ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომში 11 მებრძოლი დაკარგა


ქართველი მოხალისე დავით შარტავა რუსებმა შიროკინოსთან 18 აპრილს მოკლეს

საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომში რიგით მეთერთმეტე ჯარისკაცი დაკარგა და პირველი, 2021 წელს, ფრონტის ხაზზე ვითარების უპრეცედენტო ესკალაციის შემდეგ.

დავით შარტავა ოკუპანტების ნასროლ ჭურვს, აზოვის ზღვაზე ყოფილი კურორტის შიროკინოს ტერიტორიაზე 18 აპრილს შეეწირა. შიროკინო ქალაქ მარიუპოლიდან, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, 23 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. კურორტი 2016 წლიდან მთლიანად დანგრეულია, მოსახლეობა გამოსულია და აქ სასტიკი ფრონტის ხაზი გადის.

შიროკინო - რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზი აზოვის ზღვასთან
შიროკინო - რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზი აზოვის ზღვასთან

46 წლის დავით შარტავა უკრაინის არმიის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე იმიერკარპატების ბატალიონის მებრძოლი იყო. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მეომრებს 2017 წლიდან შეუერთდა.

მანამდე შარტავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა, გავლილი ჰქონდა სწრაფი რეაგირების ძალების ბატალიონ კომანდოს კურსი, იყო პირველი ქვეითი ბრიგადის თელავის 11-ე ბატალიონის "ჩარლი" ასეულის მებრძოლი და ცხინვალის გარშემო ბრძოლების მონაწილე, 2004 წლის ზაფხულში.

დავით შარტავა საქართველოს არმიაში
დავით შარტავა საქართველოს არმიაში

128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე იმიერკარპატების ბატალიონის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მხრიდან მათი პოზიციების დაბომბვა, რასაც ქართველი მებრძიოლი შეეწირა, ოკუპირებული დონეცკის ოლქის სოფლების სახანკას და ლენინსკოეს მხრიდან განხორციელდა.

"ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, სიკვდილამდე შარტავამ დაღუპვას მინიმუმ ერთი უკრაინელი სამხედრო გადაარჩინა. უკრაინულმა ბატალიონმა სამძიმრის წერილი გაავრცელა, სადაც კერძოდ ნათქვამია:

მტერმა კიდევ ერთხელ დაარღვია ყველა შეთანხმება. გულწრფელად ვუთანაგძნობთ, ჩვენი ერთგული მებრძოლის დავით შარტავას ოჯახს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოწინააღმდეგემ ინანოს რომ ეს დანაშაული ჩაიდინა
უკრაინის არმიის 128-ე ცალკეული სამთო-საშტურმო იმიერკარპატების ბატალიონის განცხადებიდან


„მტერმა კიდევ ერთხელ დაარღვია ყველა შეთანხმება. გულწრფელად ვუთანაგძნობთ, ჩვენი ერთგული მებრძოლის დავით შარტავას ოჯახს, ვიზიარებთ მისი დაღუპვით გამოწვეულ ტკივილს ყველა ახლობელთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოწინააღმდეგემ ინანოს რომ ეს დანაშაული ჩაიდინა“ - ვკითხულობთ იმიერკარპატების ბატალიონის სამძიმრის წერილში.

128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბატალიონის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, დასავლეთ უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქის ქალაქ მუკაჩევოში, დავით შარტავას სულის მოსახსენიებელი პარაკლისი , ბატალიონის კაპელანმა, უკრაინის ეკლესიის უჟგოროდისა და იმიერკარპატების ეპისკოპოსმა ვარსონოფმა აღავლინა.

შარტავას მეუღლე და ორი შვილი დარჩა, ისინი საქართველოში ცხოვრობენ, "ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ და თბილისში მიაბარებენ მიწას.

ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი დასავლეთ უკრაინაში
ქართველი მებრძოლის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი დასავლეთ უკრაინაში

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსი ოკუპანტები შიროკინოს ფრონტის ხაზზე ქართველ ჯარისკაცს კლავენ. ზუსტად, 6 წლის უკან, 2015 წლის 18 აპრილს, რუსებმა აქ უკრაინის ბატალიონ „აზოვის“ მოხალისე გიორგი ჯანელიძე მოკლეს, ქართველი მეომრის ცხედრის გამოტანას დანაღმული ბრძოლის ველიდან, მაშინ სპეციალური საბრძოლო ოპერაცია დასჭირდა.

2014 წლიდან, როცა რუსეთმა უკრაინული ყირიმის ანექსია, დონეცკისა და ლუღანსკის ოლქების ოკუპაცია მოახდინა, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში რამდენიმე ათეული ქართველი მებრძოლი ჩაება, თერთმეტი მათგანი დაიღუპა.

დავით შარტავა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად
დავით შარტავა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად

1993 წელს, საქართველოს დასახმარებლად 300-მდე უკრაინელი მებრძოლი ომობდა, ძირითადად, უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაცია უნა-უნსოს (Українська Національна Асамблея) წევრები. აფხაზეთის ომში 7 უკრაინელი მეომარი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის სერგეი ობუხი იყო, რომელიც რუსებმა სოფელ კამანში მოკლეს.

უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-21)

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12.2014 სჩასტიე, ლუგანსკი

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი

გიორგი ბარათელი 08.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი

რეზო წიკლაური 29.04.2016 ავდეევკა, დონეცკი

დავით გამსახურდია 08.10.2016 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

დავით სიხარულიძე 11.05.2017, ნოვოლუგანსკოე, დონეცკი

გიორგი სარალიძე, 31.10.2017 დონეცკის აეროპორტი

დავით შარტავა 18.04.2021 შიროკინო, მარიუპოლი

აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული უკრაინელი მებრძოლები
აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული უკრაინელი მებრძოლები

ქართველთა მხარეს დაღუპული უკრაინელი მეომრები (1993)

სერგეი ობუხ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან გალაზიკა 19.07.1993 კამანი, სოხუმი

ლეონიდ ტკაჩუკ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან მუზიკა 21.07. 1993 იაშხუთა, სოხუმი

ვოლოდიმირ ბილ 30.07.1993 ცუგუროვკა, სოხუმი

ვოლოდიმირ კრუტიკ 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი

ოლექსეი დოვგიი 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG