ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიაში დემოკრატი სენატორი აირჩიეს


ჯორჯიის შტატში არჩევნების მეორე ტური დემოკრატი სენატორის რაფაელ ვერნოკის გამარჯვებით დასრულდა. ვერნოკმა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კონკურენტი - ჰარშელ ვოლკერი დაამარცხა.

გამარჯვებულ დემოკრატ კანდიდატს გვიან ღამით პრეზიდენტი ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა და მას გამარჯვება მიულოცა.

მოპოვებული წარმატებით დემოკრატებმა სენატში უმრავლესობის გამყარება შეძლეს: ამერიკის კონგრესის ზედა პალატაში ამჟამად 51 მანდატს სწორედ დემოკრატები, 49-ს კი - რესპუბლიკელები ფლობენ.

„მძიმე კამპანიის შემდეგ, მე უნდა ვთქვა, ჩემთვის პატივია წარმოვთქვა ყველაზე ძლიერი სიტყვები დემოკრატიაში: ხალხმა არჩევანი გააკეთა,“- თქვა ვერნოკმა გამარჯვების შემდეგ და დაამატა, რომ ხმის მიცემა „არის ერთგვარი ლოცვა იმ სამყაროსთვის, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის გვსურს“.

2022 წლის შუალედურ არჩევნებამდე სენატში პარტიებს შორის ადგილების თანაფარდობა 50-50-ზე იყო, უმრავლესობას დემოკრატები ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის ხარჯზე ფლობდნენ. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ამავე დროს სენატის პრეზიდენტიცაა და თანაბრად გაყოფილი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.

შუალედური არჩევნების საჭიროება ჯორჯიის შტატში მას შემდეგ შეიქმნა, რაც არჩევნების პირველ ტურში სენატორობისთვის მებრძოლი სამი კანდიდატიდან, რომელთაგან ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, 50 პროცენტზე მეტის მოპოვება ვერც ერთმა ვერ შეძლო. შტატის კანონმდებლობა კი ამბობს, რომ ასეთ დროს მეორე ტური უნდა გაიმართოს.

წლევანდელი შუალედური არჩევნების შემდეგ სენატში უმრავლესობა დემოკრატებმა შეინარჩუნეს და რაოდენობრივად უფრო მეტ ადგილს ფლობენ, თუმცა მათ დაკარგეს კონტროლი წარმომადგენელთა პალატაზე. სადაც მცირე უპირატესობით უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ დემოკრატები ორივე პალატაზე დაკარგავდნენ კონტროლს, წარმომადგენელთა პალატაში კი რესპუბლიკელებს დიდი უმრავლესობა ექნებოდათ.

თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2022 წლის შუალედური არჩევნებისთვის მოსალოდნელი "წითელი ტალღა" (რესპუბლიკელების მასშტაბური წარმატება) არ წარმოიქმნა და ნაწილობრივ გამართლდა „შუალედური წყევლა“, რომელიც შუალედურ არჩევნებში პრეზიდენტის მარცხად არის მიჩნეული.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წითელი ტალღა არ შედგა, ანალიტიკოსების თქმით, არჩევნებში ე.წ „თაობა Z” ის აქტიური მონაწილეობა იყო, რომლის წარმომადგენლებმაც არჩევანი კონკრეტულ საკითხებზე ამა თუ იმ კანდიდატის პროგრამიდან გამომდინარე გააკეთეს და არ წარმოადგენდნენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებში ძირითადად ის კანდიდატები დამარცხდნენ, რომლებსაც წინასაარჩევნო პერიოდში მხარს დონალდ ტრამპი უჭერდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG