ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დათომ თავის თავზე მიიღო ცეცხლი“


უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის პანაშვიდი ქაშვეთში
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის პანაშვიდი ქაშვეთში

უკრაინიდან პოლონეთის გავლით, თბილისში კიდევ ერთი ქართველი მეომრის ცხედარი ჩამოასვენეს. აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი კიევთან ახლოს, ირპენთან, რუს ოკუპანტებთან სასტიკი ბრძოლის დროს დაეცა. თბილისის აეროპორტში ქართველ მეომარს უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი.

გობეჯიშვილის ცხედარი აეროპორტიდან ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მიასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 1 აპრილს, ქართველ მოხალისეს ტყიბულში გადაასვენებენ, სადაც ოჯახთან ერთად, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ცხოვრობდა. დავითს ორი შვილი დარჩა. ტყიბულში ქართველ ჯარისკაცს სამხედრო პატივით 2 აპრილს დაკრძალავენ.

„სოხუმიდან ვართ, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ყველა ომი გამოიარა, ყველგან კაცურად იომა .ღმერთს ვევედრები რომ ბოლო მსხვერპლი იყოს დათო“
ეთერი ბერია, უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის დედა

„დამიმალა, მეგონა პოლონეთში მიდიოდა სამუშაოდ, ოჯახში ასე თქვა, თურმე, შეთანხმებული ყოფილა ბიჭებთან და უკრაინაში წავიდა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გობეჯიშვილის დედამ ეთერი ბერიამ.

„სოხუმიდან ვართ, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ყველა ომი გამოიარა, ყველგან კაცურად იომა და გადარჩა, ერთ ხელზე ერთი თითი ჰქონდა დარჩენილი...ღმერთს ვევედრები, რომ ბოლო მსხვერპლი იყოს დათო და ამხელა უბედურება არცერთ დედას აღარ განაცდევინოს“.

დავით გობეჯიშვილი აფხაზეთის ომის დროს, 1992 წელი
დავით გობეჯიშვილი აფხაზეთის ომის დროს, 1992 წელი

სოხუმთან ახლოს, სოფელ ბირცხაში დაბადებული დათო გობეჯიშვილი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 19 წლის ასაკიდან იცავდა. აფხაზეთის ომში იგი მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მოტომექანიზებული ბრიგადის, პირველი მექანიზებული ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, მსახურობდა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში.

დათო გობეჯიშვილი, უკანა რიგში, მარცხნიდან მეორე, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში სამსახურის დროს
დათო გობეჯიშვილი, უკანა რიგში, მარცხნიდან მეორე, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში სამსახურის დროს

კიევში ჩასვლის შემდეგ, 47 წლის გობეჯიშვილი უკრაინის მოხალისეთა ბატალიონ Карпатська Січ-ს შეუერთდა, სადაც ქართველი მეომრებიც ირიცხებიან. 27 მარტს ირპენთან საბედისწერო შეტაკებისას დროს, გობეჯიშვილი პირველ საბრძოლო დავალებაზე იმყოფებოდა.

მოხალისეთა ინტერნაციონალურმა ჯგუფმა ირპენში, რუსი ოკუპანტების საცეცხლე წერტილი გაანადგურა, მშვიდობიანი მაცხოვრებლები დაიცვა, რის შემდეგაც რუსებმა მასირებული საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს. დავით გობეჯიშვილთან ერთად, მოხალისეთა ბატალიონმა ჩერნიჰოველი ბერძოლი იაროსლან ბოიკოც დაკარგა.

უკრაინის მოხალისეთა ბატალიონ Карпатська Січ-ის ქართველი მებრძოლები
უკრაინის მოხალისეთა ბატალიონ Карпатська Січ-ის ქართველი მებრძოლები

საქართველოში გადმოსვენებამდე, გობეჯიშვილის ცხედარი კიევში, წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც წესი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა ბოგდან ვაიდამ აუგო. დეკანოზმა ქართველ მეომრებს და გობეჯიშვილის ოჯახს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქის, 93 წლის ფილარეტის დალოცვა გადასცა.

ქართველ მებრძოლთან გამომშვიდობება კიევში, წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში
ქართველ მებრძოლთან გამომშვიდობება კიევში, წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში

წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში ქართველ მებრძოლს, Карпатська Січ-ის წევრები და სხვადასხვა უკრაინულ შენაერთებში მებრძოლი ქართველი მოხალისეები გამოეთხოვნენ. ბატალიონ Карпатська Січ-ის მეთაურმა ოლეგ კუცინმა გამოსათხოვარი სიტყვა დაასრულა ფრაზით - „დიდება საქართველოს!“

„დათომ თავის თავზე მიიღო ცეცხლი, გადაარჩინა ჩვენი ჯგუფის უსაფრთხოება და თვითონ დაბომბვის დროს დაიღუპა. ეს იყო მისი პირველი საბრძოლო დავალება“
ვახა ჩუთლაშვილი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე

„დათომ თავის თავზე მიიღო ცეცხლი, გადაარჩინა ჩვენი ჯგუფის უსაფრთხოება და თვითონ დაბომბვის დროს დაიღუპა. ეს იყო მისი პირველი საბრძოლო დავალება“ - ამბობს ქართველი მოხალისე ვახა ჩუთლაშვილი.

რუსი ოკუპანტების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის არმიის მხარეს, ასობით ქართველი მოხალისე იბრძვის. ოთხი მათგანი ბრძოლის ველზე დაეცა: დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, დავით გობეჯიშვილის მსგავსად, 17 მარტს, სწორედ ირპენისთვის ბრძოლას შეეწირნენ. დღეს, ამ ქალაქს უკრაინელები უკვე სრულად აკონტროლებენ.

19 მარტს, მარიუპოლში, ბატალიონ „აზოვის“ ერთ-ერთი ინსტრუქტორი ბახვა ჩიქობავა დაიღუპა. ვინაიდან ეს ქალაქი ალყაშია და რუსი ოკუპანტების მიერ განუწყვეტლივ იბომბება, როდის მოხერხდება, ან მოხერხდება თუ არა, საერთოდ ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება, ამის თქმა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. სულ 2014 წლიდან, რაც რუსეთი უკრაინის ყირიმსა და დონბასში შეიჭრა, უკრაინის ეროვნული დროშის ქვეშ, 15 ქართველი მეომარი დაეცა.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი
ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი
ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი

უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-22)

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12.2014 სჩასტიე, ლუჰანსკი

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი

გიორგი ბარათელი 08.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი

რეზო წიკლაური 29.04.2016 ავდეევკა, დონეცკი

დავით გამსახურდია 08.10.2016 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

დავით სიხარულიძე 11.05.2017, ნოვოლუჰანსკოე, დონეცკი

გიორგი სარალიძე, 31.10.2017 დონეცკის აეროპორტი

დავით შარტავა 18.04.2021 შიროკინო, მარიუპოლი

დავით რატიანი 17.03. 2022 ირპენი, კიევი

გია ბერიაშვილი, 17.03.2022 ირპენი, კიევი

ბახვა ჩიქობავა 19.03.2022 მარიუპოლი

დავით გობეჯიშვილი 27.03.2022 ირპენი, კიევი

XS
SM
MD
LG