ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამ წუთებში ამერიკისა და პოლონეთის პრეზიდენტები შეხვედრას მართავენ


ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ვარშავაში იმყოფება, სადაც ის პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდას ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტებს შორის ამ წუთებში მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ოფიციალური შეხვედრებიც, მთავარი სასაუბრო საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია. პრეზიდენტების შეხვედრას წინ უსწრებდა საზიმო მიღება.

შეხვედრა იმ დროს იმართება, როცა სადაზვერვო ინფორმაციით, რუსულმა ჯარმა ტაქტიკა შეცვალა და სამხედრო შეტევები კიევიდან ქვეყნის აღმოსავლეთ ქალაქებზე გადაიტანა. ბრძოლა გრძელდება ქალაქ მარიუპოლისთვის, რომელიც სამ კვირაზე მეტია, რუსული ჯარის ალყაშია მოქცეული

მანამდე პრეზიდენტი ბაიდენი შეუერთდა შეხვედრას სადაც ამერიკისა და უკრაინის ოფიციალური პირები ერთმანეთს ხვდებოდნენ. შეხვედრას ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლების შემდეგ, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კი თავს პოლონეთს აფარებს. 2 მილიონზე მეტი უკრაინელი პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში იმყოფება. დღეს ვარშავაში მყოფი ამერიკის პრეზიდენტი, ქალაქის მერთან, რაფალ ტრაზასკოვსკისთან, ერთად უკრაინელ დევნილებს მოინახულებს და ისაუბრებს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.

პოლონეთში ყოფნის დროს, ამერიკის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ვარშავაში და ამ დროისთვის არსებულ ვითარებას შეაჯამებს, ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ავრცელებს.

„თქვენ ხართ დემოკრატიებსა და ოლიგარქებს შორის ბრძოლის შუაგულში,“_ თქვა პოლონეთის ქალაქ ჟსოვში ყოფნის დროს ამერიკის პრეზიდენტმა, სადაც გუშინ ის ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. ამერიკა მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG