ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიის არჩევნების მნიშვნელობა - უორნოკის და უოლკერის შანსები


რესპუბლიკელი ჰირჩელ უოლკერი (მარცხნივ) და დემოკრატი რაფაელ უორნოკი (მარჯვნივ)
რესპუბლიკელი ჰირჩელ უოლკერი (მარცხნივ) და დემოკრატი რაფაელ უორნოკი (მარჯვნივ)

ჯორჯიის შტატში დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურის წინ, სენატორობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია დაასრულეს და კვირას ამომრჩევლებს საბოლოოდ მიმართეს. განმეორებითი არჩევნები ჯორჯიაში სამშაბათს, 6 დეკემბერს გაიმართება.

ამერიკის ამ სამხრეთ შტატში, შუალედური არჩევნების კამპანიაზე კანდიდატებმა წელს ყველაზე მეტი, 400 მილიონ დოლარამდე თანხა დახარჯეს. მართალია, დემოკრატებმა შეერთებული შტატების სენატზე კონტროლი უკვე მოიპოვეს, მაგრამ ჯორჯიის შტატში გამარჯვებისთვის ბრძოლას, მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 8 ნოემბერს ჩატარებულ კონგრესის არჩევნებზე, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა წელს რესპუბლიკელებმა მოიგეს.

ჯორჯიის შტატში ერთმანეთს უპირისპირდებიან დემოკრატი რაფაელ უორნოკი და რესპუბლიკელი ჰირჩელ უოლკერი. უორნოკის მოგება სენატში დემოკრატებს 51-ე მანდატს შემატებდა, 49 რესპუბლიკელი სენატორის წინააღმდეგ. ეს კი მათ სენატის კომიტეტებში და მოსამართლეების დანიშვნის დროს, მეტ უპირატესობას მისცემდა.

თუ არჩევნები უოლკერმა მოიგო, პარტიებს შორის სენატში ხმები თანაბრად გაიყოფა და ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა კენჭისყრის დროს, დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ექნება. გამარჯვების შემთხვევაში, რესპუბლიკელებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებების დასაბლოკად, მეტი შანსი მიეცემათ.

ვადამდე ხმის მიცემის უფლებით, რომელსაც ვადა გასული კვირის პარასკევს ამოეწურა, ჯორჯიაში უკვე ისარგებლა 1.85-მა მილიონმა ამერიკელმა. ორივე პარტიის ექსპერტები მოელიან, რომ ვადამდე მიცემული ხმებით, ლიდერი ჯერჯერობით დემოკრატი კანდიდატი იქნება. რესპუბლიკელები, როგორც წესი, არჩევნების დღეს უფრო მეტი აქტივობით გამოირჩევიან.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ჯორჯიაში მცირე უპირატესობას დემოკრატი უორნოკი ფლობს. თუმცა, მისი უპირატესობა მინიმალურია და გამოკითხვის შესაძლო ცდომილების ზღვარს არ სცდება. რესპუბლიკელ უოლკერს არჩევნებზე მხარდაჭრა ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოუცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG