ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექიმი ფაუჩი ამბობს, რომ თეთრ სახლში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო


მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპის, კორონავირუსი დაუდგინდათ, აქტიურად დაიწყო მათი გარემოცვის შემოწმება და ტესტირება. კოვიდ 19 დაუდასტურდა რამდენიმე მაღალი რანგის მქონე რესპუბლიკელს, ასევე თეთრი სახლის პრეს-სპიკერს და თეთრი სახლის თანამშრომლებს.

ამაზე კომენტარი ექიმმა ენტონი ფაუჩიმაც გააკეთა. მისი აზრით, თეთრ სახლში, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ფაუჩისა და პრეზიდენტის ხედვები და მიდგომები კორონავირუსთან დაკავშირებით, ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს.

"ნახეთ რა მოხდა ამ კვირაში თეთრ სახლში", თქვა ფაუჩიმ. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ეტყოდა ის იმ ადამიანებს, ვისაც პანდემიის არ სჯერა, ფაუჩიმ, მაგალითად, სწორედ თეთრ სახლში მიმდინარე მოვლენები მოიყვანა.

"ეს რეალობაა, ყოველ დღე, სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება. ეს ტყუილი არაა. ძალიან უიღბლო სიტუაციაა ახლა, როდესაც უყურებ იმას, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა", თქვა ფაუჩიმ.

ექიმი ფაუჩი, პანდემიის პირველივე დღეებიდან მოუწოდებდა მოსახლეობას ეტარებინათ პირბადეები და ასე თავიდან აეცილებინათ ვირუსის გავრცელება. პრეზიდენტი კი ხშირად არ ატარებდა პირბადეს და პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, არც არასდროს გამოჩენილა საზოგადოებაში პირბადით. მხოლოდ მწვავე კრიტიკისა და მუდმივი მოწოდებების შემდეგ, დაიწყო დონალდ ტრამპმა ნიღბის ტარება.

ტრამპის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პარასკევ დილას გავრცელდა. რამდენიმე საათში პრეზიდენტი უოლტერ რიდის სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ორშაბათამდე დარჩა, შემდეგ კი თეთრ სახლში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი თეთრ სახლშია და როგორც თავად ამბობს, მუშაობას აგრძელებს, მისი ტესტის პასუხი კორონავირუსზე ჯერ ისევ არაა ნეგატიური.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG