ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თქმით, ამერიკასთან ურთიერთობა ახლა ყველაზე დაბალ დონეზეა


ჯო ბაიდენს და ვლადიმირ პუტინს შორის შვეიცარიაში გამართული დიალოგი ჯერჯერობით მათი ბოლო პირისპირ შეხვედრა იყო. ჟენევა, შვეიცარია. 16 ივნისი, 2021 წ.
ჯო ბაიდენს და ვლადიმირ პუტინს შორის შვეიცარიაში გამართული დიალოგი ჯერჯერობით მათი ბოლო პირისპირ შეხვედრა იყო. ჟენევა, შვეიცარია. 16 ივნისი, 2021 წ.

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახლა ყველაზე დაბალ დონეზეა. მოსკოვი თვლის, რომ სიტუაციის გამოსწორების შანსები ჯერჯერობით არ იკვეთება.

"ორმხრივი ურთიერთობა სამწუხაროდ, ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზეა... უახლოეს მომავალში გაუმჯობესების იმედი არ არსებობს" - განაცხადა პარასკევს 20 იანვარს, ჟურნალისტებთან საუბარში კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ურთიერთობა ისედაც დაძაბული იყო, მაგრამ სიტუაცია გაცილებით გართულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს, ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე, თავს დაესხა მეზობელ უკრაინას და მასზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა. ამ ნაბიჯმა ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების მხრიდან სანქციების მთელი წყება გამოიწვია, რომელთა სამიზნე რუსეთის ეკონომიკა იყო.

ამას გარდა, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ძალიან სწრაფად მიაწოდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამხედრო დახმარება. კრემლმა ამ ქმედების დაგმობა არ დააყოვნა და ვაშინგტონს, მსხვილმასშტაბიან კონფლიქტში, რომელსაც ის დღემდე "სამხედრო სპეცოპერაციას" უწოდებს, უშუალო როლის თამაში დასწამა. ომის მასშტაბი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდისთვის, ევროპის კონტინენტზე სრულიად უპრეცედენტოა.

კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის 11 თვის განმავლობაში, ამერიკას და რუსეთს შორის ურთიერთობებში მცირე დიპლომატიური წარმატებებიც შეინიშნებოდა. კერძოდ, მოხდა პატიმრების გაცვლა და სამშობლოში ამერიკელი საზღვაო ქვეითი ვეტერანის - ტრევორ რიდის და ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავის - ბრიტნი გრაინერის დაბრუნება.

თუმცა, უმაღლეს დონეზე ურთიერთობა კვლავ ძალზე დაძაბულია. ბოლო მომენტში გადაიდო ნოემბერში დანიშნული "ახალი სტარტის" ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება, რომელიც ბირთვული განიარაღების მიზნით ინსპექციების განახლებას ისახავდა მიზნად.

შეერთებული შტატების და რუსეთის ლიდერებს შორის უმაღლესი დონის შეხვედრა ბოლოს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიმართა. მაშინ, 2021 წლის 16 ივნისს, ჯო ბაიდენს და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული საუბარი, მათი ბოლო დიალოგი იყო ერთმანეთის პირისპირ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG