„აფხაზთა კრებაში“ ერთ ქართველს "უშვებენ"

აფხაზი სეპარატისტები მორიგ უკანონო ე.წ "არჩევნებს" "ატარებენ"

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ე.წ "საპარლამენტო არჩევნებში", 125 აფხაზი, 9 სომეხი, 8 რუსი, ორ-ორი ქართველი და ბერძენი, თითო ოსი და ყაბარდოელი ეროვნების "კანდიდატები" "იბრძვიან". "აფხაზურ კრებაში" კი სულ 35 ადგილია.

აფხაზები ამჯერად, ე.წ "პარლამენტში" მხოლოდ ერთ ეთნიკურ ქართველს "შეუშვებენ". ერთ "ადგილზე", ორივე "კონკურენტი" ორი სოფლიდან: ზემო და ქვემო ბარღებიდან არის. ქვემო ბარღებელი ნატო ბუთბაია ზემო ბარღებელ ბეჟან უბირიას დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი, წინა ე.წ "კრებაშიც" იყო და სავარაუდოდ, ე.წ "არჩევნებს" ამჯერადაც "მოიგებს".

ევროკავშირის, ევროსაბჭოს, პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების, აშშ-ის სენატის მიერ, აფხაზეთი აღიარებულია ოკუპირებული ტერიტორიად, საქართველოს ტერიტორიად. ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არის არალეგიტიმური და ცინიკური
პაატა დავითაია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი

დღეისათვის ზუსტად არის ცნობილი, რომ ახალ ე.წ "პარლამენტში" მოხვდა "აფხაზური ოპოზიციის" ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ბოლო ოცი წლის მანძილზე ე.წ "უშიშროების", "თავდაცვის მინისტრის", "პრემიერ-მინისტრისა" და "ვიცე-პრეზიდენტის" თანამდებობები ეკავა. ხაჯიმბამ ქალაქ ტყვარჩელში "გაიმარჯვა".

ოფიციალურმა თბილისმა აფხაზური "არჩევნები" ტრადიციულად დაგმო და არალეგიტიმური უწოდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ აფხაზეთში, საიდანაც 250 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველია გამოყრილი, ე.წ "არჩევნები" სეპარატისტების "მორიგ ცინიკურ აქტად" შეაფასა.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ, აფხაზეთი აღიარებულია ოკუპირებული ტერიტორიად, საქართველოს ტერიტორიად.

ამიტომ ნებისმიერი ქმედება რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არის არალეგიტიმური და ცინიკური.

მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორს კიდევ ერთხელ დაგმონ ეს არჩევნები, რაც ჩატარდა აფხაზეთში. მოვუწოდებ ადგილობრივ მოსახლეობას, მოვიდეს გონს, რადგან მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი არის საქართველოსთან თანამშრომლობა.“

აფხაზთა ე.წ "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მიერ, ამჯერად ოკუპირებულ ანკლავში, "ხმის უფლების მქონე" - 149 622 "ამომრჩეველი" იყო "რეგისტრირებული".

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოსახლეობის "დაბალი აქტივობის" გამო, ე.წ "არჩევნები" ჩაიშალა ქალაქ სოხუმში, სადაც "ამომრჩეველთა", "25 პროცენტზე ნაკლები" მივიდა.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ აღნიშნა, რომ "ამომრჩეველთა" აქტიურობა "ძალიან დაბალი", ქართველებით დასახლებულ, ოკუპირებულ გალის რაიონშიც იყო.

„გალის რაიონში მოსახლეობის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო. ექცესები არ ყოფილა. აფხაზთა საოკუპაციო ადმინისტრაცია ცდილობდა, რამენაირად გამოეყვანა და გაეაქტიურებინა მოსახლეობა.“

საქართველოს ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში "დამკვირვებლები" უკანონოდ რვა ქვეყნიდან (რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, იტალია, საფრანგეთი, ლატვია, ტუვალუ, უნგრეთი) ჩავიდნენ.

„გალის რაიონში მოსახლეობის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო. აფხაზთა საოკუპაციო ადმინისტრაცია ცდილობდა, რამენაირად გამოეყვანა მოსახლეობა.“
თორნიკე კილანავა

ყველაზე სოლიდურად წარმოდგენილი რუსეთი იყო, ე.წ "არჩევნებს" რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი აკვირდებოდა. ოკუპირებულ ანკლავში ასევე ჩავიდა ტუვალუს პრემიერ-მინისტრი ვილი ტელავი.

სოხუმში რუსეთის გავლით მოხვდა და საქართველოს კანონმდებლობა უხეშად დაარღვია, ევროპარლამენტის წევრმა, უნგრელმა ბელა კოვაჩმაც. იგი კონსერვატიულ-ნაციონალისტურ პარტია Jobbik-ის (მოძრაობა უკეთესი უნგრეთისთვის) წარმოადგენს.

უნგრელი ნაციონალისტების ერთ-ერთი ლიდერი კოვაჩი იმით არის ცნობილი, რომ მეზობელ უკრაინაში მცხოვრები აღმოსავლეთ სლავური ეთნიკური ჯგუფისთვის - რუსინებისთვის, უნგრეთის პასპორტების დარიგების ინიციატივით გამოდის და ღიად პრორუსული პოზიციით გამოირჩევა.