ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი - „უკრაინის დახმარებაში დასავლეთს მეტი გამბედაობა სჭირდება“


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლეთს მეტი გამბედაობა სჭირდება უკრაინის დახმარებაში, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს მეტ მოიერიშე თვითმფრინავსა და ტანკებს სთხოვს.

„დღეს ველაპარაკე მარიუპოლის მცველებს. მათთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. გასაოცარია მათი მონდომება, გმირობა და სიმტკიცე. მათი გამბედაობის 1% მათ რომ ჰქონოდა, ვინც მოიერიშე თვითმფრინავების გადმოცემაზე 31 დღეა ფიქრობს"... პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს დილით მორიგი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.

ომის 32 დღე

32 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსეთის გაცხადებული მიზანი, დედაქალაქის ალყაში სწრაფად მოქცევა და მისი დანებება იყო, თუმცა რუსული ჯარები ახლა უკრაინის რამდენიმე რაიონშია გაჩერებული. კიევი შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების დახმარებით, რუსულ ძალებს მტკიცე წინააღმდეგობას უწევს.

ახლა მოსკოვი აცხადებს, რომ მისი ყურადღება დონბასის რეგიონზეა გამახვილებული, რომელსაც 2014 წლიდან, ნაწილობრივ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის სხვა ნაწილებიდან, ჯარებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გადაიყვანენ.

ამ ფონზე, სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონბასისა და ლუჰანსკის ე.წ. ლიდერები აცხადებენ, რომ რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, რეფერენდუმებს ჩაატარებენ.

მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსია განახორციელა, რუსეთი ღიად უჭერს მხარს სეპარატისტებს დონბასსა და ლუჰანსკში. უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში, მოსკოვმა კიევს მოუწოდა, აღიაროს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა.

ზელენსკის მიმართვა დასავლეთს

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის დასამარცხებლად, უკრაინას დასავლეთის მიერ აქამდე მიწოდებული რაკეტების და სხვა თავდაცვითი იარაღის გარდა, მოიერიშე თვითმფრინავები სჭირდება.

„ეშინიათ ამ ტრაგედიის თავიდან აცილების. ეშინიათ გადაწყვეტილების მიღების“ - აცხადებს ზელენსკი.

„ვინ არის პასუხისმგებელი ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაზე? ისევ მოსკოვი, შეშინების ტაქტიკით? ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის დახმარება“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა დაადასტურა, რომ რუსულმა ძალებმა, ლვივში საწვავის საცავსა და თავდაცვის ქარხანაზე დასარტყმელად, ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა. კონაშენკოვმა თქვა, რომ მორიგმა დარტყმამ, უკრაინის დედაქალაქ კიევის დასავლეთით, საჰაერო თავდაცვის რაკეტების საცავი გაანადგურა.

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება

ეს საჰაერო თავდასხმები უკრაინის დასავლეთით, რუსეთმა პოლონეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის დასასრულს განახორციელა. პოლონეთში ჯო ბაიდენმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ის ასევე ეწვია უკრაინელ დევნილებს, რომლებმაც თავი პოლონეთს შეაფარეს. ვიზიტის შემაჯამებელ სიტყვაში, ბაიდენმა ვლადიმირ პუტინის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, - „ღვთის გულისთვის, ეს კაცი ვერ დარჩება ხელისუფლებაში“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეს განცხადება, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაგმო და თქვა, რომ „არც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, არც ამრიკელების გადასაწყვეტი არ არის, ვინ დარჩება რუსეთში ხელისუფლებაში“.

ბაიდენის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პუტინის გადაყენების მოწოდებით არ გამოსულა: "პრეზიდენტმა თქვა ის, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს მეზობლებზე ან რეგიონზე, ძალაუფლების გამოყენების საშუალება. ის არ საუბრობდა პუტინის ძალაუფლებაზე რუსეთში ან რეჟიმის შეცვლაზე".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG