ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დოჟდს“ ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვა


ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსულ დამოუკიდებელ ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვა. გადაწყვეტილება ძალაში 8 დეკემბრიდან შევა.

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინსი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხეებიდან გამომდინარე“. აქვე აბოლინსი განმარტავს, რომ ტელეკომპანია „დოჟდის“ მენეჯმენტს „არ ესმის და არ იცის დარღვევების მნიშვნელობა და სერიოზულობა. შესაბამისად არ შეუძლია ოპერირება ლატვიის ტერიტორიაზე“.

ლატვია განმარტავს, რომ ტელეკომპანიას არაერთხელ მიუთითეს დაშვებული შეცდომების შესახებ, მათ შორის 2 დეკემბერს „დოჟდი“ დაჯარიმდა 10 000 ევროთი, იმის გამო, რომ არხმა გამოიყენა რუსული რუკა, სადაც უკრაინის ტერიტორია ყირიმი, რომელიც რუსეთის მიერ არის უკანონოდ ანექსირებული, რუსეთის ტერიტორიად იყო ნაჩვენები. ამასთან არხის ეთერში ითქვა „ჩვენი ჯარი“.

ტელეკომპანიის წამყვანმა ალექსეი კოროსტელეოვმა 1 დეკემბერს აუდიტორიას მიმართა და თხოვა დაეწერათ, რუსეთში ბოლო დროს მობილიზებული სამხედრო პერსონალის შესახებ და იმ დარღვევებზე რომელიც ამ პროცესს უკავშირდებოდა. ამ დროს წამყვანმა თქვა „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ბევრ სამხედრო პერსონალს, ფრონტის ხაზზე ტექნიკით და აუცილებელი ნივთებით“.

ფაქტზე გამოიძება ლატვიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მალევე დაიწყო და განცხადებაში ითქვა, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა აჩენდა ეჭვებს არხის მიერ უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების ჯარისკაცების დახმარების შესახებ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „ვინც რუსეთის ძალებს ეხმარება, ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“.

საპასუხო განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „დოჟდმა“. არხის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილება „აბსურდული და უსამართლოა“. აქვე ტელეკომპანია განმარტავს, რომ „დოჟდი“ საკაბელო მაუწყებლობას წყვეტს და ის მხოლოდ „იუთუბზე“ დარჩება.

ტელეკომპანია „დოჟდმა“ ლატვიაში მაუწყებლობის უფლება ივნისში მიიღო, მანამდე კი არხის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მარტში რუსეთში მაუწყებლობა შეეჩერებინა, მას შემდეგ რაც რუსეთში მიღებულ იქნა მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა და ჟურნალისტების მისამართით მუქარისშემცველი გზავნილები გახშირდა. ტელეკომპანიის ჟურნალისტები იძულებულები გახდნენ რუსეთი დაეტოვებინათ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG