ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო წითელი ზონაა - ქვეყანა ანტირეკორდს ამყარებს


კოვიდ19-ის გავრცელების მხრივ, საქართველო მწვანე ზონიდან წითელ ზონაში სულ რამდენიმე კვირაში გადავიდა. ყოველდღიურად მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები რეკორდულია და წინა დღესთან შედარებით რამდენიმე ათეულით მეტია.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური მაჩვენებელი 1 000 ინფიცირებულია, დარგის ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში მაჩვენებლები სამი-ოთხი ათასი იქნება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს თქვა: "გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი". ეკატერინე ტიკარაძემ ამავე განცხადებაში მოსახლეობას მოუწოდა, არ აყვნენ პანიკას, რადგან როგორც ის ამბობს, მთავრობას სამოქმედო გეგმა აქვს.

" ვცდილობთ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა და შესაბამისად, ამან არ გამოიწვიოს მოსახლეობაში ზედმეტი მღელვარება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი მოდელი და ამ მოდელის ერთ-ერთ კონკრეტულ ფაზას ჩვენ მივყვებით და უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ რომელი მოდელის მიხედვით ვითვლით პროგნოზულად, რაც შემდეგ დღეს ნამდვილად მართლდება, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე როგორც პირველად ჯანდაცვის სექტორში, ვხვდებით ინფიცირებულებს მაღალი მზაობით. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში,"- ამბობს მინისტრი ტიკარაძე.

ის, რომ ქვეყანა წითელ ზონაშია, ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

"ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით საქართველოს 1500 ინფიცირებული ჰყავდა, ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, 100 ათასს მოსახლეზე არის 26 ანუ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით. კუმულატიური მაჩვენებლის მიხედვით, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში,"- ამბობს გამყრელიძე.

ამავე სამსახურის თანამშრომელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ ტესტირების რაოდენობა მომდევნო დღეებში გაიზრდება.

"მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ხაზს ვუსვამ, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, ანუ ცხვირიდან უნდა იქნას ნაცხი აღებული და სწრაფი ტესტით კეთდება. მსოფლიოში ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, ასევე ამერიკის FDI-ის მიერ აღიარებული. მათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისათვის PCR-ის გამოყენება.

ხაზს ვუსვამ, ანტიგენტზე დამყარებული სრაფი ტესტია, ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი და ესეც სამედიცინო დაწესებულებებში კეთდება, ამას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში,"- ამბობს იმნაძე.

იმნაძე ასევე ამბობს, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში საქართველოში დღიურად კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 000 - 4 000 შეადგინოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ი სამედიცინო სფეროს 131 წარმომადგენელს დაუდასტურდა.

„ბოლო 24 საათში ინფიცირებული 1 759 შემთხვევიდან 131 გვყავს სამედიცინო პერსონალი. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. ამ 131-დან ბევრზე ვირუსი ოჯახური კონტაქტებიდან გავრცელდა, იმიტომ რომ ჩვენც, ექიმებს გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ეს პროფესიული დაინფიცირება არ არის მარტო,"- ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში კოვიდ19-ის 24 562 შემთხვევა ფიქსირდება, გამოჯანმრთელებულია 9 751 და გარდაცვლილია 183. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დრომდე რჩება 3155, კოვიდ სასტუმროში მყოფ პირთა რაოდენობა 1 848-ს შეადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG