ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა-რუსეთმა ომის პატიმრები გაცვალეს


უკრაინასა და რუსეთს შორის ომის პატიმართა გაცვლის კიდევ ერთი რაუნდი შედგა. კიევი კი პარალელურად კვლავ რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად დაზიანებული ელექტრომომარაგების სისტემების აღდგენას ცდილობს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უკრაინული დრონის იერიშის გამო ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

რაც შეეხება ბრძოლის ველს, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ვითარება კვლავ "რთულია". ვოლოდიმირ ზელენსკი 6 დეკემბერს დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც რუსული ძალები კვლავ აქტიურად უტევენ ინდუსტრიულ ქალაქ ბახმუტში გამაგრებულ უკრაინელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრი ერმაკი ამბობს, რომ შინ 60 უკრაინელი ტყვე დაბრუნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაცვლის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მათაც იმავე რაოდენობის პატიმარი დაიბრუნეს.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ენერგოინფრასტრუქტურა კვლავ რუსული იერიშების სამიზნეა და რამდენიმე რეგიონში მომარაგება კვლავ შეიზღუდება. ინჟინრები კი მთავრობის განცხადებით, დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ უდიდესი დარტყმების შედეგად დაზიანებული სისტემები შეაკეთონ.

გასულ ღამით იბომბებოდა უკრაინის სამხრეთით მდებარე ზაპორიჟიის და ცენტრალური დნიპროს რეგიონები. ოფიციალური პირების ცნობით, ქალაქ ზაპორიჟიის გარეუბნებში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი კიევის შემოგარენის თითქმის ნახევარიც.

უშუალოდ კიევში ნაკლები დაზიანებაა დაფიქსირებული, თუმცა მის შემოგარენ რეგიონში, რომლის მოსახლეობაც ომამდე 1.8 მილიონს აღწევდა, ენერგოინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დგას. "მომდევნო დღეებში რეგიონის თითქმის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე იქნება", - თქვა რეგიონის გუბერნატორმა, ოლექსი კულებამ 5 დეკემბერს.

ენერგოგამანაწილებელი სისტემის ოპერატორი კომპანიის - "უკრენერგოს" ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოსკოვი განზრახ უტევს ენერგო ობიექტებს მაშინ, როცა ქვეყანაში ტემპერატურა ნულს ჩამოსცდა. მისი თქმით, ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

დაზიანება სერიოზულია სხვა რეგიონებშიც. ოდესის რეგიონში პრობლემები შეექმნა წყლის სისტემასაც. წყლის ამოსატუმბი სადგურები და რეზერვუარები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მომხმარებელს სასმელი წყალი არ მიეწოდება. გათბობის გარეშეა 40-მდე საცხოვრებელი კვარტალი აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კრამატორსკში.

მძიმე შეტაკებები გრძელდება სწორედ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებში და მათ შემოგარენში - ბახმუტისა და ანდრიივკის მიმართულებით. რუსული ძალები უკრაინულ მხარეს აქტიურად უტევენ, როგორც სახმელეთო, ისე - საჰაერო ძალების გამოყენებით. 6 დეკემბერს, უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე 20 დასახლებაზე მეტი დაიბომბა. მათ შორის, დოლედარი, ვერხნოკამიანსკი, ანდრიივკა და იაკოვლივკა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ფრონტის ხაზზე ჩავიდა, ჯარისკაცები შეაქო და ბახმუტში მებრძოლებს მედლები გადასცა.

ამავე დროს, რუსეთში, კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, აეროდრომი საჰაერო, დრონით განხორციელებული იერიშის სამიზნე გახდა. თუმცა ამჯერად გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია დრონის წარმომავლობა. რუსეთი უკრაინას რუსულ ტერიტორიებზე იერიშშიც სდებს ბრალს. 2 დღის წინ მოსკოვმა კიევი სარატოვისა და რიაზანის რეგიონის სამხედრო ბაზებზე იერიშში დაადანაშაულა. გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. კრემლის პრეს-სპიკერის თქმით, ხელისუფლება ახლა "უკრაინული იერიშებისგან თავდასაცავად საჭირო აუცილებელ ნაბიჯებს" განიხილავს.

ევროპაში კი უკრაინის საელჩოებში "სისხლიანი პაკეტების" გაგზავნა გრძელდება. ასეთი გზავნილები, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიიღეს დანიასა და რუმინეთში. მანამდე კი კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში საელჩოებმა მიიღეს ამანათები, რომელთაგან ზოგში ასაფეთქებელი საშუალება, ზოგან კი მკვდარი ცხოველების ნაწილები იყო მოთავსებული.

XS
SM
MD
LG