ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეინსალუ: "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ვადები ქართველი ლიდერების ხელშია"


ურმას რეინსალუ
ურმას რეინსალუ

„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. სხვაგვარად ევროპაში, სარკეში ჩახედვისაც შეგვრცხვება“, - ამბობს ურმას რეინსალუ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. „ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის პირველი დიპლომატი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს „შიდა ნიადაგზე აღმოცენებული“ იმ პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებს, რომლებმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეაფერხა.

რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით უკვე არაერთხელ დაიმუქრა. ახლა ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ ეს „ბლეფი“ არაა. როგორ ცვლის ეს ვითარებას და როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა ამგვარ მუქარას დასავლეთის ერტობაზე გავლენის მოხდენა?

მოვუწოდებდი საქართველოს, რომ გააძლიეროს საუბარი სანქციების პოლიტიკაზე და აგრესორი სახელმწიფოსთვის მეტი ტკივილის მიყენების თაობაზე.

იმედია არა, რადგან თუკი დასავლეთში არის რომელიმე ქვეყანა, რომელიც რამენაირად დანებდება ამ ტიპის მუქარის რიტორიკას, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვართ. მე მჯერა, რომ ის [ვლადიმირ პუტინი] გააგრძელებს ესკალაციურ ნაბიჯებს, იქნება ეს ბირთვული წვრთნები, ბირთვული აღჭურვილობის წინასწარ განზრახული მანევრირება თუ ა.შ. განაგრძობს ზაპორიჟიის ელექტროსადგურის ერთგვარ მძევლად ყოლას და იმის მინიშნებას, რომ შეუძლია ბირთვული ტერორისტული ქმედებაც განახორციელოს. ამ კონტექსტში, მისი ბლეფის მთავარი მიზანია აჩვენოს, რომ კონვენციურ ომს, ნაწილობრივ მაინც, ბირთვული იარაღით კონფლიქტში გადაიყვანს. ვფიქრობ, შეერთებული შტატების გზავნილი ძალიან ნათელი იყო: რომ პუტინისთვის საფასური საკმაოდ ფატალური იქნება, თუკი ის ამ ზღვარს გადააბიჯებს.

ესტონეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ღიად დაუჭირეს მხარი. თქვით კიდეც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მისი წევრობა კი არა, ამ გაწევრიანების დრო და პროცედურები დგას. როგორ ხედავთ ამ პროცესის განვითარებას?

იმედი მაქვს, ეს უკრაინას ნატოს ოჯახის წევრად აქცევს. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც 14-წელიწადნახევრის წინ იყო მიღებული, როცა ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა თქვეს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებოდნენ. ვიმედოვნებ, ნატოს ლიდერები ახლო მომავალში განიხილავენ ამას, და მომდევნო ნაბიჯებისთვის მწვანე სიგნალსაც დავინახავთ.

რა თქმა უნდა, ყველას ესმის, მათ შორის უკრაინასაც და ყველა მხარეს, რომ ეს უნდა ეფუძნებოდეს კონსენსუსს გაუმჯობესების თაობაზე. მეორეც, ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ მნიშვნელოვანია დრო, როდის გააკეთა ეს [განაცხადი] უკრაინამ. ახლა, როცა უკვე შექმნილია პრეცედენტი ფინეთისა და შვედეთის მიღებით და თან - არა ტექნიკურად, “წევრობის სამოქმედო გეგმის” პროცედურის მიყოლით. ვფიქრობ, ეს გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანი საკითხია.

სწორედ ბუქარესტის სამიტიდან მალევე, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლა სცადა. 2008-იდან 2014-მდე, და შემდეგ 2022 წლის 24 თებერვლამდე რა შეიცვალა, რა გამოცდილება მიიღო დასავლეთმა და როგორ ფიქრობთ, დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რა რისკები არსებობს საქართველოსთვის? რა მხრივ შეუძლიათ ნატოს და დასავლელ პარტნიორებს მისი დახმარება?

როდესაც 2008 წელზე ვსაუბრობთ, დასავლეთის მხრიდან შეცდომა იყო, რომ მაშინ არ გადაიდგა წინ ნაბიჯები და მიღებული იყო ერთგვარი „დამშვიდების, დაკმაყოფილების, სიამოვნების პოლიტიკა“. იყო სურვილი, რომ რუსული მხრიდან დაძაბულობა არ გამწვავებულიყო, რაც შესაძლოა ცხელ კონფლიქტში გადაზრდილიყო. მაგრამ შეხედეთ, რად გვექცა ეს დაკმაყოფილება. ჩვენ ორი ომის მოწმენი გავხდით, ერთის - საქართველოს წინააღმდეგ, მეორე - უკრაინის. ამ ომების კონტექსტში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან სწორედ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის აღქმას ეფუძნებოდა - იმის შესახებ, თუ რამდენად აპირებდა დასავლური საზოგადოება ამ დაპირების შესრულებას.

ალტერნატივა არ არსებობს. უნდა გავაძლიეროთ ყველა მიმართულება. ურჩხული ახლა ძალიან მყიფე სიტუაციაშია.
ურმას რეინსალუ

რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ესაა დრო, როცა საქართველოს დასავლური საზოგადოების პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება. პირველ რიგში, კონკრეტულად, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მე მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე პოლიტიკური საკითხი, კონკრეტულად, შიდა პოლიტიკურ ნიადაგზე აღმოცენებული, მე მაინც მტკიცედ მჯერა, ქართველი ხალხის სიმამაცისა და ნების, რომ მომავალში საქართველოსაც ევროკავშირის წევრად ვიხილავთ. იქნება ეს უფრო ადრე თუ უფრო გვიან, ეს ქართველი პოლიტიკური ლიდერების ხელშია. მაგრამ ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს წევრობის მტკიცე მომხრე. ვფიქრობ ის შეშფოთება, რომელიც ძალიან ღიად იყო წამოჭრილი, მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ამას ყურადღება მიაქციონ.

დასავლეთი რუსეთს არამხოლოდ ენერგოკრიზისის და ენერგიის იარაღად გამოყენებაში, არამედ დასავლური საზოგადოების აზრზე ზემოქმედებაშიც ადანაშაულებს. როგორ ფიქრობთ, ენერგოკრიზისის, მზარდი ფასების და მოსახლეობის ნაწილის დამოკიდებულების ცვლილების გამო, შესაძლებელია, რომ დასავლეთის ქვეყნების სურვილი რუსეთის დასჯის თაობაზე, შეიცვალოს ან შესუსტდეს? შეიძლება ამან მათ შემდგომ ნაბიჯებზე გავლენა მოახდინოს?

ვფიქრობ, რუსეთი ჩვენი საზოგადოებების წინააღმდეგ ბევრ რამეს იყენებს, მათ შორის შიშს, დაყოფას, ზოგ შემთხვევაში კერძო ეკონომიკურ ინტერესებს, ისინი ამას ჯადოსნურად აკეთებენ ძველი „სუკ“ის დროიდანვე. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ არ უნდა გაგვასულელონ, უნდა გვესმოდეს, რომ კონკრეტულ მომენტში, არ არსებობს სხვა ალტერნატივა.

ჩვენი, ბალტიისპირეთის ქვეყნების თუ საქართველოს პერსპექტივიდან, ყველა, თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის პერსპექტივიდან სურათი ასეთია: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს. და რაც ყველაზე მთავარია: როგორ განვმარტოთ ვინ აგებს ომს: ეს ნიშნავს უკრაინისთვის ყველა ოკუპირებული თუ ანექსირებული ტერიტორიის დაბრუნებას, ასევე პუტინის რეჟიმის დასასრულს, პუტინის დაცემას.

ნუთუ წარმოგვიდგენია გაყინული კონფლიქტი? თუკი ორივე მხარის გამარჯვებაზე ვისაუბრებთ. გავბედავთ კი ევროპაში ღამით. დასაძინებლად მშვიდად წასვლას? არა, ასე ვერ მოხდება. შეუძლებელი იქნება მომავალში სარკეში ჩახედვა, რადგან შეგვრცხვება საკუთარი თავის, რომ ვერ შევძელით დაგვეცვა თავისუფლება, დაგვეცვა ერთი ქვეყანა.

ამიტომ, ვფიქრობ, ალტერნატივა არ არსებობს. უნდა გავაძლიეროთ ყველა მიმართულება. ურჩხული ახლა, ძალიან მყიფე სიტუაციაშია. გავიხსენოთ, როგორ დაიშალა საბჭოთა კავშირი, ძალიან ცენტრალიზებული ორგანიზაცია - ძალიან სწრაფად. ძალიან სწრაფად მოუწევს ვლადიმირ პუტინსაც პასუხის გაცემა. მას და მის დამხმარეებს დედამიწაზე ერთი ძალიან კონკრეტული ადგილი ელოდება - საგანგებო ტრიბუნალი.

საქართველოში არაერთი ანტი-დასავლური ჯგუფი დასავლელ ლიდერებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც, საქართველოს „ომში ჩათრევის“, ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორ ფიქრობთ, რა რისკებს შეიცავს ამგვარი ნარატივები და შეუძლია თუ არა მას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე გავლენის მოხდენა?

ამორალური იქნებოდა ბიზნეს მიზნებისთვის თუ დასასვენებლად აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების შემოშვება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ხდება გენოციდი, რომელიც მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება.

მე მივესალმები ყველა იმ პოლიტიკურ განცხადებას, რომელიც საქართველოში დასავლურ საზოგადოებასთან თანხვედრაში გაკეთდა. მე ასევე მოვუწოდებდი საქართველოს, რომ გააძლიეროს საუბარი სანქციების პოლიტიკაზე და აგრესორი სახელმწიფოსთვის მეტი ტკივილის მიყენების თაობაზე. ამავე კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდი შეშფოთებით ვადევნებდით თვალს ლუკაშენკოს ვიზიტს და სხვა პროცესებს. მაგრამ გავიმეორებ, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. ესტონეთი კი, სხვა დასავლური სახელმწიფოების მსგავსად, კვლავ სოლიდარულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება კიდევ უფრო ფართო კონტექსტს, ჩვენ ახლა ძალიან ბევრი გამოწვევით სავსე დროში ვცხოვრობთ. როცა შეუძლებელი შესაძლებელი ხდება და - პირიქით. ყველა კრიზისს აქვს დამატებითი საფრთხე, მაგრამ დამატებითი შესაძლებლობებიც. ჩვენ გვჯერა თავისუფლების, თავისუფალი ერების, და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის თავისუფლების.

ესტონეთმა რეგიონის ქვეყნების მსგავსად, რუს ტურისტებს და ახლა უკვე სამხედრო მობილიზაციას გამოქცეულებს კარი დაუხურა. როგორც ქვეყნის პირველ დიპლომატს, რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს მართებულია? რა რისკები შეიძლება ახლდეს რუსეთის მოქალაქეების ამ რაოდენობით ისეთ ქვეყნებში ჩასვლას, როგორიც ესტონეთი, ან თუნდაც საქართველოა?

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ესტონეთმა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებმა გადაწყვიტეს დაეხურათ საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი რუსი ტურისტებისთვის.

პირველ ყოვლისა, ეს მორალური პოზიციაა: ამორალური იქნებოდა ბიზნეს მიზნებისთვის თუ დასასვენებლად აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეების შემოშვება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. რაღაც ნამდვილად ხდება - ხდება გენოციდი, რომელიც მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, ვინც ახლა სხვადასხვა მიმართულებით გადის რუსეთიდან ამა თუ იმ ტურისტული დანიშნულების ადგილისკენ.

მეორეც, არსებობს ლეგიტიმური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ დივერსანტები ქვეყანაში ომამდე თვეების და ზოგ შემთხვევაში წლებით ადრეც კი იყვნენ შესულები.

ასევე, ევროპულ კონტექსტში გვინახავს რადიოაქტიური აგენტით მოწამვლის შემთხვევები [ბრიტანეთში], იარაღის საწყობების აფეთქება ჩეხეთში, ძალიან ბევრი ამგვარი ოპერაცია სწორედ იმ რუსების მიერ იყო შესრულებული, რომლებმაც [ქვეყანაში შესასვლელად] ტურისტული ვიზები და ყალბი იდენტობა გამოიყენეს. ესაა რეალობა, რომელსაც ომამდეც ვხედავდით.

და მესამეც, მე მჯერა, რომ როდესაც ქვეყანაში არის დიდი ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებსაც ამ ომის შესახებ განსხვავებული მოსაზრება აქვთ, მათი ქმედებები შესაძლოა კონკრეტულ რისკს შეიცავდეს ჩვენთვის, როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყნისთვის.

ჩვენ გვესმის სრული კონტექსტი. ამიტომ მივიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანასაც, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ იმის თაობაზე, თუ ვის უშვებენ ქვეყანაში რუსეთიდან და ვის - არა.

XS
SM
MD
LG