ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-უკრაინის ომში ორი ქართველი მეომარი დაეცა


 გია ბერიაშვილი (მარცხნივ) და დავით რატიანი
გია ბერიაშვილი (მარცხნივ) და დავით რატიანი

უკრაინის არმიის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისეთა შორის, ომის დაწყების დღიდან, სამწუხაროდ, პირველი მძიმე დანაკარგია. კიევის ოლქში, ქალაქ ირპენთან ახლოს, რომელიც დედაქალაქ კიევიდან 8 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, რუს ოკუპანტებთან მძიმე შეტაკებას, ორი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ემსხვერპლა. კიდევ ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე კი დაიჭრა.

„დათოს სწორად ჰქონდა გააზრებული, რომ საქართველოს ბედიც, დღეს უკრაინაში წყდება, მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ბრძოლაში გაატარა, საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“
ინდირა გუჯეჯიანი, დავით რატიანის ნათესავი

“დათო, ბოროტი ურჩხულის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინაში გმირულად დაიღუპა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ დავით რატიანის ახლო ნათესავმა ინდირა გუჯეჯიანმა. „მას სწორად ჰქონდა გააზრებული, რომ საქართველოს ბედიც, დღეს უკრაინაში წყდება, მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ბრძოლაში გაატარა, საკუთაუ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“ - ამბობს ინდირა გუჯეჯიანი.

53 წლის დავით რატიანი, აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო იყო, ბრძოლა საქართველოსთვის ეროვნული გვარდიიდან დაიწყო. აფხაზეთის, რუსეთთან აგვისტოს ომისა და ავღანეთის მისია გამოვლილს, ოთხი შვილი დარჩა, რომლებიც ვარკეთილში, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობენ.

თადარიგის ოფიცერი რატიანი კარიერის მანძილზე დაჯილდოვებული იყო მედლებით: "უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის“, წმინდა ნინოს „სიცოცხლის გადარჩენისა“ და „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.

„დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა სიკვდილს. სიკვდილამდე რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა“ - ასე აღწერს რატიანისა და ბერიაშვილის უკანასკნელ ბრძოლას, ირპენში, უკრაინელი ჟურნალისტი და მოხალისე ალექსეი ბობროვნიკოვი.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ალექსეი ბობროვნიკოვის ფოტოები
დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ალექსეი ბობროვნიკოვის ფოტოები

„ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი ოცეული დაზვერვაზე იყო წასული. ბეროს ცხედარი, გუშინ ნაღმტყორცნების სროლისას გადმოვასვენეთ. ბერო სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდა.

„ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი ოცეული დაზვერვაზე იყო წასული. ბერო სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდა. დათომ გმირულად იცხოვრა და გმირულად დაიღუპა
ალექსეი ბობროვნიკოვი, უკრაინელი ჟურნალისტი

დათომ გმირულად იცხოვრა და გმირულად დაიღუპა: ფეხში დაჭრილ ფრანგ ჯარისკაცს პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. აფეთქების შედეგად დათო ადგილზე დაიღუპა. დათო იყო ძლიერი, მშვიდი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი.

დათო საბრძოლველად ბოლოს გუშინ, გამთენიას, 5 საათზე გავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით. ჭურვმა, რომელიც ოკუპანტებმა გამოიყენეს, დათო მოკლა.

სამხედრო, რომელიც დათოს მოჰყავდა და მე, გადავრჩით. ჭურვებს იყენებდნენ მაშინაც, როდესაც დაღუპულები ბრძოლის ველიდან გამოგვყავდა. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა, ერთად გამოვიყვანეთ ისინი ბრძოლის ველიდან, სადაც დაიღუპნენ“ - წერს ბობროვნიკოვი.

გია ბერიაშვილი წარსულში საქართველოს შსს განსაკურებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლი იყო, კარიერა მუხროვანის ბატალიონში დაიწყო, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. პოლიციის პოლკოვნიკს სხვადასხვა დროს მინიჭებული ჰქონდა შსს-ს მედალიონი "განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის" და მედალი "მამაცობისთვის".

ბერიაშვილი უკრაინელთა მხარეს 2014-15 წლებშიც იბრძოდა, ბოლო პერიოდში ბრიტანეთში იმყოფებოდა, თუმცა მარტის დასაწყისში ისევ უკრაინაში დაბრუნდა.

რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს
რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს

„ის შეუდარებელი კაცი იყო, მიჭირს წარსულში გიაზე ლაპარაკი, მაგრამ, ბევრი ვაჟკაცი ინატრებდა ასეთ სიკვდილს, მან თავისი სული უკვდავყო, ის ორი ქვეყნის გმირია, უკრაინის და საქართველოსი“ - ამბობს გია ბერიაშვილის თანამებრძოლი ვეფხია კასრაძე.

მიჭირს წარსულში გიაზე ლაპარაკი, მაგრამ, ბევრი ვაჟკაცი ინატრებდა ასეთ სიკვდილს, მან თავისი სული უკვდავყო, ის ორი ქვეყნის გმირია
ვეფხია კასრაძე, გია ბერიაშვილის თანამებრძოლი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, თუმცა გარდაცვლილთა ოჯახებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, როდის მოხერხდება უკრაინიდან თბილისში ჩვენი მებრძოლების ცხედრების გადმოსვენება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინის არმიის მხარეს, რუს ოკუპანტებთან წინააღმდეგ ომში, ამჟამად უკრაინის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონის სხვადასხვა შენაერთში, ათასამდე ქართველი მოხალისე იბრძვის.

მათი მცირე ნაწილი „ქართული ლეგიონისა“ და სხვა დაჯგუფებების შემადგენლობაში, მერვე წელია ომობს რუსეთის არმიასთან, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. 2014 წლიდან, უკრაინის დროშის ქვეშ, უკვე საქართველოს 13 მებრძოლი დაეცა.

უკრაინის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში მყოფი ქართველი მებრძოლების ნაწილი
უკრაინის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში მყოფი ქართველი მებრძოლების ნაწილი

უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-22)

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12.2014 სჩასტიე, ლუჰანსკი

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი

გიორგი ბარათელი 08.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი

რეზო წიკლაური 29.04.2016 ავდეევკა, დონეცკი

დავით გამსახურდია 08.10.2016 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

დავით სიხარულიძე 11.05.2017, ნოვოლუჰანსკოე, დონეცკი

გიორგი სარალიძე, 31.10.2017 დონეცკის აეროპორტი

დავით შარტავა 18.04.2021 შიროკინო, მარიუპოლი

დავით რატიანი 17.03. 2022 ირპენი, კიევი

გია ბერიაშვილი, 17.03.2022 ირპენი, კიევი

XS
SM
MD
LG