ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება“- ლოიდ ოსტინი


ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი გერმანია, 20 იანვარი, 2023

რუსეთ-უკრაინის ომში გადამწყვეტი მომენტია, ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივანი და განმარტავს, რომ დასავლეთმა უკრაინის დახმარების ძალისხმევა უნდა გააძლიეროს. ოსტინმა გერმანიაში კოლეგა თავდაცვის მინისტრებს მოუწოდა უკრაინას საჭირო ამუნიცია და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნონ.

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი უკრაინისთვის, მსოფლიოსთვის... უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, იმდენ ხანს რამდენიც საჭირო იქნება,“- თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა რამშტეინის ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლოიდ ოსტინმა აქვე განმარტა, რომ რუსეთი ძალების გადაჯგუფებას ახდენს. ამერიკის თავდაცვის მდივანი აქვე განმარტავს, რომ რუსულ ჯარს ბევრი პრობლემა აქვს მათ შორის ამუნიციის კუთხითაც.

„რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება, განიცდის მარცხს ბრძოლის ველზე. ის მიმართავს თავის რამდენიმე დარჩენილ პარტნიორს რათა მიიღოს საჭირო იარაღი და განაახლოს მისი არაპროვოცირებული, ტრაგიკული ბრძოლა [უკრაინაში],“- ამბობს თავდაცვის მდივანი ოსტინი.

მან აქვე განმარტა, რომ რუსეთის მოლოდინები არ გამართლდა და არაპროვოცირებული ომის პირობებში კრემლმა ერთიანი დასავლეთი და ძლიერი უკაინა მიიღო. მდივანი ოსტინი განმარტავს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მან პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე.

„რუსულმა ძალებმა გაზარდეს საშინელი თავდასხმები, დახოცეს მრავალი უდანაშაულო უკრაინელი. ჩვენ ნათლად ვიხილეთ რუსული სისასტიკე რამდენიმე დღის წინ ქალაქ დნიპროში. რუსული სარაკეტო იერიში საცხოვრებელ კორპუსზე, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები,“- თქვა ოსტინმა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განმარტა, რომ რუსეთს იერიში მიაქვს უკრაინელ მოსახლეობაზე, ანადგურებს ისტორიულ ძეგლებს და სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის ელექტროსადგურებს.

„რუსულმა ძალებმა გაანადგურეს კულტურის ცენტრები, ისტორიული შენობები, თეატრები, სპორტული მოედნები, ელექტროსადგურები. რუსეთის მიზანია გატეხოს უკრაინის სულისკვეთება, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. უკრაინელი ხალხის შემართებამ მსოფლიო შთააგონა,“- თქვა ოსტინმა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა დღესვე ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, რომელსაც ვაშინგტონი კიევს მიაწვდის, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებს, სხვა სამხედრო ტექნიკასა და ამუნიციას. ვრცლად იხილეთ აქ.

ლოიდ ოსტინმა პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და ერთიანი ძალისხმევით გააძლიერონ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები.

„ჩვენ ვამაყობთ, ჩვენს ძვირფას მოკავშირებთან და პარტნიორებთან ერთად დგომით და იმით, რომ ერთად ვუჭერთ მხარს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას,“- თქვა ოსტინმა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა მკაფიოდ აღნიშნა პოლონეთის წვლილი უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და კიევისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდების კუთხით.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა გამოსვლის დროს მწუხარება გამოთქვა, კიევის ოლქში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ბავშვები და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ემსხვერპლა. ოსტინმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG