ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსი: რუსეთი საქართველოში უსაფრთხოებისა და მმართველობის ღირებულებებს ძირს უთხრის


24 აგვისტოს უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. რუსეთის მხრიდან მორიგი შეტევის მოლოდინში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ეს არც ისე ახლო მომავლის პერსპექტივაა.

როგორი მომავალი ელოდება უკრაინას, რა გავლენა აქვს იქ მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე და რას ნიშნავს ომის ფონზე ნატოს გაფართოება ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ თემებზე სეტ ჯონსმა, "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორმა, "ამერიკის ხმას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

-ახლა აგვისტოა, საქართველო 14 წლის წინანდელ ომს იხსენებს. ამ დროის შემდეგაც, ქვეყნის 20% კვლავ ოკუპირებულია, მცოცავი ბორდერიზაცია არ შეჩერებულა, საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ და აკავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა უკრაინაში ომია, როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას საქართველო?

ვფიქრობ, ის, რაც საქართველოს წინაშეა, შედარებით მარტივი აღსაქმელია. ესაა აგრესიული რუსეთი, რომელსაც არ მოსწონს საქართველოს ინტერესი გააღრმაოს და გააფართოოს ურთიერთობები დასავლეთთან. ასე რომ, ნებისმიერი მოქმედება ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან თავდასხმად აღიქმება.

[რუსები] დგამენ ნაბიჯებს, რათა საქართველოში უსაფრთხოებისა და მმართველობის ძირითად ღირებულებებს ძირი გამოუთხარონ

ისინი [რუსები] დგამენ ნაბიჯებს, რათა საქართველოში უსაფრთხოებისა და მმართველობის ძირითად ღირებულებებს ძირი გამოუთხარონ. ამას ვხედავთ რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებშიც - ჩინეთისა და ჰონგ-კონგის მაგალითზეც, სადაც გარკვეულწილად იგივე ხდება. ეს არის იმ მეზობელი ქვეყნის ჩაგვრა, რომელიც ისე არ იქცევა, როგორც მათ სურთ. ეს პირდაპირი, ავტორიტარული ტაქტიკაა, რომელიც სამწუხაროდ უკვე აღარაა გასაკვირი.

-საიდუმლო არავისთვისაა, რომ რუსეთი აწარმოებს, როგორც ფიზიკურ, ისე ჰიბრიდულ ომს, იქნება ეს უკრაინა, საქართველო, ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივია, რომ დასავლეთს საქართველოში . მეორე ფრონტის გახსნა სურს. რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე? ატომ უნდა სურდეს ნატოს, ევროკავშირს, ამერიკას, ან ნებისმიერ სხვა დასავლელ მოკავშირეს კიდევ ერთი ფრონტი, კიდევ ერთი ომი ევროპაში?

მგონია, რომ ფაქტები ძალიან გასაგებია: დასავლეთს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებს, არსად ნდომებია ომი. რეალობა ისაა, რომ დემოკრატია და ქვეყნის შესაძლებლობა აირჩიოს ვინ არიან მისი მეგობრები, როგორია მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა - არის ნამდვილი ანათემა ვლადიმირ პუტინისთვის და სისტემისთვის, რომლითაც ის მოქმედებს.

დასავლეთს არასდროს დაუჭერია მხარი, და არასდროს სურდა, რომ უკრაინაში ომი დაწყებულიყო. მას [დასავლეთს] არ სურდა ომი არც საქართველოში, მაგრამ იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა ისე მოქმედებდა, რაც მოსკოვს არ აბედნიერებდა, მათ ისე მოექცნენ [რუსები], როგორც ოპოზიციას რუსეთში - თუ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც კრემლის მმართველები ვერ მიიღებენ, მაშინ მათ უბრალოდ ანადგურებენ ავტორიტარული რეჟიმის ფარგლებში. იგივე ეხებათ ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვისთვის საკუთარი „გავლენის სფეროში“ მოიაზრებიან, და რომელშიც საქართველო და უკრაინაც ხვდებიან. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი უბრალოდ, საპირისპიროდაა, ამერიკა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისთვის იბრძვის და არა - ომისთვის.

როდესაც დროთა განმავლობაში,  [ნატოს] გაფართოებას ვუყურებთ ვხედავთ, რომ ესაა მცდელობა, მოხდეს ქვეყნების დემოკრატიული ჩამოყალიბება, მათთვის თავისუფალი ბაზრის, სტაბილურობისა და დაცულობის გარანტიების მიცემა. 

-რადგან რუსულ ნარატივებზე ვსაუბრობთ, მინდა კიდევ ერთ პოპულარულ ფრაზაზე გკითხოთ, რომლის ხშირად გამეორებაც უყვართ ხოლმე ვლადიმირ პუტინს და სხვა რუს ოფიციალურ პირებს: "მეტ ნატოს, მეტ ამერიკას, თქვენს ქვეყნებში ომი მოაქვ" და მათ ამის მაგალითად ყოველთვის მოჰყავთ საქართველო და უკრაინა. ვისაუბროთ იმაზე, რას ნიშნავსმეტი ნატო ზოგადად, მაგრამ ასევე უფრო კონკრეტულად ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებისაქართველო, უკრაინა და მოლდოვა?

-როდესაც ცივი ომის შემდეგ, ნატომ გაფართოება დაიწყო, მთავარი კრიტერიუმი [ქვეყნების ალიანსში მისაღებად] დემოკრატია იყო. პოლონეთი, აღმოსავლეთ გერმანია (რომელიც მოგვიანებით შეუერთდა დასავლეთ გერმანიას), ჩეხოსლოვაკია (რომელიც მოგვიანებით ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად დაიშალა) - ეს ქვეყნები კომუნისტური, ავტორიტარული რეჟიმებიდან დემოკრატიულ ქვეყნებად გადაიქცნენ.

მათ რამდენიმე რამ სურდათ: პირველი, ეს იყო დემოკრატიულ, მსგავსად მოაზროვნე ქვეყნებთან ალიანსში ყოფნა, რომლებიც თავიანთ მმართველებს ირჩევენ, რომლებიც კაპიტალისტურ სისტემაში არიან მოქცეულნი და თავისუფალი ბაზარი აქვთ. გარდა ამისა, ნატოს ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბონუსი ისაა, რომ მეხუთე მუხლი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ნატოს ნებისმიერი წევრისთვის.

როდესაც დროთა განმავლობაში, [ნატოს] გაფართოებას ვუყურებთ ვხედავთ, რომ ესაა მცდელობა, მოხდეს ქვეყნების დემოკრატიული ჩამოყალიბება, მათთვის თავისუფალი ბაზრის, სტაბილურობისა და დაცულობის გარანტიების მიცემა.

რუსებმა ვერ გაიაზრეს, რომ მათმა აგრესიულმა ქმედებებმა გასული ათწლეულების განმავლობაში, ჯერ საქართველოში, შემდეგ ყირიმში, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში და საბოლოოდ ისევ უკრაინაში შეჭრამ [ხელახალმა ომმა] საგრძნობლად გაზარდა ამ ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიში.

არ გვინახავს [ნატო წევრი] არც ერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს თავს დაესხა. მესმის, რომ რუსებს შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული შეკითხვები თავიანთი უსაფრთხოების თაობაზე [ნატოს] გაფართოებასთან დაკავშირებით იქ, სადაც საკუთარ „გავლენის სფეროს“ მოიაზრებენ. თუმცა, იმ ქვეყნებისგან მომავალი საფრთხე, რომლებიც ახლა ნატოს წევრები არიან, ან შესაძლოა მომავალში გახდნენ მისი ნაწილი [რუსების მხრიდან] ზედმეტად გადაჭარბებულია.

-თქვენ ნატოს გაფართოებაზე ისაუბრეთ და ეს იყო, ალბათ, ნომერ პირველი მოთხოვნა, რომელიც რუსეთს საქართველოსა და უკრაინის მიმართ ჰქონდა: უარი ეთქვათ ნატოს წევრობის პერსპექტივაზე. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ პუტინმა ომი ორივე ქვეყანაში იმიტომ დაიწყო, რომ მათთვის ნატოში გაწევრიანების ნებისმიერი შანსი წაერთმია. თუმცა, მან საბოლოოდ მიიღო მეტი ნატო თავის საზღვრებთან შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებით, შეერთებოდნენ ალიანსს. რატომ იყო ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და რას ნიშნავს ის ევროპის უსაფრთხოებისთვის?

-ვფიქრობ, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრისას, ვლადიმირ პუტინს რომ გაეაზრებინა, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს ნატოს გაფართოებას და მასში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას გამოიწვევდა; მას რომ სცდონოდა, რომ ექნებოდა უდიდესი სამხედრო დანაკარგი კიევში, ხარკივსა და სხვა ქალაქებში, სადაც რუსული არმია დამარცხდა, ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, დაიწყებდა თუ არა ომს.

თუ ვლადიმირ პუტინი აქამდე შეშფოთებული იყო ნატოსთან დაკავშირებით, ახლა, როდესაც ფინეთი ნატოს წევრი ხდება, რუსეთს ნატოსთან იმაზე დიდი საზღვარი ექნება, ვიდრე - ომის დაწყებამდე. რუსებმა ვერ გაიაზრეს, რომ მათმა აგრესიულმა ქმედებებმა გასული ათწლეულების განმავლობაში, ჯერ საქართველოში, შემდეგ ყირიმში, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში და საბოლოოდ ისევ უკრაინაში შეჭრამ [ხელახალმა ომმა] საგრძნობლად გაზარდა ამ ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიში.

ეს შეშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ მათ უფრო მეტად მოუნდათ დასავლეთთან ურთიერთობა. ვგულისხმობ საქართველოს, მოლდოვას, და რა თქმა უნდა, ფინეთსა და შევედეთს. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო ვლადიმირ პუტინის მიზანი, მან აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიიღო. ახლა მან მიიღო ორი დიდი ევროპული ქვეყანა, რომელიც ნატოში გაწევრიანდა და რომელიც მისი გადმოსახედიდან მეტ რისკს, საშიშროებას უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას.

-როგორ წარმოგიდგენიათ, პირველ რიგში, უკრაინის და შემდეგ მთელი რეგიონის მომავალი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით?

-სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ რეგიონში, სავარაუდოდ გაგრძელდება ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის. უკრაინასა და რუსეთს ურთიერთ საწინააღმდეგო მიზნები აქვთ. რუსები ცდილობენ, რომ უკრაინის დაახლოებით 20% დაიპყრონ, უკრაინელები იბრძვიან, რომ უკან დაიბრუნონ თავიანთი სუვერენული ტერიტორია დონეცკის, ლუჰანკსისა და სამხრეთის სხვა რეგიონებში. იგივე ხდება ხერსონშიც, სადაც შესაძლოა, რომ შემოდგომაზე მთავარი შეტევითი ოპერაციები ვიხილოთ.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსებსა და უკრაინელებს ძალიან წინააღმდეგობრივი მიზნები აქვთ. რუსები ანექსირებას, უკრაინელები კი - ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობენ. ამის გათვალისწინებით, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ უახლოეს მომავალში. რაიმე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება მოხდეს

რაც უნდა ყოფილიყო ვლადიმირ პუტინის მიზანი, მან აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიიღო.

ის, რასაც ვიხილავთ, იქნება კომბინაცია ტრადიციული მეთოდებით ომისა, რაც ნიშნავს რომ რუსები გამოიყენებენ არტილერიას და შეტევებს, მათ შორის უმართავ ბომბებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უკრაინულ ქალაქებს. და ასევე ვიხილავთ არატრადიციულ საომარ მოქმედებებსაც, რომლებიც ბოლო დროს უკრაინაში გააქტიურდა. ესაა უკრაინული პარტიზანული ოპერაციები, რომლებიც უკრაინულ ტერიტორიაზე, რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების საბოტაჟს ისახავს მიზნად. ვფიქრობ, ეს ასეც იქნება უახლოეს მომავალშიც. შესაძლოა ეს გაგრძელდეს სხვა რეგიონებშიც, მოლდოვაში, საქართველოში, სადაც ქვეყნები ძალიან დაუცველად გრძნობენ თავს და დასავლეთისგან დამატებით დახმარებას ითხოვენ, რაც გასაგებიცაა.

-შესაძლოა ეს გრძელვადიან პერსპექტივას უფრო ეხება, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს რეგიონში იმისთვის, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა თავი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ?

-ვფიქრობ, რამდენიმე ნაბიჯია, რომლის გადადგმაც ამ ქვეყნებს შეუძლიათ. ერთია, რომ მათ თავდაცვა უნდა განგრძონ და რუსეთის აგრესიის შესაძლო შემთხვევისთვის შეტევის გეგმისთვის მოემზადონ.

მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც კი მუშაობენ სტრატეგიების, ოპერაციებისა და ტაქტიკის შემუშავებაზე, რომლებიც ისტორიულად შვეიცარიის ტაქტიკიდან გამომდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იმის უნარი, რომ წინ აღუდგნენ უცხოელ დამპყრობლებს. ეს ასევე ნიშნავს, რომ უნდა გაუმჯობესდეს კიბერთავდაცვის შესაძლებლობები.

ერთი რამ, რაც მართლაც საინტერესოა უკრაინის გამოცდილებაში, და რაც გავლენას ახდენს საქართველზე, მოლდოვაზე და რეგიონის სხვა ქვეყნებზეც, არის ის, თუ როგორ შეძლეს მათ ხელი შეეშალათ რუსეთის სადაზვერვო დანაყოფების, მათ შორის GRU-სთვის (დაზვერვის გენერალური სამმართველოსთვის). ეს მოხდა დასავლური სახელმწიფოების, ასევე კერძო კორპორაციების, Microsoft, SpaceX დახმარებით და ამის შედეგად უკრაინელებმა აღკვეთეს რუსების მცდელობა დაებრმავებინათ ისინი და კონტროლი წაერთვათ არმიის შიგნით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ასე რომ კიბერთავდაცვა უმნიშვნელოვანესია.

ასევე უკრაინის შემთხვევაში ვნახეთ, რომ ისინი აგრძელებენ ისეთი იარაღის შეძენას, რაც გაურთულებს რუსებს თავდასხმას. ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯები ნამდვილად ქმნის შემაკავებელ ფაქტორებს, რათა რუსები არ შეიჭრნენ [რომელიმე ქვეყანაში].

რუსული არმია ახლა უკვე გამოფიტულია, არ ვფიქრობ, რომ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ამიტომ, შეკავება არის ის, რაც ამ ქვეყნებისთვის სამხედრო პერსპექტივიდან უპირველესად მნიშვნელოვანია

-როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ამ ნაბიჯების გადადგმას, თუ მათ დასავლეთის დახმარება დასჭირდებათ? თუკი ასეა, მაშინ კონკრეტულად რის გაკეთება შეუძლია დასავლეთს?

-რეალურად პასუხი ორივეს კომბინაციაა. არის ნაბიჯები, რომელიც მათ [პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა] თავად უნდა გადადგან. ქვეყნების ნაწილი, მათ შორის საქართველო ნატოს წევრი არ არის, შესაბამისად, მათ არ აქვთ ალიანსის ფართო დაცულობა, მათ შორის ის, რასაც მეხუთე მუხლი ითალისწინებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ მოითხოვონ მეტი წვრთნა, რაც ძალიან ეფექტური იყო უკრაინაში.

რუსული არმია ახლა უკვე გამოფიტულია, არ ვფიქრობ, რომ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

ამერიკის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაწვრთნეს უკრაინელები იმ შემთხვევისთვის, თუ რუსების მხრიდან თავდასხმა მოხდებოდა. ასწავლეს როგორ ჩაეტარებინათ პარტიზანული ოპერაციები და გამკლავებოდნენ საარტილერიო თავდასხმას. ასე რომ წვრთნებით დახმარება, ნამდვილად ხდება. ასევე დახმარება იარაღით და მასალებით. გარდა ამისა, არსებობს ზოგიერთი მინიშნება ნატოს მხრიდან, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში ისინი [პოსტ-საბჭოთა] ქვეყნებს დაეხმარებიან. ვფიქრობ, ესაა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ნატოს სხვის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების შეყვანის გარეშე შეუძლია.

ის, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა და პრინციპში, ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ ნატოს არაწევრ ქვეყნებს მიანიშნა, ისაა, რომ გერმანელები, ფრანგები, ბრიტანელები, ამერიკელები ნატოს არაწევრი ქვეყნების ტერიტორიებზე რუსებთან საბრძოლველად ჯარებს არ შეიყვანენ თუმცა, ისინი გაწვრთნიან [სამხედროებს], გასცემენ ეკონომიკურ დახმარებას, გასცემენ სამხედრო ტექნიკას და სხვადასხვა ტიპის დახმარებას რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად.

ასე რომ ისინი გადადგამენ გარკვეულ ნაბიჯებს, თუმცა ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ამ ქვეყნებში ამერიკელი სამხედროები, ან პილოტები ნახოთ, რომლებიც F-15, F-16, F-35 და სხვა მსგავს სამხედრო თვითმფრინავებს მართავენ.

-როგორი წარმოგიდგენიათ რუსეთის მომავალი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ?

-2022 წლის რკინის ფარდას ვხედავ, რომელიც უინსტონ ჩერჩილმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაუშვა ფალტონში, მისურიში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

ვფიქრობ, რუსეთი ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, მჭიდრო თანამშრომლობის გზისკენ მიდის. მათ შორისაა ირანიც, რომელსაც [რუსეთმა] ახლა დრონების გაცემის თხოვნით მიმართა.

დაწყებული რუსეთ-ფინეთის საზღვრიდან, ბალტიისპირეთის გასწვრივ, უკრაინის გავლით, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთ-სირიის, რუსეთის ირანზე გასასვლელსა და შემდეგ უკვე აზიაში ჩინეთთან ერთად, ფიზიკური და ციფრული რკინის ფარდა ეშვება. ძალიან მკვეთრად იზრდება დაშორება არალიბერალულ, ავტორიტარულ რეჟიმებსა (სადაც რუსეთს მთავარ როლს თამაშობს) და ლიბერალურ, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ეს ხდება როგორც დასავლეთში, ისე - სხვაგანაც, იქნება ეს აზია, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა თუ სხვა ტერიტორიები.

მგონია, რომ ვიხილავთ რუსეთს, რომელიც უფრო ფართო კოალიციაში იქნება არალიბერალურ რეჟიმებთან და ჩემი აზრით, ამ მომენტში, სწორედ ასეთი მომავალი ყალიბდება

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG