათ ორიენტაციის, ან მეხსიერების პრობლემები, უძნელდებათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების პოვნა, ან ინფორმაციის ადეკვატურად გაანალიზება, შესაძლოა საქმე გვქონდეს კოგნიტური ფუნქციების დარღვევასთან, დემენციასთან.

კვლევის ავტორებს არ აქვთ პასუხი იმაზე, თუ როგორ ხდება კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ პროცესის ზუსტი მექანიზმების შესასწავლად, დამატებითი სამეცნიერო კვლევებია საჭირო.

ამერიკული ორგანიზაციის, მენტალური დაავადებების ეროვნული ალიანსის ინფორმაციით, მენტალური პრობლემების უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 75 პროცენტი ახალგაზრდობაში, 24 წლის ასაკიდან იწყება. ამ პერიოდიდან ხშირად ჩნდება შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD), კვებითი აშლილობა და მრავალი სხვა. კოლეჯის ამერიკელ სტუდენტებს შორის, რომელიმე ერთი პრობლემა მაინც სწავლის პერიოდში, ყოველ მეხუთე ახალგაზრდაში იჩენს თავს. ექიმები გვეუბნებიან, რომ ვარჯიშთან ერთად, ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძილს და სწორ კვებას.

სიარული და ვარჯიში სასურველია უფრო მეტად პარკებში და ტყეებში. გარეთ სეირნობა მენტალურთან ერთად, ხელს უწყობს და განამტკიცებს ფიზიკურ ჯანმრთელობასაც. ორგანიზმში გარეთ სეირნობის დროს D ვიტამინი გამომუშავდება, ნუტრიენტი, რომლის ათვისებაც საკვებიდან რთულად ხდება, მზის სხივების წყალობით კი, ბევრად იოლია.

ამერიკულ მედიცინაში თანდათან ფართოვდება ეკო-თერაპიის მიმართულება, რომელიც ბუნების წიაღში ვარჯიშს, სეირნობას, თუ სხვა აქტივობებს აერთიანებს. ექიმები ნიშნავენ კვირაში 5-ჯერ, 30 წუთით პარკში სეირნობას. ეს განსაკუთრებით ეხება დეპრესიების და შფოთვითი აშლილობის მკურნალობის პროგრამებს. თუმცა, ხშირია ისეთი ქრონიკული დაავადებების თერაპიაშიც, როგორიცაა დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა.

ზოგი კვლევის მიხედვით, დეპრესიის შემთხვევაში, ტყეში სისტემატური სეირნობის შემდეგ, 10-დან 9 პაციენტში ან მკვეთრი გაუმჯობესება შეინიშნება, ან პრეპარატებთან კომბინაციაში, უფრო სწრაფი გაჯანსაღება. ამას გარდა, სუფთა ჰაერზე სეირნობას იმუნიტეტის მსგავსი ეფექტი აქვს: პაციენტები შემდგომი სტრესის დროს თავს უფრო დაცულად გრძნობენ.

სუფთა ჰაერზე სიარული კიდევ უფრო ეფექტურია, თუ გამოვრთავთ ყოველგვარ ტექნოლოგიურ მოწყობილობას, რომელიც მუდამ თან გვაქვს და სეირნობას მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ან სულაც უცხო ადამიანებთან ერთად შევძლებთ. სოციალური ურთიერთობების სხვა დადებით ეფექტებთან ერთად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვარჯიში სხვა ადამიანებთან ერთად, მოტივაციას ზრდის და სოციალურად გადამდებიც არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG