ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დაიღუპა უკრაინისთვის, მაგრამ ყველამ იცის, როგორ უყვარდა საქართველო“


დავით სიხარულიძე "აიდარის" თანამებრძოლებთან ერთად

საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომში მეათე ჯარისკაცი დაკარგა. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი დავით სიხარულიძე რუსი ოკუპანტების ჭურვს ნოვოლუგანსკოეში, 11 მაისს შეეწირა. იგი მძიმედ დაიჭრა და სისხლისგან დაიცალა. ეს სოფელი ოკუპირებული დონეცკიდან 86 კილომეტრში მდებარეობს.

44 წლის სიხარულიძე ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო. 2014 წლამდე, კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა, იყო აფხაზეთის და აგვისტოს ომების ვეტერანი. კოსოვოს და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციების მონაწილე.

დავით სიხარულიძე KFOR-Kosovo Forces სამშვიდობო ოპერაციაში
დავით სიხარულიძე KFOR-Kosovo Forces სამშვიდობო ოპერაციაში

2008 წელს, რუს ოკუპანტებთან ომის დროს მძიმე საბრძოლო ჭრილობა მიიღო. სამი წლის წინ, მან ქართული არმიის ფორმა უკრაინულზე გაცვალა და უკრაინის დამცველთა რიგებს შეუერთდა.

ვიცე-პოლკოვნიკი სიხარულიძე თავიდან სამხედრო ინსტრუქტორად მუშაობდა, ბოლო ერთი წელია კი უკრაინის სახმელეთო ჯარებში შემავალი, 24-ე ცალკეული მოიერიშე ბატალიონ „აიდარის“ ერთ-ერთი მეთაური იყო. „აიდარი“ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ, ძირითადად ლუგანსკის ოლქში იბრძვის.

დავით სიხარულიძემ საკუთარი პროფესიონალიზმით და თავგანწირვით ძალიან მალე მოიგო უკრაინელთა გულები, ეს „აიდარის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ, უკრაინელი ოფიცრის ნიკოლაი ნაგორნის გამოსათხოვარ წერილშიც იგრძნობა:

ამ სიცარიელეს უკვე ვერაფერი შეავსებს, იტირე უკრაინამ ჩვენთან ერთად და ყოველთვის გახსოვდეს, ჩვენ გადაუხდელ ვალში ვართ, დავითს ოჯახი დარჩა, გვაპატიეთ, თუ შეძლებთ, რომ ვერ მოვუფრთხილდით მას...“

„იტირე, ძვირფასო საქართველო..შენი შვილის გულისფეთქვა შეწყდა..ერთ-ერთი საუკეთესო შვილთაგანის..დავითი დაიღუპა უკრაინისთვის, მაგრამ, ყველამ ვინც იცნობდა , იცოდა როგორ უყვარდა მას საქართველო..

ის იყო დიდი მოურავი, სამეთაურო შტაბისთვის შეუცველი სპეციალისტი, მებრძოლებისთვის მეთაური, რომელზეც შეიძლება მხოლოდ იოცნებო..

ის ყველას უყვარდა, თითქოს ყველაფერი შეეძლო, რაც არ უნდა გაეკეთებინა შედევრად აქცევდა..

ამ სიცარიელეს უკვე ვერაფერი შეავსებს, იტირე უკრაინამ ჩვენთან ერთად და ყოველთვის გახსოვდეს, ჩვენ გადაუხდელ ვალში ვართ..დავითს ოჯახი დარჩა, გვაპატიეთ, თუ შეძლებთ, რომ ვერ მოვუფრთხილდით მას..“

ბოლო სამი წლის მანძილზე, დავით სიხარულიძე ჩუმად აკეთებდა საქმეს, რომლისაც ბოლომდე სჯეროდა. უკრაინელი ჟურნალისტი ოლგა კალენიჩენკო იხსენებს რომ ვიცე-პოლკოვნიკი სიხარულიძე ინტერვიუზე ძლივს დაითანხმა:

„ის იღიმოდა და მასში საერთოდ არ იყო აგრესია. მას უნდოდა უკრაინის დახმარება, შემდეგ სახლში დაბრუნდა. სამშობლოში მეუღლე და ორი შვილი ელოდებოდა. სურვილში დაგვხმარებოდა უკრაინელებს, ოჯახი ბოლომდე მხარს უჭერდა.“ თავის ბოლო ინტერვიუში დავით სიხარულიძე ამბობს:

„ყველა ქვეყანას, რომელიც სამართლიან ბრძოლას ეწევა აქვს პოტენციალი რომ გაიმარჯვოს, მათ შორის, ისეთ პატარა ქვეყანასაც კი, როგორიც საქართველოა. უკრაინას ამის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. თუ ვიქნებით ერთად და ჭკუით ჩვენ გავიმარჯვებთ

„ყველა ქვეყანას, რომელიც სამართლიან ბრძოლას ეწევა აქვს პოტენციალი რომ გაიმარჯვოს, მათ შორის, ისეთ პატარა ქვეყანასაც კი, როგორიც საქართველოა. უკრაინას ამის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. თუ ვიქნებით ერთად და ჭკუით ჩვენ გავიმარჯვებთ.

პროფესიონალი სამხედროს თვალსაზრისით, უკრაინა სამართლიან ომს აწარმოებს. ეს ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვარ. არის სხვა მიზეზიც, 90-იან წლებში, როცა ჩვენ გვქონდა სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში, ძალიან ბევრი უკრაინელი გვეხმარებოდა. ასე რომ ვალს ვაბრუნებთ.“

დავით სიხარულიძის სიკვდილის გამო, მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი, უკრაინის არმიის მე-20 ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის ოფიცერი, ეთნიკური ქართველი გიორგი რუსებს შურისძიებით ემუქრება:

„ვპირდები რუსებს, რომ ეს სისხლის მათ ასე მარტივად არ შერჩებათ. ჩვენ ყველას სისხლს ავიღებთ, ვინც მათი ხელიდან დაიღუპა.“

1993 წელს, საქართველოს დასახმარებლად 300-მდე უკრაინელი მებრძოლი ომობდა, ძირითადად, უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაცია უნა-უნსოს (Українська Національна Асамблея) წევრები. აფხაზეთის ომში 7 უკრაინელი მეომარი დაიღუპა, ყველაზე ახალგაზრდა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის სერგეი ობუხი იყო, რომელიც სოფელ კამანში მოკლეს.

2014-2017 წლებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში, უკვე მეათე ქართველი დაეცა.

დავით სიხარულიძეს ჯერ კიევში, ფოსტის ქუჩაზე მდებარე, მაცხოვრის შობის ტაძარში გამოეთხოვნენ. წუხელ კი ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. მას ლანჩხუთის რაიონში, მშობლიურ სოფელ სუფსაში მიაბარებენ მიწას.

უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-17)

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12.2014 სჩასტიე, ლუგანსკი

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი

ალბერტ ატოიანი, 22.01.2015 კონსტანტინოვკა, დონეცკი

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი

გიორგი ბარათელი 08.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი

რეზო წიკლაური 29.04.2016 ავდეევკა, დონეცკი

დავით გამსახურდია 08.10.2016 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

დავით სიხარულიძე 11.05.2017, ნოვოლუგანსკოე, დონეცკი

აფხაზეთში მოკლული 18 წლის უკრაინელი მოხალისეს - სერგეი ობუხის საფლავი ლვოვში
აფხაზეთში მოკლული 18 წლის უკრაინელი მოხალისეს - სერგეი ობუხის საფლავი ლვოვში

ქართველთა მხარეს დაღუპული უკრაინელი მეომრები (1993)

სერგეი ობუხ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან გალაზიკა 19.07.1993 კამანი, სოხუმი

ლეონიდ ტკაჩუკ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან მუზიკა 21.07. 1993 იაშხუთა, სოხუმი

ვოლოდიმირ ბილ 30.07.1993 ცუგუროვკა, სოხუმი

ვოლოდიმირ კრუტიკ 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი

ოლექსეი დოვგიი 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG