ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის, ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას ამგვარი მონდომებით. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში ელჩი დეგნანი ამბობს, რომ „როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე როდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“.

დეგნანი: საქართველოს არ ჰყავს უფრო დიდი მოკავშირე ვიდრე აშშ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:23 0:00

მისი თქმით, „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“.

წელს, შეერთებული შტატები და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელს აღნიშნავს. ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს და 30 წლის განმავლობაში, ამ ურთიერთობაში ჩადებულ გულმოდგინე შრომას ეფუძნება.

დეგნანი: ხალხს სურს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკასთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:22 0:00

მისვე თქმით, ქართველი ხალხის მხრიდან, მომავლის ხედვა არ შეცვლილა. „წელს მთელს ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყველგან, სადაც მივდივარ, ხალხს, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, უფრო მჭიდრო კავშირები სურთ და შეერთებულ შტატებთან უფრო ღრმა თანამშრომლობა აქვთ“, აცხადებს ელჩი.

შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას უწევს არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც. ამის გამო, ელჩის თქმით, ამერიკისა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება, საქართველოს უსაფრთხოების დასუსტებას და ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.

დეგნანის განცხადებით, „საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას.“

„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და როგორ არის შესაძლებელი, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს, ელჩმა თქვა, რომ ფოკუსი მნიშვნელოვან საკითხებზე შენარჩუნდება.

„ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს [მოლაპარაკების] მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“, განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში მიმდინარე ანტიამერიკულ კამპანიას, ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტი და სენატორები გამოეხმაურნენ. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა თქვა, რომ ელჩ დეგნანზე და საელჩოს მთელ გუნდზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. მან ასევე სინანულით თქვა, რომ დაპირისპირების და უნდობლობის კამპანიას მედიასივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს.

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კი თქვა, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია. მან საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდა, იყვნენ წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეაჩერებს.

რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო დეპარტრამენტის ბრიფინგის გახსნისას საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ ელჩ დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს და რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების "ზოგიერთი" წარმომადგენელის მხრიდან ისმის, "მიზნად საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან [ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან] გადახვევას ისახავს."

ამერიკის ელჩმა, "ამერიკის ხმას" კომენტარი 27 ივლისს მისცა.

XS
SM
MD
LG