ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: "დასავლეთს და უკრაინას რუსეთის განადგურება სურთ"


"შეერთებულ შტატებს და მის ნატოს წევრ მოკავშირეებს, უკრაინასთან ერთად, ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება სურთ, რათა ის გაანადგურონ", - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსთან" საუბრისას.

"კოლექტიური დასავლეთის წევრი ქვეყნების და მათ კონტროლქვეშ მყოფი ზელენსკის ქმედებები ადასტურებს, რომ უკრაინის კრიზისს გლობალური მასშტაბი აქვს", - ამბობს ლავროვი და განმარტავს, რომ არავისთვისაა საიდუმლო, რომ "ამერიკისა და მისი ნატოს წევრი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანი რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებაა", რათა ეს გამოიყენონ როგორც მექანიზმი მთელი ქვეყნის დასასუსტებლად და გასანადგურებლად.

ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი, რომელსაც ის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, მისივე თქმით, უკრაინის "დენაციფიკაციას" და "დემილიტარიზაციას" ისახავს მიზნად.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და ამერიკას არ შეუძლიათ ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება და მისი თქმით, ამაში დამნაშავე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაა.

"ობიექტურად შეუძლებელია შევინარჩუნოთ ნორმალური კომუნიკაცია ბაიდენის ადმინისტრაციასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მარცხს თავის მიზნად ასახელებს", - თქვა ლავროვმა და დასძინა, რომ ვაშინგტონის "კონფრონტაციული ანტი-რუსული კურსი" უფრო და უფრო ყოვლისმომცველი ხდება.

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები წლების განმავლობაში უარესდებოდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და ვაშინგტონის, ისევე როგორც დემოკრატიული სამყაროს სხვა ლიდერების მხრიდან, სანქციების მთელი წყება გამოიწვია.

ამერიკამ უკრაინას მილიარდობით დოლარის დახმარება მიაწოდა. მხოლოდ გასულ კვირას 1.85 $ მილიარდი დოლარის დამხედრო დახმარების შესახებ გახდა ცნობილი, რაც მოსკოვისთვის კიდევ ერთი უსიამოვნო სიახლე იყო. ასევე, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოო თანხმობა განაცხადა, უკრაინის დახმარების 45 მილიარდიან პაკეტზე.

ლავროვის კიდევ ერთი განცხადებით, რომელიც ასევე "ტასსმა" გაავრცელა, ქვეყნის პირველი დიპლომატი კიევს მოსკოვის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხს "რუსული ჯარი გადაწყვეტს".

რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო დასახლებებისა და ენერგო-ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. მწვავე შეტაკებები გრძელდება ქვეყნის აღმოსავლეთში ქალაქ ბახმუტთან.

XS
SM
MD
LG