ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინაში ასობით ჯავშანმანქანას და რაკეტას გზავნის


ხუთშაბათს, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 2.5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილად, უკრაინას ასობით ჯავშანმანქანას, ასევე რაკეტებს და საარტილერიო ჭურვებს გაუგზავნის.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკეტი მოიცავს 59 „ბრედლი“ საბრძოლო მანქანას, 90 „სტრაიკერ“ ქვეითთა ჯავშანმანქანას, 53 ნაღმგამძლე, ჩასაფრებისგან დაცულ მანქანას და 350 მრავალდანიშნულებიან, მაღალი გამავლობის ბორბლებიან მანქანას.

ბოლო პაკეტში მოქცეული 59 „ბრედლი“, მანამდე, იანვარში გამოცხადებული 50 მანქანის შემდეგ გაიგზავნება. ჯავშნიან „ბრედლის“ მძლავრი ქვემეხი აქვს და აშშ-ის არმია მას 1980-იანი წლებიდან ჯარისკაცების ბრძოლის ველებზე გადასაადგილებლად იყენებდა.

დახმარების ბოლო პაკეტში ასევე შედის დამატებითი ამუნიცია „ჰაიმარს“ სისტემებისთვის, 8 „ევენჯერ“ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა, ათობით ათასი საარტილერიო ჭურვი და დაახლოებით 2000 ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტა.

მთლიანობაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის 27.4 მილიარდ დოლარზე მეტი გამოჰყო.

დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის შეიარაღების მიწოდების პირობა დადეს. იმის შიშით, რომ ზამთარი რუსულ ძალებს გადაჯგუფებისთვის და დიდი შეტევისთვის დროს მისცემს, უკრაინა დაჟინებით ითხოვს მეტ დახმარებას, რათა მოსკოვის აგრესიას ებრძოლოს.

დეკემბერში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს უთხრა, რომ უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიაში ინვესტირებაა და არა ქველმოქმედება.

XS
SM
MD
LG