ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლცის გაფრთხილება: მსოფლიოს ბლოკებად დაყოფა ახალ ცივ ომს მოიტანს


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ახალი ცივი ომის დაწყების წინააღმდეგ გაფრთხილებას გამოთქვამს. ოლაფ შოლცი ამბობს, რომ მსოფლიოს ბლოკებად დანაწევრება კვლავ ცივ ომს მოიტანს.

შოლცი დასავლეთს მოუწოდებს, ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი პარტნიორობები. მისი მოსაზრებები მსოფლიოს მოწყობასთან დაკავშირებით, ორშაბათს, 5 დეკემბერს ჟურნალმა "ფორინ ეფეარსმა" გამოაქვეყნა.

დასავლეთი მოვალეა დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები და ღია საზოგადოებები, "მაგრამ ჩვენ ასევე თავიდან უნდა ავიცილოთ ცდუნება, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ ბლოკებად დაიყოს" - წერს გერმანიის კანცლერი. მისი აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ "ყველაფერი ვიღონოთ ახალი პარტნიორობების ასაშენებლად, პრაგმატულად და იდეოლოგიური საჩრდილობლების გარეშე".

შოლცმა მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ორი მთავარ საფრთხედ ჩინეთი და რუსეთი დაასახელა. მისი თქმით, ამ ორ ქვეყანასთან მიმართებაში, უფრო ძლიერი ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთობაა საჭირო.

ტრანსატლანტიკური პარტნიორობა სასიცოცხლო ძალად რჩება რუსეთის საფრთხის პირისპირ მყოფ მოკავშირეთა ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფოებისთვის. ჩინეთის იზოლაციონიზმისკენ სწრაფვა და ტაივანთან პეკინის მიდგომა კი ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ახალ, კიდევ უფრო ძლიერ პარტნიორობას მოითხოვს - წერს შოლცი საავტორო პუბლიკაციაში.

გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ "მოკავშირეების მოლოდინის შესაბამისად, გერმანია აპირებს გახდეს ევროპის უსაფრთხოების გარანტორი, ევროპის კავშირის წევრებს შორის ხიდის მშენებელი და გლობალურ პრობლემებთან მიმართებაში - მრავალმხრივი გადაწყვეტილებების ადვოკატი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG