ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე - კანონი და ფულის კვალი


რუსეთმა, ჩინეთმა და სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში, 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს 33 ქვეყანაში იმისთვის, რომ დემოკრატიულ პროცესებში 100-ზე მეტჯერ ჩარეულიყვნენ - ამბობენ „გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ „ფარული მავნე ფინანსური ოპერაციების“ შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნეს.

კვლევის თანახმად, კრემლი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები ამა თუ იმ სახელმწიფოს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას ხშირად კარგად ნაცადი ტაქტიკებით, ზოგჯერ კი - ინოვაციური მეთოდებით ცდილობენ. ბევრ შემთხვევაში კი, როგორც ირკვევა, მათი ქმედებები სრულად ჯდება ოფიციალურ, სამართლებრივ ჩარჩოებში, რადგან ისინი ამა თუ იმ ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში არსებულ შავ ხვრელებს იყენებენ. თუმცა, კარგი კანონმდებლობის შემთხვევაში, ამგვარი ქმედებების გამოვლენას ყველაზე მეტად პოლიტიკური ნება სჭირდება.

„რუსეთი ეუბნება „პატრიოტთა ალიანსს“, რა გზავნილები გაავრცელოს, რა ღონისძიებები დაეხმარება მას მტრობის გაღვივებაში, ოპონენტებს შორის დაპირისპირების გაზრდაში. ხელისუფლებამ ამის შესახებ რამე უნდა გააკეთოს. თუმცა თბილისი ალბათ, ამას არ გააკეთებს. ასე რომ საბოლოოდ ამომრჩევლები იქნებიან ისინი, ვინც უნდა აჩვენონ პოლიტიკოსებს, თუ ვისთვის მუშაობენ ისინი.
ჯოშ რუდოლფი

საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმა „დოსიემ“, რომლის მიზანიც კრემლის კრიმინალური ჯგუფების მხილებაა, აგვისტოს ბოლოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლებშიც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. „დოსიეს“ მტკიცებით, ამ დოკუმენტებით კრემლთან დაახლოებული ჯგუფებისა და ორგანიზაციების ის ქსელია გამოაშკარავებული, რომელიც „პატრიოტთა ალიანსთან“ ურთიერთობებს კურირებს.

ცენტრი "დოსიე" კრემლის ცნობილი კრიტიკოსის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული, რუსული საგამოძიებო პროექტია.

"დოსიეს" ცნობებით, "ალიანსის" წინასაარჩევნო კამპანიას კოორდინაციას მოსკოვიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწევს. პლატფორმის მტკიცებით, დოკუმენტები მათ სწორედ ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოიპოვეს. ამ ცნობების თანახმად კი, „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რუსეთისგან დაფინანსება მოითხოვა - 8 430 625 აშშ დოლარი. ანგარიშის თანახმად, "ალიანსის“ საარჩევნო კამპანიისთვის ჩერნოვის ოფისმა კრემლთან დაახლოებული საარჩევნო ექსპერტი, სერგეი მიხეევი დაიქირავა, რომელსაც ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი, ვალერი ჩერნიშოვი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი, ვალერი მაქსიმოვი ხელმძღვანელობენ.

ამავე ცნობებით, რუსმა კონსულტანტებმა „პატრიოტთა ალიანსისგან“ ქართველი ამომრჩევლების მონაცემები მოითხოვეს (მოთხოვნილ მონაცემებში შედის ამომრჩეველთა პირადი მონაცემები, მისამართები და მათ სახლებში არსებული სადარბაზოებისა და სართულების რაოდენობა) და პარტიისგან ამ მონაცემების გადაცემის პირობა მიიღეს.

ირმა ინაშვილმა კი "ღვთის, ერისა და ტელემაყურებლის წინაშე" "რუსთავი 2"-ის ეთერში დაიფიცა, რომ მას და დავით თარხან-მოურავს არასდროს აუღიათ რუსული ფული.

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა პასიხისმგებელ ინსტიტუტსა და უწყებას ამ ანგარიშებისადმი მეტი „ყურადღებითა და პასუხისმგებლობით“ მოპყრობისკენ მოუწოდა. მათ შორის საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და აუდიტის სამსახურს, ქვეყნის პარლამენტს. მათი მტკიცებით, ეს გამოძიება არათუ არჩევნებამდე აქტიურად უნდა დაწყებულიყო, არამედ პრიორიტეტულად განხილულიყო და არჩევნებამდე შედეგების გასაჯაროება და შესაბამისი სანქციების დაკისრებაც უნდა მომხდარიყო. ამომრჩეველს კი ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მიეცეს.

რუსული ფულის გავლენა - ინტერვიუ ჯოშ რუდოლფთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:10:45 0:00

რაც შეეხება საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების სამსახურების პასუხს, მათი ოფიციალური რეაგირება "ევროპული საქართველოს" დეპუტატის ელენე ხოშტარიას წერილზე გაცემული პასუხი იყო, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა პარტიის რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიების თაობაზე, პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა - როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ-სამართლებრივ საქმეებზე პასუხისმგებელ ორგანოს.

"დოსიეს“ გამოქვეყნებული ანგარიშების გამოძიების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა და მისი მხოლოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა არ არის საკმარისი, რადგან კვლევაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შესაძლოა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები იკვეთებოდეს. შესაბამისად, მივმართავთ ყველა პასუხისმგებელ ინსტიტუტსა და უწყებას, რომ „დოსიეს“ გამოქვეყნებულ ანგარიშებს მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ", - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

„გაჰყევით ფულის კვალს“ - გვეუბნება "გერმანიის მარშალის ფონდის" მკვლევარი ჯოშ რუდოლფი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ, საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით გვიხსნის თუ როგორ ახდენს რუსეთი ამერიკასა და ევროპის სახელმწიფოებზე ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკაზე მავნე გავლენას. რუდელფი ამერიკის სამთავრობო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დროს რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა ფინანსებისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, იყო "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" დირექტორის მრჩეველიც. უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წევრობისას კი ობამას ადმინისტრაციაში რუსეთისთვის დასავლეთის მიერ სანქციების კოორდინირების საქმეს ხელმძღვანელობდა.

ჯოშ რუდოლფი ამბობს, რომ ეს „სანდო და ნამდვილი ფაქტებია“, რომ საუბარი რუსეთის დაზვერვის სამსახურებს და მასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო ფირმას ეხება, რომელმაც ქართული პარტიის წინასაარჩევნო კამპანია უნდა წარმართოს:

სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, რუსეთს არ ეყო ის, რომ მისი ოკუპირება მოახდინა, ამ რეგიონს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვისაც კი იყენებს. არსებობს ფარული საბანკო სისტემა სამხრეთ ოსეთის გავლით.
ჯოშ რუდოლფი

„რუსეთი ეუბნება „პატრიოტთა ალიანსს“, რა გზავნილები გაავრცელოს, რა ღონისძიებები დაეხმარება მას მტრობის გაღვივებაში, ოპონენტებს შორის დაპირისპირების გაზრდაში. საუბარია ქართულ ტელევიზიებში მოსკოვში შექმნილი რეკლამების გაშვებაზეც კი. ეს სანდო, ნამდვილი შემთხვევაა. ხელისუფლებამ ამის შესახებ რამე უნდა გააკეთოს. თუმცა თბილისი ალბათ, ამას არ გააკეთებს, რადგან სხვა ქვეყნების მსგავსი შემთხვევების დროსაც, ასე ხდება. კორუფცია ღრმადაა ფესვგამდგარი, ასე რომ საბოლოოდ ამომრჩევლები იქნებიან ისინი, ვინც უნდა აჩვენონ პოლიტიკოსებს, თუ ვისთვის მუშაობენ ისინი“, - ამბობს რუდოლფი.

მკვლევარი ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნებში ავტორიტარების ფინანსურ გავლენებს იკვლევდა და სხვადასხვა შემთხვევებში აფასებდა, როგორ გახდა ეს შესაძლებელი: კრემლის კანონგარეშე მეთოდებით თუ იმ სამართლებრივი ხვრელებით, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებს ჰქონდათ.

„თუკი „პატრიპტთა ალიანსის“ საქმეს იმ კონტექსტში განვიხილავთ, სამართლებრივმა ხვრელებმა მისცა კრემლს ამის საშუალება თუ ეს არალეგალური საქმიანობაა, უნდა ითქვას, რომ დიახ, საქართველოს კანონმდებლობა კამპანიის დაფინანსების ამა თუ იმ საკითხის მიმართულებით გასაუმჯობესებელია, მაგრამ რეალური პრობლემა ისაა, რომ ამ დროისთვის არსებული კანონებიც კი მხოლოდ ფურცელზეა და არ არის მკაცრად აღსრულებული“, - მიიიჩნევს მკვლევარი და ამბობს, რომ კრემლის „ფინანსური გავლენის ოპერაციები“ და მათი ტაქტიკები ერთგვარად განსხვავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში თუ ამერიკაში. აღმოსავლეთ ევროპაში ხშირად სწორედ არალეგალური გზებით უფრო ხდება ფინანსური ბერკეტების გამოყენება, ვიდრე - ლეგალური „ხვრელებით“.

„ამ შემთხვევაში [საქართველოს] კი ალბათ უფრო მეტად ნების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. ნების და იმ შესაძლებლობებისა და ძალის ნაკლებობასთან, რომლითაც ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს. 8 მილიონმა დოლარმა ასეთ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს“, - განმარტავს „ამერიკის ხმასთან“ ჯოშ რუდოლფი.

სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების 90 % რუსეთიდან მოდის, აფხაზეთში კი შემოსავლების  - ორი მესამედი. ცხადია, ეს უდიდესი ბერკეტია და კრემლიც სწორედ ასე უდგება ამ საკითხს. ვლადიმირ პუტინი, როგორც “სუკ“-ის ყოფილი ოფიცერი, ფინანსურ სისუსტეს და დამოკიდებულებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს,
- ჯოშ რუდოლფი

უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთი მრჩეველი ამბობს, რომ დღეს მსგავსი პრობლემები ამერიკაშიცაა. „იუსტიციის დეპარტამენტის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მათი საქმე პრეზიდენტის სისხლის სამართლისა თუ პოლიტიკური შედეგებისგან დაცვაა. ასე რომ ორივე ამ ქვეყანაში, 3 დღით დაშორებულ არჩევნებში, ჩვენზე, ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ავიტანთ საგარეო ჩარევასა და კორუფციას, პოლიტიკოსების წინააღმდეგ არსებულ [სხვების] ბერკეტებს, თუ - არა.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალური ძალა არის არა სხვა ქვეყნების დედაქალაქებში, მათ ოფისებში თუ სამხედრო დანაყოფებში, არამედ, მაგალითად მინსკის ქუჩებში და საარჩევნო ურნებთან საქართველოსა და ამერიკაში“, - ამბობს მკვლევარი.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ კვლევაში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და იმაზე, თუ როგორ იყენებს კრემლი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერებს უკანონო ფინანსური ტრანზაქციებისთვის, რომელთა საბოლოო მიზანიც ამა თუ იმ ქვეყნის დესტაბილიზაციაა. თავად ოკუპირებული ტერიტორიების ბიუჯეტი და ფინანსები კი პრაქტიკულად არსებითადაა დამოკიდებული რუსეთზე.

„ცხადია, ძნელია [ადგილობრივი] თანამდებობის პირებისთვის დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების 90 % რუსეთიდან მოდის, აფხაზეთში კი შემოსავლების - ორი მესამედი. ცხადია, ეს უდიდესი ბერკეტია და კრემლიც სწორედ ასე უდგება ამ საკითხს. ვლადიმირ პუტინი, როგორც “სუკ“-ის ყოფილი ოფიცერი, ფინანსურ სისუსტეს და დამოკიდებულებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და საკუთარი სარგებლისთვის იყენებს“, - ამბობს რუდოლფი და დასძენს, რომ ამ ფინანსური არხების გარდა, არის ვაჭრობის თემაც და ისიც, რომ მათი ეკონომიკა დამოკიდებული უნდა იყოს რუსეთის თუ რუსი ოლიგარქების მიერ მართულ ფინანსურ ორგანიზაციებზე.

„სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, რუსეთს არ ეყო ის, რომ მისი ოკუპირება მოახდინა, ამ რეგიონს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვისაც კი იყენებს. არსებობს ფარული საბანკო სისტემა სამხრეთ ოსეთის გავლით. მოსკოვს არ შეუძლია პირდაპირ გადარიცხოს თანხები ოფიციალურად არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში, ეს მინსკის შეთანხმების პირობებს დაარღვევდა. სამაგიეროდ, მან აღიარა სამხრეთ ოსეთი, ფინანსური და უშიშროების კუთხით არსებული საკუთარი ბერკეტების გამოყენებით, აღიარებინა მათ აღმოსავლეთ უკრაინის ე.წ. რესპუბლიკები და შექმნა ფინანსური არხი იმისთვის, რომ მოსკოვიდან სამხრეთ ოსეთში გადარიცხული თანხები შემდეგ დონბასში გადაირიცხოს. ასობით ფიქტიური კომპანია და საბანკო გადარიცხვაა ამაში ჩართული, რუსეთი ამ საკუთარ, „პატარა შვეიცარიას“ იყენებს იმისთვის, რომ მოახდინოს არა მხოლოდ უკრაინის დესტაბილიზაცია, არამედ ისეთი რეგიონებისაც, როგორიც დნესტრისპირეთია ან თუნდაც ყირიმის ნახევარკუნძული თუ საერთოდაც სირია“, - ხსნის ექსპერტი.

მისი შეფასებით, დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებაც და სხვა ფინანსური ბერკეტები ერთი მთლიანი, დახვეწილი სქემის ნაწილია იმისთვის, რომ რეგიონში სტაბილურობას საფრთხე შეექმნას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG