ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო სიტუაცია, გარე და შიდა გამოწვევები - ვაშინგტონში საქართველოს საარჩევნო გარემო განიხილეს


31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრს აირჩევენ - 30 მათგანი მაჟორიტარი იქნება, დანარჩენი 120 კი პარტიული სიის მიხედვით დაიკავებს ადგილს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. საარჩევნო ბარიერი, რომელიც პარტიებმა პარლამენტში მოსახვედრად უნდა გადალახონ, 1% იქნება.

ამერიკის და საქართველოს სხვა დასავლელი პარტნიორებისგან, მუდმივად ისმის მოთხოვნა და მოწოდება, რომ ქვეყანაში არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს. თუმცა, არჩევნების დღემდე, არანაკლებ მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო გარემოა.

დასავლეთის ინტერესი არჩევნებისადმი, რომელსაც ხშირად მოიხსენებენ საქართველოს „დემოკრატიის გამოცდად“, დიდია. სწორედ ამიტომ „გერმანიის მარშალის ფონდში“, ვაშინგტონში, გაიმართა დისკუსია იმაზე, თუ რა გამოწვევები არსებობს ქვეყანაში წინასაარჩევნოდ, როგორია პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებით და როგორია რუსეთის როლი საქართველოს არჩევნებში. ამ თემებსა და წინასაარჩევნო გარემოზე, პოლიტიკურ პოლარიზებაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის სამი მთავარი პოლტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“, წევრებმა.

სალომე სამადაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ მთავრობა ოპოზიციას დევნის და მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესიითა და ძალადობით გამოირჩევა. სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ გამოკითხვებში მოწინავე პოზიცია არ უკავია, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს და შესაბამის ქმედებებსაც ვხედავთ. ოპოზიციაზე ზეწოლის მაგალითად კი გიორგი რურუას დაკავება, მოკვლის მუქარა ტვ პირველის დამფუძნებლის მამაზე და კარტოგრაფების საქმე მოჰყავს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ კარტოგრაფების საქმით, მთავრობას მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალი წაყენება და მისი დისკრედიტაცია სურს.

კარტოგრაფების საქმეზე და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა სერგი კაპანაძემაც, „ევროპული საქართველოდან“. მისი თქმით, ახლა საქართველოს მთავრობა ბინძურ წინასაარჩვენო კამპანიას ატარებს, ცდილობს მოისყიდოს ხმები, ძალადობს, აბულინგებს და ოპოზიციის დემონიზებას ცდილობას. ამაში კი სამთავრობო ტელევიზიებიც არიან ჩართული.

ქვეყანაში არსებულ საფრთხეებზე საუბრის დროს, სერგი კაპანაძემ ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში ბანკის გაძარცვისა და მძევლების აყვანის საქმე გაიხსენა, რაც მისი აზრით, ძალიან ცუდ პრეცენდეტს ქმნის და მოსახლეობაში დაუცველობის განცდას აჩენს.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეები იყო. „დოსიე ცენტრმა", აგვისტოში 2 ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზე, უფრო კონკრეტულად კი - პარტია "პატრიოტთა ალიანსსა" და კრემლს შორის არსებულ ფინანსურ კავშირებზეა საუბარი. ამ ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ, 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში, პროკურატურას განცხადებით მიმართა და მათ ამ საქმეების გამოძიება მოსთხოვა.

დოსიე ცენტრი, რუსი ბიზნესმენის და აქტივისტის, მიხეილ ხოდორკოვსკის საგამოძიებო პროექტია, რომელიც პრეზიდენტ პუტინისა და მისი გარემოცვის შესახებ საგამოძიებო მასალებს აგროვებს, მოიპოვებს, შემდეგ მათ იურიდიულად სისხლის სამართლის საქმეებად ახარისხებს და პირველ ეტაპზე რუსულ, შემდეგ კი უკვე მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ქვეყენების საგამოძიებო ორგანოებში შეაქვს.

მართალია, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა "ღვთის, ერისა და ტელემაყურებლის წინაშე" "რუსთავი 2"-ის ეთერში დაიფიცა, რომ მას რუსული ფული არასდროს აუღია, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს „დოსიე ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალა და როგორც ჩანს, როგორც დასავლეთში, ისე საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, „დოსიე ცენტრის" უფრო სჯერათ, ვიდრე ინაშვილის ფიცის.

სერგი კაპანაძე, ევროპული საქართველოდან ამბობს, რომ საქართველოში იზრდება ისეთი ძალების რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან, ან დამოკიდებული არიან რუსულ ფულზე და იმავე გზავნილებს აჟღერებენ, რაც მოსკოვს აქვს. ეს კი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ უფროსი მკვლევარის, ჯონათან კაცის შეკითხვაზე, გადადგა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე ნაბიჯები „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, გიორგი ხელაშვილი, „ქართული ოცნების“ წევრი, ამბობს, რომ საქართველოში გარკვეული რუსული გავლენა არსებობს, მაგრამ არასდროს ისეთი დაბალი რეიტინგები არ ჰქონიათ პრორუსულ პარტიებს, როგორიც ახლა აქვთ.

„მოდით, რიცხვებზე ვისაუბროთ. 2016 წელს, წინა არჩევნების დროს, რუსეთზე ორიენტირებული პარტიების მხარდაჭერა, დაახლოებით 8,5% იყო. ერთი პარტია პარლამენტში მოხვდა - „პატრიოტთა ალიანსი“, ხოლო მეორე პარტიამ ვერ მოაგროვა საკმარისი ხმები, რომ პარლამენტში მომხვდარიყო. ახლა, ყველაზე სანდო გამოკითხვით, იმ გამოკითხვით, რომელიც ჩვენ [ქართულ ოცნებას] სანდოდ მიგვაჩნია, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ასეთ პარტიებს მხარს უჭერს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ასე რომ, როდესაც რუსეთის ჩარევაზე ვსაუბრობთ, რასაც უნდა აკეთებდნენ საქართველოში, ჩანს რომ არაპროდუქტიულია. ისინი კარგავენ იმ მინიმალურ მხარდაჭერასაც, რაც მანამდე ჰქონდათ“, ამბობს ხელაშვილი.

პრორუსულ ძალებზე და რუსეთის ჩარევაზე საუბრის პარალელურად, ყოველთვის ჩნდება კითხვა, არის თუ არა მზად საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და რა სამოქმედო გეგმები აქვთ პროდასავლურ პარტიებს.

გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროდასავლურობა და ევროკავშირში გაერთიანებისკენ სწრაფვა ამას ამტკიცებს, როგორც მათი ხელისუფლების დროს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება, ისე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერა. ასევე - ის დაპირება, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვა, ისინი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანენ.

1 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი “საარჩევნო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს, საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე”.

სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნებამდე გაკეთებული ეს განცხადება, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაა და არავის სჯერა „არც საქართველოში და არც ბრიუსელში“, რომ ეს ამ ეტაპზე შესაძლებელია. სამადაშვილი ამბობს, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადზე თანხმობა მიიღოს, ამისთვის საჭიროა შეასრულოს ის ხელშეკრულებები, რასაც ხელი მოეწერა და ეს უნდა შესრულდეს სწორად. ასევე, უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნება, საქართველოს გაერთიანებაში მისაღებად.

ოპოზიციის ლიდერი არ ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებებს სწორად და სრულად ასრულებს. მისი აზრით, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში რუსული სავაჭრო-ეკონომიკური გავლენები ძლიერდება. გარდა ამისა, ქვეყანაში კორუფციასთან და სასამართლო სისტემასთან დაკაშირებული პრობლემებიც არსებობს, რაც ევროკავშირთან დაახლოების პროცესს აფერხებს. თუ საქართველო არ იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, განცხადს შეიტანს კანდიდატობაზე და მასზე უარს ეტყვიან, ეს იქნება „ნამდვილი ტრაგედია“, ამბობს სამადაშვილი.

კიდევ ერთი თემა, რომელიც შეხვედრის დროს განიხილეს, კორონავირუსი იყო. 23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 26 თებერვლის შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის სულ 24 562 შემთხვევის შესახებაა ცნობილი. გამოჯანმრთელდა 9751, ხოლო 183 გარდაიცვალა.

ოპიზიცია თვლის, რომ ხელისუფლება ვეღარ უმკლავდება და სწორ მენეჯმენტს არ აკეთებს იმ სიტუაციის, რაც ახლა საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებითაა. მათი თქმით, ის ექიმები და მეცნიერები, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის სახედ იქცნენ, „ქართულმა ოცნებამ“ მათი პარტიის სახეებად აქცია და ამით, ხალხს ნდობა დაუკარგა. თუმცა, ხელაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიდგომა, თავიდანვე მეცნიერებსა და ექიმებზე იყო დაყრდნობილი და ახლაც, ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ კრიზისს გაუმკლავდნენ.

ერთადერთი საკითხი, რაზეც განხილვის დროს მხარეები შეთანხმდნენ, ის იყო, რომ საქართველოს, მისი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკისგან დახმარება სჭირდება და ეს შეიძლება გამოიხატებოდეს, როგორც თავდაცვის სფეროში დახმარებით, ისე დემოკრატიული პროცესების გამართულობაში, ნატოსთან ინტეგრაციის საკითხსა და მეტი ინვესტორის საქართველოში ჩამოსვლის მხრივ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG