ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრის დეტალები


რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლვივში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, თავდასხმა უკრაინულ ქალაქზე მაშინ მოხდა, როცა ამერიკის პრეზიდენტი ვარშავაში უკრაინელ დევნილებს ხვდება. ქალაქი ლვივი პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

რუსული ინტერვენციის ფონზე, ამერიკის პრეზიდენტი პოლონეთში შეხვედრებს მართავს. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის.

პრეზიდენტმა ბაიდენმა შეხვედრის მიმდინარეობისას პოლონეთს მადლობა გადაუხადა ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლონეთი იღებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც ჩემი აზრით, მხოლოდ პოლონეთის არ უნდა იყოს, ის მთლიანად ნატოს პასუხისმგებლობა უნდა იყს“, - თქვა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა პოლონეთს მადლობა გადაუხადა უკრაინელი დევნილების მიღებისთვის. სულ უკრაინა 4 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. აქედან, 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი თავს პოლონეთს აფარებს.

შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ერთგული რჩება ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს, მეხუთე მუხლის მიმართ. მისი თქმით,ამერიკა დაიცავს ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.

„მე ეს ბევრჯერ ვთქვი და ვიმეორებ, ჩვენ ვიღებთ მეხუთე მუხლს, როგორც წმინდა ვალდებულებას“, - თქვა ბაიდენმა.

ნატოს მეხუთე მუხლი ამბობს, რომ ერთ ქვეყანაზე თადასხმა ყველა ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს. ეს მუხლი ნატოს არსებობის ისტორიაში ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ ამოქმედდა. ეს ამერიკაზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის დროს თქვა, რომ ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოება.

„მე დიდი ხანია უკვე ვამბობ, როგორც სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ვიცე-პრეზიდენტი რვა წლის განმავლობაში, ახლა როგორც პრეზიდენტი, რომ ევროპაში სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენი ინტერესების თვალსაზრისით, არა მარტო ევროპაში არამედ მთელს მსოფლიოში“, - თქვა ჯო ბაიდენმა.

შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობდა და მას ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებიც ესწრებოდნენ.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, შეხვედრის დროს თქვა, რომ პოლონეთი დიდი საფრთხის ქვეშ არის.

„ეს რუსული აგრესია დიდი ტრაგედიაა უკრაინელი ხალხისთვის, რომელსაც

ჩვენც მათთან ერთად განვიცდით. ჩემს თანამემამულეებს, პოლონელებს საფრთხის დიდი განცდა აქვთ, რადგან ვიცით რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი და რუსული არმიის თავდასხმა“, - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ახლა ამერიკის პრეზიდენტი ვარშავაში მყოოფ უკრაინელ დევნილებს ხვდება. მანამდე ჯო ბაიდენი დაესწრო შეხვედრას, სადაც ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს ხვდებოდნენ.

ჯო ბაიდენი იმყოფებოდა პოლონეთში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, სადაც მან ამერიკელი სამხედროები მოინახულა. ვაშინგტონმა პოლონეთში ბოლო თვეების განმავლობაში ათასობით სამხედრო გადაისროლა. ნატომ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის განახლების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია გავრცელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG