ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Anonymous რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა გამოქვეყნებას იწყებს


ჰაკერების ჯგუფი Anonymous-ის წევრები

ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ შეაღწია რუსეთის ცენტრალური ბანკის კომპიუტერულ სისტემაში, 28 გიგაბაიტის მოცულობის მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტების ბმულები Anonymous-ის "ტვიტერის" ანგარიშზეა მითითებული.

ჰაკერები აცხადებენ, რომ დოკუმენტები ინტერნეტის სხვადასხვა წერტილში დაგზავნეს და თუკი მათ ცენზურას დაუქვემდებარებენ, ჰაკერები ახალ ბმულებს გამოაქვეყნებენ.

ინტერნეტში გამოჩნდა ასობით სააუდიტო დასკვნა და მონაცემები ბანკების მფლობელების შესახებ. თავად ჰაკერები აცხადებენ, რომ წვდომა მოიპოვეს ცენტრალური ბანკის „საიდუმლო შეთანხმებებზეც“.

Anonymous-მა ასევე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი.

„პუტინო, შენი არც ერთი საიდუმლო არ არის დაცული. ჩვენ ყველგან ვართ, ჩვენ ვართ შენს სასახლეში, ჩვენ ვართ იქ, სადაც ჭამ, ჩვენ შენს მაგიდას ვუსხედვართ, ჩვენ შენს საძინებელში ვართ. ვაქვეყნებთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ასობით დოკუმენტს: შეთანხმებებს, წერილებს, ტრანზაქციებს, შენი ოლიგარქების სავაჭრო საიდუმლოებს, ეკონომიკურ ანგარიშებს, რომლებსაც საზოგადოებას უმალავენ“, ნათქვამია ვიდეოში.

ჰაკერების ჯგუფმა 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეს, გამოაცხადა, რომ კიბერთავდასხმებს განახორციელებს რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებებისა და მედიის საიტებზე. იერიშები განხორციელდა კრემლის, სახელმწიფო დუმის, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა დაწესებულებათა საიტებზე.

XS
SM
MD
LG