ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მე შურს ვიძიებ, ჩემო ძმაო, შურს ვიძიებ!“


აბაშელი გიორგი გრიგოლია რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაეცა

აბაშაში სამხედრო პატივით დაკრძალეს ქართველი მოხალისე გიორგი გრიგოლია. იგი უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტზე, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან ახლოს, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა და 3 ივნისს, რამდენიმე უკრაინელ თანამებრძოლთან საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.

გიორგის ცხედრის გადმოსვენება საქართველში 10 ივნისს მოხერხდა, პანაშვიდი აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გაიმართა. გიორგი დედის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვას ვერ დაესწრო გიორგის მამა, რომელიც უკრაინის კიდევ ერთ ფრონტისპირა ქალაქში მიკოლაევში იმყოფება.

41 წლის გიორგი გრიგოლია უკრაინაში 2006 წლიდან ცხოვრობდა, იყო უკრაინის მოქალაქე. რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, მან ცოლ-შვილი ქვეყნიდან გახიზნა, თავად კი მოხალისედ ჩაეწერა და ხელში იარაღი აიღო.

მე შურს ვიძიებ, ჩემო ძმაო, შურს ვიძიებ! ღმერთმა გაანათლოს შენი სული და მსუბუქი ყოფილიყოს მშობლიური მიწა
მაქსიმ პავლიჩენკო, გიორგი გრიგოლიას უკრაინელი თანამებრძოლი

„მე შურს ვიძიებ, ჩემო ძმაო, შურს ვიძიებ! ღმერთმა გაანათლოს შენი სული და მსუბუქი ყოფილიყოს მშობლიური მიწა“ - ასე დაემშვიდობა სოციალურ ქსელში, გიორგი გრიგოლიას უკრაინელი თანამებრძოლი მაქსიმ პავლიჩენკო.

რუსეთ-უკრაინის უსასტიკეს ომში, ივნისის თვის პირველ კვირაში კიდევ ორი ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. 4 ივნისს, აღმოსავლეთის ფრონტზე, ლუჰანსკის მიმართულებაზე, ოკუპანტებმა კირილე შანავა მოკლეს.

აფხაზეთიდან დევნილი შოთა შანავას შთამომავალი, უკრაინაში დაბადებული 23 წლის კირილე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.

3 ივნისს კი ოკუპანტებთან ბრძოლაში, კიდევ ერთი, ქართული წარმოშობის უკრაინელი მოხალისე დანიელ გერლიანი დაეცა. აფხაზეთიდან დევნილი გურამ გერლიანის შვილი, 22 წლის დანიელი, მეტსახელად „ჰიმალაი“, უკრაინული საფეხბურთო გრანდის, კიევის „დინამოს“ ფან-დაჯგუფების “ულტრასების” ერთ-ერთ ლიდერი იყო.

დანიელ "ჰიმალაი" გერლიანი კიევის "დინამოს" ფან-დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო
დანიელ "ჰიმალაი" გერლიანი კიევის "დინამოს" ფან-დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო

„ჰიმალაი“ ნამდვილი მებრძოლი იყო და არა მხოლოდ სპორტში. სწორედ ამიტომ, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველი დღეს, იგი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა და მამულის თავისუფალი მომავლისთვის იბრძოდა. დასანანია, რომ "დინამოს" ფან სექტორი დაპატარავდა, მაგრამ ნამდვილი მებრძოლი უკვდავია!“ - ნათქვამია კიევის „დინამოს“ ფან დაჯგუფების მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

უკრაინის დროშის ქვეშ, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ამ დროისთვის, ასობით საქართველოს მოქალაქე, უკრაინის მოქალაქე ეთნიკური ქართველი თუ ქართული წარმოშობის უკრაინელი იბრძვის.

„ჰიმალაი“ ნამდვილი მებრძოლი იყო და არა მხოლოდ სპორტში. დასანანია, რომ დინამოს ფან სექტორი დაპატარავდა, მაგრამ ნამდვილი მებრძოლი უკვდავია!“
კიევის "დინამოს" ფან-დაჯგუფების სამძიმრის ტექსტიდან

25 თებერვლიდან, უკრაინაში პუტინისტი აგრესორების შეჭრის დღიდან, 16 მათგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სიკვდილის შემდეგ, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა, ქართული წარმოშობის უკრაინელ სამხედრო მფრინავს ოლეგ გეგეჭკორს. იგი 8 მარტს ურთულესი საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა.

ჯერჯერობით, ისევ უცნობია, მოხერხდება თუ არა, მარიუპოლის გმირული დაცვის დროს, მოკლული სენაკელი ბახვა ჩიქობავას და ტატო ბიგვავას ცხედრების გადმოსვენება. ტატოს ფესვებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იყო.

ქართველები უკრაინელთა მხარეს, 2014 წლიდან იბრძვიან, მას შემდეგ, რაც პუტინისტურმა რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში, უკრაინული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიტაცა. 2014-2021 წლებში, უკრაინის დროშის ქვეშ - 11 ქართველი მეომარი დაიღუპა.

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლები (2014-2022)

ტატო ბიგვავა მარიუპოლში, "აზოვსტალის" გმირული დაცვის დროს დაიღუპა
ტატო ბიგვავა მარიუპოლში, "აზოვსტალის" გმირული დაცვის დროს დაიღუპა

კირილე შანავა 04.06.2022

დანიელ გერლიანი 03.06.2022

გიორგი გრიგოლია 03.06.2022

რატი შურღაია 14.05.2022

ტატო ბიგვავა 12.05.2022

ვიტალი ორბელაძე 23.04.2022

ზაზა ბიწაძე 16.04.2022

არკადი კასრაძე 16.04.2022

ალიკა ცაავა 16.04.2022

დავით მენაბდიშვილი 09.04.2022

ნიკა შანავა 09.04.2022

დავით გობეჯიშვილი 27.03.2022

ბახვა ჩიქობავა 19.03.2022

გია ბერიაშვილი 17.03.2022

დავით რატიანი 17.03.2022

ოლეგ გეგეჭკორი 08.03.2022

ქართული წარმოშობის უკრაინელ სამხედრო მფრინავს ოლეგ გეგეჭკორს, სიკვდილის შემდეგ, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა
ქართული წარმოშობის უკრაინელ სამხედრო მფრინავს ოლეგ გეგეჭკორს, სიკვდილის შემდეგ, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა

დავით შარტავა 18.04.2021

გიორგი სარალიძე 31.10.2017

დავით სიხარულიძე 11.05.2017

დავით გამსახურდია 08.10.2016

ირაკლი ქუთელია 09.12.2015

რეზო წიკლაური 29.04.2016

გიორგი ბარათელი 08.08.2015

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015

ალექსანდრე გრიგოლაშვილი 18.12.2014

XS
SM
MD
LG