ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ხელმძღვანელი კორონავირუსთან ბრძოლაში, ქვეყნებს მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდებს


გაერთაინებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, თქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ მსოფლიოს 20, ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ქვეყანა მარტში არ გაერთიანდა ახალ კორონავირუსთან კოორდინირებულად საბრძოლველად. ამ ინიციატივით, გუტერეში პანდემიის დაწყებიდან მალევე გამოვიდა.

სააგენტო "ასოშეთიდ პრესთან" ინტერვიუს დროს, გუტერეშმა თქვა, რომ როდესაც დიდი ოცეულის ქვეყნები დეკემბერში, სამიტზე შეიკრიბებიან, გააცნობიერებენ, რომ "უფრო კოორდინირებულები უნდა იყვნენ ვირუსთან ბრძოლაში".

გაეროს ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაცია განაგრძობს იმის ადვოკატირებას, რომ ქვეყნებმა ერთმანეთთან უფრო შეთანხმებულად იმუშაონ და ერთობლივი ძალებით შეუტიონ ვირუსს. ის ასევე ამბობს, რომ გაერო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინა, რომელსაც ნებისმიერი ქვეყანა მიიღებს, აღქმული და მიღებული იყოს, როგორც "საზოგადო სიკეთე" და "ხელმისაწვდომი და მისაღები იყოს ყველასთვის, ყველგან".

ვაქცინის შექმნისთვის რბოლაში რამდენიმე ქვეყანაა ჩართული. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, რომ შექმნან ვაქცინა, რომელიც მოსახლეობას ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან დაიცავს. დღეისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სარს-კოვ-2 ვირუსით გამოწვეული დაავადებით კოვიდ-19, 1,1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 მილიონზე მეტი დაავადდა, მსოფლიოს მასშტაბით.

იზრდება იმ ქვეყნების რიცხვიც, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ჩამონათვალს შეურთდა საფრანგეთი და ესპანეთი.

მონაცემების ზრდასთან ერთად, ქვეყნები წესებს კვლავ ამკაცრებენ. საფრანგეთში, მოსახლეობის 65%-ს გარეთ გასვლა გარკვეული პირობებით შეეზღუდა.

ინფიცირების მონაცემები იზრდება ბელგიაშიც. კორონავირუსის გამო, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ახლა, ევროპა ვირუსის მეორე ტალღას ებრძვის.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამერიკა, კვლავ პირველ ადგილზეა ინფიცირებულთა რიცხვით. ქვეყანაში ინფიცირებულია 8,4 მილიონზე მეტი ადამიანი. მეორე ადგილზე, 7,76 მილიონი ინფიცირებულით, არის ინდოეთი, ხოლო მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს - 5,32 მილიონი დაავადებულით.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG