ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამილტონი: ის, რომ კონგრესში საქართველოს დახმარების საკითხს განიხილავენ, უკვე ტრაგიკულია


ამერიკის შეერთებული სტატების თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი
ამერიკის შეერთებული სტატების თადარიგის პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი

რუსეთის მიერ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრიდან 10 თვის შემდე­გ, დასავლური იარაღით აღჭურვილი უკრაინა რუსეთი აგრესიას იმაზე უფრო წარმატებით უმკლავდება, ვიდრე ბევრი ანალიტიკოსი ამას ომის დასაწყისსი ვარაუდობდა. მაშინ, როცა უკრაინა კვლავ ითხოვს გრძელი რადიუსის მქონე იარაღს და მეტ მხარდაჭერას დასავლეთისგან, ნატოს წევრი სახელმწიფოების გაწეული დახმარება უკვე არის უპრეცედენტო. ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ისტორიული ვიზიტისას დადასტურდა უკრაინისთვის "პატრიოტის" სარაკეტო სისტემების გადაცემის შესახებ არსებული ცნობებიც. ომის 10 თვის - რუსეთისა და ასპირანტი ქვეყნებისადმი ნატოს დამოკიდებულების ცვლილების, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების და საქართველოს თავდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ “ამერიკის ხმას“ შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკი, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ომის კოლეჯის პროფესორი რობერტ ჰამილტონი ესაუბრა.

- რას ნიშნავს ეს ომი და ეს 10 თვე ნატოსთვის? რა და როგორ შეიცვალა ალიანსისთვის ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღქმის მხრივ?

- ვფიქრობ, ეს ომი ნატოსთვის რამდენიმე რამეს ნიშავდა: მან გააძლიერა ნატოს ერთიანობა ისე, როგორც ალბათ ის არასდროს გაძლიერებულა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ნატო ახლა ნამდვილად უფრო ერთიანი და უფრო მტკიცეა, ვიდრე ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო. ამან შეცვალა ჩვენი წარმოდგენაც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ, ასევე მის მიერ ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის მზაობის თაობაზეც. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი იმაზე სუსტია სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენ ომის დაწყებამდე ვაფასებდით და ყველა იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც ამ ომში მიიღეს, ნამდვილად კიდევ უფრო ნაკლებად ძლიერია ის ახლა, ვიდრე ამ წლის თებერვალში იყო.

მაგრამ ასევე, ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელსაც უფრო მეტად სურს გარისკვა და სამხედრო ძალის გამოყენება. ასე რომ ზოგიერთი კუთხით, რუსეთი ახლა სულაც არაა ნაკლებად საშიში. ის ახლა ევროპისა და ნატოსთვის სხვანაირი საფრთხეა.

- უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ამ წლის განმავლობაში მოსაზრებების არაერთი ცვლილება ვიხილეთ. დინამიკა იცვლებოდა ამა თუ იმ იარაღის მიწოდების თაობაზე ყოყმანიდან იმ დღემდე, როცა უკრაინისთვის ამერიკულიპატრიოტისსისტემის მიწოდების თაობაზე შევიტყვეთ. როგორ ხედავთ ამ პროცესს, ამ დინამიკას და ამ გადაწყვეტილებების სამხედრო და პოლიტიკურ მნიშვნელობას?

- დიახ, ჩვენ ამ ომის მიმდინარეობისას ვნახეთ, რომ დასავლეთში, განსაკუთრებით კი ამერიკაში, გაიზარდა უკრაინისთვის უფრო მოწინავე იარაღის მიწოდების სურვილი, რომელიც მას მეტ შესაძლებლობას მისცემს გაუმკლავდეს რუსეთის თავდასხმას. ჩვენ ასევე ვნახეთ მეტი რისკის გაწევის მცირედით გაზრდილი სურვილიც როგორც ნატოს, ისე - ამერიკის მხრიდან - იმ ტიპის იარაღის თაობაზე, რომელსაც [უკრაინას] აწვდიან.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ვფიქრობ ისაა, რომ უკრაინამ საკმარისად ეფექტურად იბრძოლა ომის დასაწყისში და ეს ომი გაგრძელდა იქამდე, სადაც უფრო კომპლექსური იარაღის სისტემებია საჭირო. დასავლეთის დედაქალაქებში უკვე ესმით, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. უკრაინელების უნარი, შესაძლებლობა რომ შეეწინააღმდეგონ და გააგრძელონ ეს ბრძოლა, არის უდიდესი ნაწილი იმისა, რამაც დასავლეთის ქვეყნებს შეაცვლევინა გათვლები და გადააწყვეტინა კიევს უფრო ეფექტური და უფრო ძლიერი იარაღი მიაწოდონ.

რაც შეეხება კონკრეტულად „პატრიოტებს“, ეს ძალიან ძლიერი სარაკეტო სისტემებია. ეს არის დამიზნებითი თავდაცვითი სისტემები, ის შეიძლება გამოდგეს კონკრეტული ობიექტების დასაცავად და არა - მთელი არეალის, მაგალითად მთელი ქალაქების დასაცავად. თუმცა მას შეუძლია დაიცვას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილები თუ ობიექტები. „პატრიოტებს“ამერიკის მიერ უკრაინისთვის აქამდე მიცემული იარაღისგან ის განასხვავებს, რომ ეს უფრო გრძელი რადიუსის მქონე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემაა, ასე რომ მათ უფრო შორს შეუძლიათ მისწვდნენ ჰაერში სამიზნეს და გაანადგურონ ის.

- რუსეთმა უკვე გამოხატა წინააღმდეგობა და თქვა, რომ თუკი უკრაინაშიპატრიოტისსისტემები განთავსდება, ის მოსკოვისთვის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე გახდება. როგორ ფიქრობთ, აფერხებს ამგვარი მუქარა გადაწყვეტილებებს ასეთი მნიშვნელოვანი იარაღის მიწოდების თაობაზე? როგორიაპატრიოტებისპოლიტიკური წონა და ფასი?

- როგორც გითხარით, ეს არის ამერიკისთვის ერთი საფეხურით და ნაბიჯით მაღლა - რისკის თვალსაზრისით, უფრო ძლიერი იარაღის სისტემების მიწოდების და რუსეთთან ესკალაციის რისკის კუთხით. გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსებმა ასეთი რამ ყველა იმ იარაღის სისტემაზე თქვეს, რომელსაც დასავლეთი უკრაინას ომის დაწყებიდან აწოდებს. ამბობდნენ, რომ ეს ესკალაციური ნაბიჯი, იარაღი კი - ლეგიტიმური სამიზნე იქნებოდა. ამერიკამ უკრაინას ამ დრომდე 20-მდე „ჰაიმარსი“ მიაწოდა. [რუსები] უკრაინაში მათი ჩასვლის დღიდან ცდილობენ მათ აღმოჩენას და განადგურებას, მაგრამ ჯერაც წარუმატებლად. სულაც არაა გასაკვირი, რომ რუსეთი იტყვის, რომ პატრიოტები ესკალაციაა და დაიმუქრება მათი მიზანში ამოღებით. დიახ, ისინი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე იქნება. რა თქმა უნდა, რუსები მათ განადგურებას ეცდებიან, რადგან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებს გაზრდის.

- როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება მათი ყველაზე ეფექტური გამოყენება? სადაა ისინი ყველაზე საჭირო?

- ალბათ იქნება კონსულტაციები ამერიკის საჰაერო თავდაცვის ექსპერტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის, მაგრამ ეს უკრაინელების გადასაწყვეტია იმის მიხედვით, თუ საბოლოოდ რამდენ „პატრიოტს“ მიიღებენ და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რა ნაწილის დაცვას შეძლებენ. ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ენერგოინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მწვავე თავდასხმების ქვეშაა, შესაძლოა ამ მხრივ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყოს.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საუბარი იარაღის კონტექსტში გვესმის, უკრაინის მხრიდან რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე იერიშის მიტანაა. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამერიკა უკრაინას ამის არც საშუალებებს აძლევს და არც ახალისებს ამის გაკეთებისკენ. კვლავ ვხედავთ ყოყმანს გრძელი რადიუსის მქონე სისტემების მიწოდების თაობაზე. როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა ეს დისკუსიები და ეს პროცესი?

თავად ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირების საკითხს, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის.

- არ მგონია, რომ ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა. მე თეთრი სახლიდან ან პენტაგონიდან ამგვარი, გრძელრადიუსიანი იარაღის მიწოდების მზაობასთან დაკავშირებით არაფერი გამიგია. ვფიქრობ, კვლავ არის ნაბიჯები, რომელთაც ამ ეტაპზე შეერთებული შტატები კვლავ ძალიან დიდ ესკალაციად მიიჩნევს. არ მგონია, რომ ამას ასე ვთქვათ, სამომავლოდ ინახავდნენ, უკრაინამ აჩვენა, რომ რუსეთში, და საკმაოდ ღრმადაც, საკუთარი იარაღითაც შეუძლია თავდასხმა. ვფიქრობ ეს უფრო არის ის, რომ ამერიკას არ სურს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაშინაც კი თუკი უკრაინელები მოგვცემენ გარანტიას, რომ ამ იარაღს საზღვრის მიღმა არ გამოიყენებენ. ვფიქრობ, ამერიკას უბრალოდ არ სურს ამ რისკის გაწევა.

- თუკი ნატო, ამერიკა კვლავ ფრთხილობენ იმის თაობაზე, რა შეიძლება მიიჩნიოს მოსკოვმა ზედმეტად ესკალაციურ ნაბიჯად, ხომ არ ახერხებს ამგვარად რუსეთი დასავლეთის შეკავებას იმისგან, რომ უკრაინამ ყველა ის იარაღი მიიღოს, რასაც კიევი ითხოვს, მათ შორის გრძელრადიუსიანი სარაკეტო სისტემები?

- ვფიქრობ აშკარაა, რომ მოსკოვის ძალისხმევა ნამდვიალდ წარუმატებელია, რადგან ომის მიმდინარეობისას დასავლეთი კიევს უფრო და უფრო მეტ და მეტად კომპლექსურ იარაღს, მზარდი შესაძლებლობების სისტემებს აწვდის. ასე რომ, დიახ, რუსეთმა სცადა დასავლეთის შეკავება ბირთვული მუქარით, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამის მხოლოდ ძალიან მცირე შემაკავებელი ეფექტი შეიძლება დავინახოთ.

გადაწყვეტილებათა უმეტესობა, თუნდაც მაგალითად ATACAMS-ის სისტემების თაობაზე, ვფიქრობ, თვით-შეკავება უფროა, არ გამიგია, რომ მაგალითად რუსებს კონკრეტულად ამ სისტემების მიცემა-არმიცემაზე გაევლოთ წითელი ხაზი. მაგრამ ამერიკა ამ ეტაპზე ამას ესკალაციის ზედმეტად დიდ რისკად მიიჩნევს. ვფიქრობ, ეს რეალისტური, ფხიზელი გაანგარიშების საფუძველზე ხდება, იმის თაობაზე თუ რა სჭირდება უკრაინას, რას უფრო ეფექტურად გამოიყენებს, და როგორ შეიძლება ესკალაციის რისკის მენეჯმენტი.

- უკრაინის შეიარაღებული ძალების ლიდერები ამბობენ, რომ 2023 წლის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, რუსეთი ჩრდილოეთიდან განახლებული შეტევისთვის ემზადება, რომლის სამიზნეც შესაძლოა კვლავ დედაქალაქი გახდეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ეს და რას შეიძლება ნიშნავდეს?

- დიახ, ბევრი უკრაინელი სამხედრო მეთაური საუბრობს განახლებული შეტევის საშიშროებაზე იანვარ-თებერვლის პერიოდში. რუსული მხარე კი მობილიზებულთა დიდ რაოდენობას ასახელებს. ვფიქრობ 300-350 ათასი ჯარისკაცი აძლევს რუსეთს გაზრდილ შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე უნდა ვიკითხოთ: რა ტიპის აღჭურვილობა აქვთ მათ, რა ჯავშანტექნიკა ან სატვირთო ტექნიკა აქვთ ასეთი მნიშვნელოვანი იერიშის მოსაწყობად? როგორი ლიდერები ჰყავს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს?

ამ ომში შეიარაღებული ძალების ბევრი მეთაურიც მოკლეს. ასე რომ, არიან მაღალი რანგის მეთაურები, რომლებსაც ამ ახალი ძალების გაძღოლა და კონტროლი შეუძლიათ? თუმცა არის ნიშნები იმისა, რომ ისინი ემზადებიან ზამთარში, გაყინულ მიწაზე სახმელეთო იერიშის განახლებისთვის. ვფიქრობ, დასავლეთის შეფასებების მიხედვით, კიევზე კიდევ ერთი იერიში წარმატებული ვერ იქნება. თუმცა არაა გამორიცხული რუსებმა მცირე წარმატებას მიაღწიონ აღმოსავლეთ ან სამხრეთ უკრაინაში.

- რას ფიქრობთ ბელარუსის ჩართულობაზე? ფიქრობთ გადაწყვეტს ლუკაშენკო ომში ღიად და უფრო ოფიციალურად ჩართვას?

ნატოს სჭირდება, რომ საქართველომ სერიოზული ფოკუსირება მოახდინოს საკუთარ, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე.

- ეს რთული შეკითხვაა. ერთი მხრივ, ლუკაშენკოს პუტინისა და რუსეთის გარდა სხვა გზა არ აქვს. მან დასავლეთისკენ ყველა ხიდი დაწვა. მეორე მხრივ კი, ის საკმაოდ წარმატებით ახერხებდა ზღვარზე სიარულს და პირდაპირ სამხედრო ინტერვენციაში უკრაინასა და დასავლეთს დადანაშაულების საფუძველს არ აძლევდა. ბელარუსის ტერიტორიას რუსები უკრაინაზე იერიშის მისატანად იყენებენ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ლუკაშენკომ თავს უფლება მისცეს უშუალოდ ჩაერთოს ომში. არ ვიცი რა საცდური ან მუქარა უნდა გამოიყენოს პუტინმა იმისთვის, რომ ლუკაშენკომ ბელარუსის ჯარს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა უბრძანოს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე - ნაკლებ სავარაუდო.

- რას ნიშნავს ომის ეს 10 თვე საქართველოსთვის? ბუქარესტიდან ბუქარესტამდე - რა ტიპის დახმარება სჭირდება საქართველოს ნატოსგან და რისი დანახვა სჭირდება ნატოს საქართველოსგან? უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რა რისკები არსებობს თბილისთივის მაშინ, როცა განგრძობითად გვესმის განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს დასავლელ პოლიტიკოსებს „საქართველოს ომში ჩათრევა სურთ“?

- სამწუხაროდ ესაა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად - ეს ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა. რა თქმა უნდა, სიმართლისგან ამაზე შორს არაფერია. ეს უბრალოდ სიყალბეა. ვვარაუდობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამას ამბობენ, იციან, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ იმ პოზიციის გასამართლებლად, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მართლა სამწუხაროა. ეს არ ასახავს საქართველოს. ეს არაფრით ეხმარება ნატოს და კოლექტიურად, დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში.

ასე რომ, რა სჭირდება ნატოს საქართველოსგან? ალიანსს სჭირდება მისი სერიოზული ფოკუსირება ქვეყნის, საკუთარ, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე. ნატოს ქარტიის მესამე მუხლი გულისხმობს გამძლეობას, მდგრადობას. ყველა ფოკუსირებულია მეხუთე მუხლზე, მაგრამ მესამე მუხლიც ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამბობს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ჩადონ მნიშვნელოვანი და სერიოზული ინვესტიციები საკუთარი ეროვნული ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებში და შექმნან საზოგადოებრივი გამძლეობა. ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი თავისთვის და ნატოსკენ მისწრაფებისთვის, მოახდინოს სერიოზული ინვესტირება ამ შესაძლებლობებში. ეს დაეხმარებოდა მას, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები. ამგვარად, თუ და როცა ის გახდება ალიანსის წევრი, ის არ იქნება ტვირთი ნატოსთვის, არამედ მას შეეძლება წვლილი შეიტანოს საკუთარ თავდაცვაში და უფრო ფართო - ნატოს თავდაცვაში.

- იენს სტოლტენბერგმა წელს ბუქარესტშიც თქვა, რომ რუსული აგრესიის პირისპირ მყოფ ქვეყნებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორ ფიქრობთ, შეცვალა ამ ომმა ალიანსშიც იმის აღქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს ქვეყანაში თავდაცვის გაძლიერება?

- ვფიქრობ, ზოგადად, საქართველომაც, უკრაინამაც და ნატოს წევრმა ქვეყნებმაც გაიგეს, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ჩვენ ეს ყველას გვეგონა. მაგრამ ასევე, უფრო მეტადაა მზად წავიდეს რისკზე და გამოიყენოს სამხედრო ძალა. ეს არის უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი რუსეთი, რომელიც იმაზე მეტ რისკზეა წამსვლელი, გეოპოლიტიკური და ეროვნული კუთხით, ვიდრე ჩვენ ვიფიქრებდით, მაგრამ ბევრად დასუსტებული რუსული ჯარიც კვლავ მნიშვნელოვანი საფრთხეა საქართველოსთვის.

რაც შეეხება ნატოს წევრობას, საქართველო შეიძლება ბალტიისპირეთის ქვეყნებს შევადაროთ. საქართველოს არ აქვს ის, უპირატესობა, რაც მათ: საქართველოს არ ჰყავს ორი მეზობელი, რომელიც ასევე ნატოს წევრი უნდა გახდეს ან თუნდაც პოლონეთის მსგავსი ქვეყანა. შეგვიძლია ვიდავოთ, რომ თურქეთი ასრულებს პოლონეთის როლს საქართველოსთვის, როგორც ნატოს წევრი, დიდი ქვეყანა მის საზღვრებთან, რომელსაც შეუძლია ერთგვარად შეაჩეროს რუსეთი. მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ისინი ყოველთვის ერთად და ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობით მიდიოდნენ წინ თავიანთი თავდაცვის კუთხით. საქართველოს ეს ფუფუნება არ აქვს. სამხრეთ კავკასიაში სომხეთი და აზერბაიჯანი დროდადრო ერთმანეთს ებრძვიან და არც ერთი მათგანი არაა ნატოს წევრობის სერიოზული კანდიდატი. ასე რომ საქართველო გარკვეულწილად მარტოა და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მან საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებში ინვესტიციები ანუ სამხედრო, სამთავრობო თუ საჯარო-საზოგადოებრივი კუთხით აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. ვფიქრობ, ამით ალიანსი საქართველოს წევრობის უფრო სერიოზულ კანდიდატად აღიქვამდა.

- საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რეკომენდაციების შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. კონგრესში ცოტა ხნის წინ საქართველოში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობდნენ, რასაც ერთ-ერთ საჯარო პოსტში ეთანხმებოდით. რას ფიქრობთ ამ პროცესზე ან ამერიკის დახმარების საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირების აუცილებლობაზე? რას ნიშნავს ეს?

- ვფიქრობ, რომ თავად ის ფაქტიც, რომ კონგრესში განიხილავენ საქართველოსადმი ამერიკის დახმარების გადახედვის, ან საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირების საკითხს, - თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს დისკუსიები ხდება, არის მოვლენათა ტრაგიკული განვითარება საქართველოსთვის.

ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს ნატოსთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება საქართველოსთვის.

- უკრაინაში ბოლო თვეში რამდენიმე ქართველი მებრძოლი ყველაზე ცხელ წერტილში - ბახმუტშიც დაიღუპა. მოწმეები ვითარებას პირველი მსოფლიო ომის სცენებს ადარებენ. ზოგის აზრით, იქ გამარჯვება რუსული ჯარისთვის პრესტიჟის საკითხია, ზოგი ამბობს, რომ ამ უწყვეტი იერიშის უკან დაქირავებული „ვაგნერის ჯგუფი“ დგას. უკრაინულ მხარეს იქ დიდი დანაკარგი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს დღეს ბრძოლას ბახმუტისთვის? ზოგიერთი ანალიტიკოსი მარიუპოლისა და ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობაზე და თარიღებზეც კი საუბრობს. როგორ ხედავთ უახლოეს თვეებში ომში სამხედრო კუთხით გარდამტეხ მომენტებს?

უახლოეს თვეებში თითოეულ მხარეს უფრო და უფრო გაუჭირდება, რომ შეტევითი მანევრებით ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიპოვოს.

- ბახმუტის სიმბოლური მნიშვნელობა ახლა მის სამხედრო მნიშვნელობას აღემატება. რუსები უკვე ძალიან დიდი ხანია მთელი ძალით ცდილობენ აიღონ ეს პატარა ქალაქი, რომელიც დონეცკის პროვინციაში საშუალო ან საშუალოზე დიდი სატრანსპორტო კვანძია. ეს რუსებს საშუალებას მისცემს, რომ თქვან, რომ დონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, რეგიონის, რომელიც ოფიციალურად საკუთარ ნაწილად გამოაცხადეს. მაგრამ ბახმუტის ირგვლივ ბრძოლის სისასტიკე და სიმძაფრე მართლაც პირველი მსოფლიო ომის სცენებს გვახსენებს და მას ორივე მხარისთვის სიმბოლური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე - სამხედრო.

ვფიქრობ, ახლო მომავალში უფრო და უფრო რთული იქნება თითოეული მხარისთვის, რომ შეტევითი მანევრებით ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიპოვოს. რაც უკრაინელებმა ხერსონსა თუ ხარკივის ირგვლივ მოახერხეს. ვფიქრობ მომდევნო თვეებში, ზაფხულამდე ან გვიან გაზაფხულამდე მაინც, ძლიერი და წარმატებული სამხედრო იერიშის შესაძლებლობა ნაკლებად იქნება. თუმცა უკრაინელები მაინც უკეთეს პოზიციაში არიან, ვიდრე - რუსები: უკრაინელების საბრძოლო მორალი მაღალია. შეიარაღებული ძალების ლიდერები ბევრად უფრო ეფექტურები არიან და დახმარება, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან იღებს, ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს აღჭურვილობა თუ დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება. უკრაინა უკეთეს პოზიციაშია, თუმცა ვფიქრობ, მხოლოდ სამხედრო ძალით მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა მისთვისაც რთული იქნება.

რაც შეეხება კონკრეტული სამიზნეების დასახელებას, ვფიქრობ ამას ფსიქოლოგიური ეფექტი უფრო აქვს. საკუთარ სამხედრო მიზნებსა და გეგმებს, მანევრებსა და გზებს მტერს საჯაროდ არავინ აცნობებს, მაგრამ ვფიქრობ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ომიცაა, როცა უკრაინელები ანიშნებენ რუსებს, რომ მათ ეს შეუძლიათ და გააკეთებენ დროის იმ ფარგლებში, როგორც მოისურვებენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG