ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უკრაინა მეორე სამშობლოდ მიაჩნდა" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა


ბერდია ჯოხაძე უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში, 12 აგვისტოს დაიღუპა

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მოხალისე შეეწირა. 43 წლის ბერდია ჯოხაძე ხერსონის ფრონტზე 12 აგვისტოს დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოში პარასკევ დილით ჩაასვენეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაასვენეს.

ბერდია ჯოხაძეს ქართულ-უკრაინული ოჯახი ჰქონდა, იგი 15 წელი უკრაინაში ცხოვრობდა. როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჯოხაძე, კიევის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის 206-ე ბატალიონში მოხალისედ ჩაირიცხა. მოგვიანებით, რამდენიმეკვირიანი წვრთნის შემდეგ, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაშიც ჩაება.

უკრაინას მის მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა, ამბობდა, რომ ჩემი ქალიშვილის მეორე სამშობლოა, დაცვა სჭირდება და იარაღი ხელში რუსების შეჭრისთანავე აიღო
ნატალია ჯოხაძე, ბერდია ჯოხაძის და

„სამხედრო საქმესთან მანამდე შეხება არ ჰქონია, მაგრამ უკრაინას თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა, ამბობდა, ჩემი ქალიშვილის მეორე სამშობლოა, დაცვა სჭირდებაო და იარაღი ხელში რუსების შეჭრისთანავე აიღო“, - ამბობს დაღუპული მეომრის და ნატალია ჯოხაძე.

უკრაინის არმიის ტერიტორიული თავდაცვის 206-ე ბატალიონი თავიდან კიევის ოლქში, ძირითადად ქალაქ ირპენში იბრძოდა. მაშ შემდეგ, რაც ოკუპანტებმა კიევის ოლქი დატოვეს, ბატალიონი სამხრეთში, ქალაქ მიკოლაივში გაგზავნეს და ის ხერსონის ოლქის გათავისუფლების ოპერაციაში ჩაება.

ბერდია ჯოხაძე რუსეთ-უკრაინის ომში
ბერდია ჯოხაძე რუსეთ-უკრაინის ომში

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძე ამ ოპერაციაში მონაწილეობისას - იმ დროს, როცა დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა - ძლიერ დაბომბვაში მოჰყვა და დაუზუსტებელი ნივთიერებით სერიოზული ინტოქსიკაცია მიიღო.

დაჭრილების გამოსაყვანად რამდენჯერმე შესულა და დაბომბვაში მოყვა. მისი თანამებრძოლებისგან გავიგეთ, რომ დამომბვის დროს მოიწამლა, ზუსტად რითი არ ვიცით, ამბობენ ქიმიური მოწამვლა იყოო
გოჩა ჯოხაძე, ბიძა

„დაჭრილების გამოსაყვანად რამდენჯერმე შესულა და დაბომბვაში მოჰყვა. მისი თანამებრძოლებისგან გავიგეთ, რომ დამომბვის დროს მოიწამლა, ზუსტად რით - არ ვიცით, ამბობენ, ქიმიური მოწამვლა იყოო. სასწარფოდ გადაიყვანეს მიკოლაივის ჰოსპიტალში, სადაც ორი დღე იცოცხლა, ინტოქსიკაციის შედეგად მრავლობითი თრომბოზი განუვითარდა და 12 აგვისტოს დაიღუპა“, - გვითხრა გარდაცვლილის ბიძამ გოჩა ჯოხაძემ.

ბერდია ჯოხაძეს 9 წლის ქალიშვილი და უკრაინელი მეუღლე ჰყავდა. ქართველ მოხალისეს, რომელიც უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლისას გარდაიცვალა, 21 აგვისტოს სამხედრო პატივით წავკისის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლები (2014-2022)

ბერდია ჯოხაძე 12.08.2020

კახა გოგოლი 10.07.2020

ალუდა ზვიადაური 16.06.2022

კირილე შანავა 04.06.2022

დანიელ გერლიანი 03.06.2022

გიორგი გრიგოლია 03.06.2022

რატი შურღაია 14.05.2022

ტატო ბიგვავა 12.05.2022

ვიტალი ორბელაძე 23.04.2022

ზაზა ბიწაძე 16.04.2022

არკადი კასრაძე 16.04.2022

ალიკა ცაავა 16.04.2022

დავით მენაბდიშვილი 09.04.2022

ნიკა შანავა 09.04.2022

დავით გობეჯიშვილი 27.03.2022

ბახვა ჩიქობავა 19.03.2022

გია ბერიაშვილი 17.03.2022

დავით რატიანი 17.03.2022

ოლეგ გეგეჭკორი 08.03.2022

დავით შარტავა 18.04.2021

გიორგი სარალიძე 31.10.2017

დავით სიხარულიძე 11.05.2017

დავით გამსახურდია 08.10.2016

ირაკლი ქუთელია 09.12.2015

რეზო წიკლაური 29.04.2016

გიორგი ბარათელი 08.08.2015

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015

ალექსანდრე გრიგოლაშვილი 18.12.2014

XS
SM
MD
LG