ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაქრო სოფელ კავშირიდან „უმამაცესი, უღალატო და უშიშარი მეთაური იყო“


"ქართული ლეგიონის" ერთ-ერთი მეთაური ზაქრო შუბითიძე, 18 სექტემბერს დონეცკის ოლქში დაიღუპა
"ქართული ლეგიონის" ერთ-ერთი მეთაური ზაქრო შუბითიძე, 18 სექტემბერს დონეცკის ოლქში დაიღუპა

უკრაინიდან საქართველოსკენ კიდევ ერთი ქართველი მეომრის ცხედარი წამოასვენეს. 30 წლის ზაქრო შუბითიძე ლაგოდეხიდან, სოფელ კავშირიდან იყო. საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მებრძოლი უკრაინელების დასახმარებლად, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის არმიის შეჭრისთანავე წავიდა და მას შემდეგ იარაღი არ დაუდია, იმის მიუხედავად, რომ რამდენჯერმე დაიჭრა.

"გმირები არ კვდებიან", ზაქროს სტენსილი თბილისში
"გმირები არ კვდებიან", ზაქროს სტენსილი თბილისში

ზაქროს შენაერთმა არაერთი ურთულესი საბრძოლო ოპერაცია შეასრულა და მტერს უზარმაზარი ზარალი მიაყენა. შუბითიძე ბოლოს „ქართული ლეგიონის“ მე-4 შენაერთს მეთაურობდა და როგორც თანამებრძოლებში, ისე უკრაინელებში და უცხოელ მებრძოლებში, ძალიან დიდი სახელი დატოვა. იგი დონეცკის ოლქში, სოფელ ნესკუჩნესთან 18 სექტემბერს დაიღუპა.

უკრაინაში ომი რო დაიწყო, ზაქრო სამაშველო სამხურში იყო. მგონი, განცხადებაც არ დაუწერია, ადგა და წავიდა უკრაინელების დასახმარებლად
გლახო გრიგალაშვილი, თანასოფლელი

„ზაქრო ჩემს ხელში იყო გაზრდილი, ვაჟკაცი, უწესიერესი ადამიანი. პროფესიონალი, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, დიდი გამოცდილება ჰქონდა, ნამყოფი იყო ერაყში და ავღანეთში. მერე შსს-ს აკადემიაც დაამთავრა. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ზაქრო სამაშველო სამხურში იყო. მგონი, განცხადებაც არ დაუწერია, ადგა და წავიდა უკრაინელების დასახმარებლად“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ზაქროს თანასოფლელმა გლახო გრიგალაშვილმა.

„სულ გვქონდა კონტაქტი“, - გვიყვება გლახო, „საქართველოს გამო იბრძოდა, ამის ღრმად სწამდა, მე აქ უნდა გავაკეთო ჩემი საქმე, სანამ რუსები საქართველომდე მოვლენო, სულ ამას ამბობდა. მგელკაცას ეძახდნენ თურმე, ისე ომობდა.

გამოთხოვება ზაქროსთან, კიევი, 21.09.2023
გამოთხოვება ზაქროსთან, კიევი, 21.09.2023

„რამდენჯერმე დაიჭრა, სახლში არ ჩამოსულა, სულ იქ იყო. როგორც კი ჭრილობას იშუშებდა, ისევ ფრონტზე ბრუნდებოდა. ძალიან მაგარი სახელი ჰქონდა მეომრებში. ჩემს ხელში კი გაიზარდა, მაგრამ ბოლომდე არ მცნობია, რა მაგარი ადამიანი და ჯარისკაცი დამდგარა. მეუღლე და ორი შვილი დარჩა, ბიჭი წელს წავიდა პირველად სკოლაში, გოგონა ბაღში დადის“.

„ყველაზე კეთილი ადამიანი, ვინც შემხვედრია ამ ომის მანძილზე“
მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური

„ყველაზე კეთილი ადამიანი, ვინც შემხვედრია ამ ომის მანძილზე“ - ასე დაახასიათა ზაქრო „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.

„ჩვენ ვთლით, რომ ჩვენი საერთო მტერი აქ უნდა შევაჩეროთ, იმიტომ, რომ თუ ამას ახლა არ გავაკეთებთ, მომავალში ამის გაკეთება ჩვენს ოჯახებს და შვილებს მოუწევთ. ახლა ისეთი დროა, რომ მომავლისთვის ყველაფერი უნდა გარისკო“ - ამბობს ზაქრო 13 სექტემბერს, უკრაინელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ზაქრო შუბითიძე: "ჩვენი საერთო მტერი აქ უნდა შევაჩეროთ"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:02 0:00

„ზაქროს არ ვიცნობდი, მაგრამ სულ მესმოდა ლაგოდეხში რომ ძალიან მაგარი ბიჭი გვყავსო. უკრაინაში სანამ წავიდოდი, კიევში მივწერე, გაცნობა მინდოდა. ფრონტზე ვარო, მომწერა, რამდენად შევძლებ შეხვედრას, არ ვიციო" - უთხრა „ამერიკის ხმას“ ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა, სოფელ მაწიმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ევა ლომთაძემ.

როცა ჩავედი უკრაინაში, როგორც კი გებულობდნენ მებრძოლები რომ ლაგოდეხიდან ვიყავი, მაშინვე მეკითხებოდნენ ზაქროს იცნობთ თუ არაო. ვგრძნობდი რო უდიდესი პატივისცემა და სიყვარული იყო ამ ბიჭის მიმართ. ყველა ამბობდა რომ უმამაცესი, უღალატო და უშიშარი მეთაური იყო.
ევა ლომთაძე, ლაგოდეხის საკრებულოს წევრი, სოფელ მაწიმის მასწავლებელი

"როცა ჩავედი უკრაინაში, როგორც კი გებულობდნენ მებრძოლები, რომ ლაგოდეხიდან ვიყავი, მაშინვე მეკითხებოდნენ, იცნობთ თუ არაო. ვგრძნობდი რომ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული იყო ამ ბიჭის მიმართ. რამდენიმე ადგილას ვიყავი იქ ჩასული, მათ შორის, ზაპორიჟიაში და ყველგან ასეთი ვითარება დამხვდა. ძალიან დიდი სახელი ჰქონდა“ - იხსენებს ევა.

ევა ლომთაძე ამბობს, რომ ზაპორიჟიაში ყოფნის დროს, ფრონტზე ტელეფონით დაუკავშირდა ზაქროს. „ძალიან შეწუხდა და ბოდიში მომიხადა, რომ ვერ ახერხებდა გამოსვლას. საქართველოში ჩამოვედი ძალიან ბედნიერი, ლაგოდეხში ყველას ვეუბნებოდი, ზაქარიაზე, თორნიკეზე, მებრძოლები რამხელა პატივისცემით და სიყვარულით საუბრობენ-მეთქი.

ყველა ამბობდა რომ უმამაცესი, უღალატო და უშიშარი მეთაური იყო. მისი ბოლო მესიჯი იყო, რომ როცა კიდევ ჩამოხვალთ, აუცილებლად ჩვენს ბიჭებსაც გაგაცნობთ და ბაზაზეც მიგიყვანთო, შენახული მაქვს ახლა ეს მესიჯი და თვალის ჩინივით გავუფრთხილდები.

გული მტკივა, რომ ამ ბიჭების მიმართ საშინელი კამპანია მიმდინარეობს საქართველოში. იქ ჩემი თვალით ვნახე, რომ ყველა საოცარი ადამიანია, სულში და გულში აქვთ ამოჭრილი საქართველოს მომავალზე ფიქრი და მზად არიან ამისთვის სიცოცხლე დაუფიქრებლად გასწირონ.

ზაქრო საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დროს
ზაქრო საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დროს

რამდენჯერმე შევესწარი, უკრაინელები როგორი მოწიწებით მოდიან საქართველოს ეროვნული დროშის დანახვაზე, გიხდიან მადლობას, ეს ამ ბიჭების გმირობის დამსახურებაა. აქ კი ტალახის სროლა მიდის, მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება არ დაკარგონ“ - მიაჩნია ევა ლომთაძეს.

ზაქრო შუბითიძე რიგით 54 ქართველია, რომელიც უკრაინის მიწაზე, რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლაში დაეცა. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022) უკრაინის დროშის ქვეშ - 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს, 54 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

უკრაინის ომში დაღუპული ქართველები 2014-2023
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:42 0:00

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG