ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო: ჯოგურ იმუნიტეტზე საუბარი მეცნიერულადაც და ეთიკურადაც მიუღებელია


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, შეწყვიტონ ე.წ. "ჯოგურ იმუნიტეტზე" საუბარი, რადგან ეს მისი თქმით, არაეთიკურია.

ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ტედროს გებრეისუსმა თქვა, რომ ჯანდაცვის სპეციალისტები იმუნიტიტეტის საკითხზე მხოლოდ ვაქცინის კონტექსტში უნდა საუბრობდნენ და არა იმ მხრივ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.

ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი მაშინ გამომუშავდება, როდესაც მოსახლეობის კონკრეტული რაოდენობა ვირუსისგან დაცული იქნება, რადგან მათ უკვე ექნებათ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.

"არასდროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში "ჯოგური იმუნიტეტი" პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიად არ ყოფილა გამოყენებული. ეს მეცნიერულად და ეთიკურად პრობლემური საკითხია", - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, ვირუსით მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10 % დაინფიცირდა. უცნობია, ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად ინფიცირების რა მასშტაბია საჭირო.

გებრეისუსი ამბობს, რომ მაგალითად წითელას შემთხვევაში, ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად მოსახლეობის 95%-ის აცრაა საჭირო, პოლიომიელიტის შემთხვევაში კი - 80 %-ის.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი მყარ ზედაპირზე შეიძლება 28 დღემდეც კი დარჩეს.

ევროპის არაერთ სახელმწიფოში ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება.

ბრიტანეთში, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას კორონავირუსზე რეაგირების ახალი სისტემა წარმოადგინა, რომელიც ეროვნული მასშტაბით ბიზნესების დაკეტვის ნაცვლად ლოკალური ზონების სხვადასხვა კატეგორიის რისკის ზონებად შეფასებას ისახავს მიზნად. ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულთა სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. აქ ვირუსმა 43 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ვატიკაშნში ვირუსი რომის პაპის ოთხ მცველს დაუდასტურდა, ისინი იზოლირებულნი არიან, ოფიციალური პირები კი მათ კონტაქტებს იკვლევენ. რომის პაპი გასულ კვირას ნიღბის გარეშე გამოჩენის გამო გააკრიტიკეს.

ესპანეთში ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა შეზღუდვები საავტომობილო მსვლელობით გააპროტესტეს. ​საფრანგეთი კი არ გამორიცხავს, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს.

მსოფლიოში კორონავირუსით 38 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG