ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი კარდინი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება საქართველოს თავდაცვისთვის ფრონტის ხაზია


საქართველოს თავდაცვის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაში გადის, ამბობს სენატორი ბენ კარდინი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. სენატორი კარდინი საქართველოში არსებულ ანტიდასავლურ კამპანიაზე ამბობს, რომ ამერიკის ელჩს ვაშინგტონიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი და რამდენად მწვავეა განცხადებები, ამერიკა არ აპირებს დადუმდეს იმ ღირებულებებზე, რაც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია.

სენატორი ასევე დასძენს, რომ ქვეყანაში გარკვეული პროგრესიც შეინიშნება და საქართველო ევროინტეგრაციის გზას ადგას, თუმცა საბოლოო შედეგისთვის მეტი რეფორმაა საჭირო.

რა პრობლემებს ხედავს ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის სენატორ ბენ კარდინთან "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა მარიამ უგრეხელიძემ ჩაწერა.

საკმაოდ ხშირად გვესმის, რომ უკრაინის ბრძოლამ რუსეთის წინააღმდეგ უკვე შეცვალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. თუმცა, ომის დასასრული ჯერ არ ჩანს. რა მნიშვნელობა ექნება უკრაინის გამარჯვებას რეგიონისთვის და ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც მსგავსი აგრესიის მსხვერპლი იყო 2008 წელს?

ბატონ პუტინს ნამდვილად ვუფასებთ იმას, რომ ნატოს პარტნიორებს შორის ერთიანობა მოიტანა. მათ შორის, ეს მოხდა ბევრი ქვეყნის შემთხვევაში ევროპაშიც.

[საქართველოს] ვხედავთ ევროპის ინტეგრაციის გზაზე და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ნატოს წევრადაც. თუმცა, საჭიროა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდეს

საქართველო დაზარალდა რუსეთის შეჭრით და რუსული ჯარები საქართველოში დღემდე იქ დგანან. მათ [ქართველებმა] იციან რას ნიშნავს, როდესაც ზესახელმწიფოს სამხედრო ძალა მოდის შენ ქვეყანაში და ძალით იტაცებს ქვეყნის ნაწილებს. ასე რომ, ისინი იაზრებენ იმას, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა ამ ბოლო შეჭრამდე, მოხდა მათ ქვეყანასა და მოლდოვაშიც.

ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი.

თქვენ 2008 წლის ომი ახსენეთ. ურსულა ონ დერ ლეიენმა, ცოტა ხნის წინ თქვა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, აფრთხილებდნენ დასავლელ პარტნორებს, რომ რუსეთი არ შეჩერდებოდა. მან 2008 წელს საქართველოთი დაიწყო და შემდეგ უკრაინით განაგრძო 2014-ში. თუმცა, დასავლეთისგან ერთიანი პასუხი ვერ ვიხილეთ 2022 წლის თებერვლამდე. ფიქრობთ, რომ ამერიკას, ნატოს, ევროკავშირს არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, რისი გაკეთება შეეძლო ვლადიმირ პუტინს და როგორ შეიცვალა ეს წარმოდგენები მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში ომი დაიწყო?

ვფიქრობ, ჩვენ მივხვდით ბატონი პუტინის მიზანს. ის ძალიან ნათლად გამოხატავდა, რომ უფრო დიდი რუსეთი სურს, რომ ის წუხს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რომ ის ჩაერია საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის საქმეებში. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომზადებულები ვიყავით, მაგრამ ასევე ვაღიარებთ, რომ რუსეთის გადაწყვეტილებამ შეჭრილიყო ქვეყანაში და ეცადა დაეპყრო მთელი უკრაინა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ის [უკრაინა] არაა ნატოს წევრი ქვეყანა, ამიტომ ჩვენ არ ჩავრთავთ ამერიკულ, ან ნატოს ჯარებს ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ უკრაინის გვერდით დავდექით და ეს ძალიან ნათლად გამოვხატეთ. პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ მათ დაზვერვის ინფორმაცია გავუზიარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინელებისთვის, რათა გაეგოთ, რას გეგმავდა რუსეთი. ჩვენ ასევე ორგანიზება გავუწიეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მიგვეწოდებინა სამხედრო დახმარება და უკრაინას შეძლებოდა თავდაცვა. მათ მართლაც გამოიყენეს ეს სამხედრო დახმარება თავდაცვისთვის.

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საელჩოს საქართველოში და ჩვენს ელჩს. არც ისე მგრძნობიარეები ვართ კრიტიკის მიმართ, რომელიც ამერიკელების, თუ ჩვენი წარმომადგენლების მისამართით ჟღერს.

გარდა ამისა, ჩვენ ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ მათ, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია რუსეთის თავდასხმის შედეგად. ჩვენ დავეხმარეთ უკრაინას, რომ ომის დანაშაულებები აღრიცხულიყო, რათა შემდეგ პასუხისმგებლობაში მიეცენ დამნაშავეები. ასე რომ ჩვენ ვიმოქმედეთ.

ვიცოდით, რომ არაფერი იყო შეუძლებელი რუსეთისა და ბატონი პუტინისთვის. ვიცით, რომ ასიმეტრიული არსენალი აქვს დეზინფორმაციის, ოპოზიციის დაფინანსების და კორუფციის, ისევე როგორც ძალის გამოყენების. ეს ყველაფერი მის არსენალშია იმისთვის, რომ ეცადოს გაანადგუროს დემოკრატიული სახელმწიფოები.

ვფიქრობ, ბატონი პუტინი გაოგნებული იყო, არა მარტო ერთიანი მხარდაჭერით, რაც მისი ქმედების შედეგად მოხდა, არამედ უკრაინაში ძალაუფლების შენარჩუნებითაც. თქვენ იცით, რომ უკვე თვეებია, რაც ეს სამხედრო კამპანია მიმდინარეობს, ჯერ დასარულს ვერ ვხედავთ ამ კონკრეტულ მომენტში. მაგრამ დასასრული არ ექნება არც ჩვენს დამხარებას უკრაინისადმი.

თქვენ საქართველო და უკრაინა ერთად რამდენჯერმე ახსენეთ. უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოსგან განხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ამერიკის ჰელსინკის კომისიამ, თქენი თავმჯდომარეობით, გასცა რეკომენდაცია, რომ საქართელოც უნდა ყოფილიყო იმ ქვეყნების სიაში, ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიებდა. ეს მათ "ევროპული ოცნებისთვის ბრძოლ შანსს მისცემს", - ნათქვამი იყო თქვენს რეკომენდაციაში. როგორ ფიქრობთ, წაერთვა საქართველოს ეს შანსი, თუ კიდევ შეუძლია, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს?

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის გადაწყვეტილებაში არ ერევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორიც საქართველოა. ვაღიარებთ, რომ ეს მათი და ევროპის საუკეთესო ინტერესებშია.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ იმის წინააღმდეგ დადგეს, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. რადგან თუ უკრაინა დაეცემა, საქართველო ნამდვილადა იქნება ბატონი პუტინის თვალთახედვის არეალში.

ვიცით, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეა სამხედრო უსაფრთხოების მიმართულებით. ისინი თავიანთი მონაწილეობით გვეხმარებოდნენ კამპანიებში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში. ვაღიარებთ მათ დამხარებას ჩვენს დასავლურ უსაფრთხოებაში.

საქართველოს ვხედავთ ევროპის ინტეგრაციის გზაზე და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ნატოს წევრადაც. თუმცა, საჭიროა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდეს და სხვა პრობლემები მოგვარდეს. არსებობს გარკვეული ინსტიტუციური ასპექტები მთავრობის განშტოებებში იქნება ეს სასამართლოს სისტემა, ადამიანის უფლებების, ჟურნალისტების უფლებების დაცვა, თუ მსგავსი საკითხები, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოთხოვნებია.

ვფიქრობ, რომ ისინი ადგანან ევროკავშირის გზას, თუმცა ეს შიდა საკითხია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ამ მიმართულებით სვლას განაგრძობენ.

მოთხოვნები ახსენეთ, ევროკავშირმა 12 ასეთი მოთხოვნა წარუდგინა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისაღებად. თქვენ ახლოდან აკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორ ფიქრობთ, დგამს საქართველოს ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით?

წლების განმავლობაში პროგრესი ვნახეთ, თუმცა, ასევე იყო იმედგაცრუებებიც. ეს არაა გასაკვირი. იყო გარკვეული პროგრესი და იყო შეკითხვებიც. საქართველოში ჩატარებულ ზოგიერთ არჩევნებზე, ოპოზიციის ლიდერებს განსხვავებულად ეპყრობოდნენ და ამაზე საერთაშორისო საზოგადოებამ შეშფოთება გამოთქვა.

საქართველოში კორუფციაა. კორუფცია ყველა ქვეყანაშია, თუმცა ქვეყნებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან კორუფციასთან საბრძოლველად მაღალ ეშელონებში. ასე რომ დიახ, გარკვეული პროგრესი ვიხილეთ, თუმცა მეტი პროგრესის ხილვა გვსურს.

ანტიდასავლური კამპანია საქართველოში ძალიან გაძლიერდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველად თავდასხმის ობიექტი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი იყო, შემდეგ ევროპარლამენტის წევრები და ქვეყნის სხვა დასავლელი პარტნორები. როგორ უყურებენ ამას ვაშინგტონში და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე?

ეს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაა და საქართველოს უნდა უნდოდეს სწორ მხარეს დგომა. 

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჩვენს საელჩოს და ჩვენს ელჩს საქართველოში. არც ისე მგრძნობიარეები ვართ კრიტიკის მიმართ, რომელიც ამერიკელების, თუ ჩვენი წარმომადგენლების მისამართით ჟღერს. თუმცა ვფიქრობ, რომ ქვეყანა, რომელიც ევროპაში გაწევრიანებას ცდილობს, ისეთ საკითხებს თავს გაართმევს, რომლებიც ჩვენ გვაშფოთებს.

ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვისაუბრებთ ადამიანის უფლებების დაცვაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება კონსტრუქციული და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შორის საუბარიც კონსტრუქციულად წავა.

მმართველი, "ქართული ოცნების" პარტიის წევრების და მთავრობის ნაწილი, ისევე როგორც ამავე პარტიის 4 ყოფილი წევრი, აგრძელებენ იმ ნარატივის გავრცელებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპარლამენტის წევრები როგორღაც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას. რას იტყოდით ამაზე? ვინ ისარგებლებს რეგიონში არასტაბილური გარემოს შექმნით?

ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი. 

საქართველო ძალიან რთულ გეოგრაფიულ ადგილას მდებარეობს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ იმის წინააღმდეგ დადგეს, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. რადგან თუ უკრაინა დაეცემა, საქართველო ნამდვილადა იქნება ბატონი პუტინის თვალთახედვის არეალში. ასე რომ ვფიქრობთ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, ყველა სუვერენული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, რომ ჩვენთან [ამერიკასთან] ერთად იმუშაოს ნებისმიერი ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, რომ ძალა გამოიყენოს და გაანადგუროს სუვერენული ქვეყანა. ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს რაიმე განხილვის საგანია. ეს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაა და საქართველოს უნდა უნდოდეს სწორ მხარეს დგომა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG